მძღოლების აქცია სოციალურ ქსელში გაკეთებული ჩანაწერის გამო

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათისა და მასზე მიწერილი კომენტარის გამო, კომპანია „ინტერტრანსის“ მძღოლებმა 29 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში მარშრუტებზე არ გავიდნენ.

„ჩვენ მოვითხოვთ, ჩანაწერის ავტორმა, ვიღაც გივი შანიძემ, ბოდიში მოიხადოს. თუ არ მოვა, ორშაბათიდან უფრო სერიოზულ აქციას გავმართავთ და არ გადავიყვანთ არავის“, განაცხადეს მძღოლებმა.

მათივე თქმით, პროტესტს იწვევს სოციალურ ქსელში მათ წინააღმდეგ სხვათა შეურაცხმყოფელი ჩანაწერები თუ კომენტარები.

გივი შანიძემ, რუსთაველმა აქტივისტმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ინტერტრანსის“ მომსახურების ხარისხს, 28 ნოემბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გააზიარა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, თუ როგორ იწვის „ინტერტრანსის“ მიკრპოავტობუსი. ფოტოს თან ახლავს შანიძის კომენტარი.


მისი თქმით, პიროვნულად არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა, ამიტომ არც ბოდიშის მოხდას აპირებს.

„ყველამ კარგად იცის ჩემი და ბევრი რუსთაველის დამოკიდებულება „ინტერტრანსის“ მიმართ, მაგრამ პიროვნულ შეურაცხყოფას არავის ვაყენებ“, უთხრა რადიო თავისუფლებას გივი შანიძემ.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით მარშრუტს კომპანია "ინტერტრანსი" ემსახურება, რომელსაც ხაზზე ყოველდღიურად, დაახლოებით, 200 მიკროავტობუსი გამოჰყავს.

კომპანიის წინააღმდეგ ხშირად სოციალურ ქსელში ჩანაწერებს აქვეყნებენ, აღნიშნავენ რა "ინტერტრანსის" მომსახურების ცუდ ხარისხს, მათ შორის დიდ ინტერვალებს, რის გამოც მგზავრებს დიდხანს ლოდინი უწევთ.

დღესვე რუსთავის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომ „ინტერტრანსს“ მხოლოდ 3 თვით გაუგრძელოს ხელშეკრულება და არა ერთი წლით, როგორც აკეთებდნენ ადრე, ყოველი წლის ბოლოს.
საკრებულოს წევრთა პოზიციით, 3 თვის ვადაში კომპანიამ ხარვეზები უნდა აღმოფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა.