მცირედი პროგრესის შემდეგ ევროკავშირს ისევ გაუჭირდა კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედების კოორდინაცია

ჩანდა, თითქოს ევროკავშირი იბრუნებდა ინიციატივას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და სწორ ნაბიჯებს დგამდა. თუმცა, ამ კვირას, ორგანიზაციამ კვლავ რამდენიმე მარცხი განიცადა - გადადგა მაღალჩინოსანი, ჩავარდა სტრატეგიის პრეზენტაცია და უსასრულოდ გაგრძელდა შეხვედრა, სადაც, წესით ევროპის გადამწყვეტი პასუხი უნდა შემუშავებულიყო.

ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებში ერთგვარ ეროვნულ სპორტად გადაიქცა ყველაფერში ბრიუსელის დადანაშაულება, რაც ხშირად უსამართლოა, თუმცა ამჯერად ბლოკის აუჩქარებელი და არეული პასუხი კონტინენტზე ვირუსის გავრცელებაზე მართლაც უსუსური აღმოჩნდა. ზოგისთვის ამან კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ, როდესაც დიდი კრიზისი იწყება, სწორედ კონკრეტული სახელმწიფოები, და არა ინტერნაციონალური ინსტიტუტები კისრულობენ მოქალაქეების დაცვას.

ყველაფერი ევროკავშირის ინსტიტუტების ბრალი არ არის. ბრიუსელს ჯანდაცვის საკითხებზე ბევრი არაფერი ეთქმის - წევრი სახელმწიფოები ამ სფეროს სათავისოდ იტოვებენ, როგორც გადასახადებსა და თავდაცვას. თუმცა, ბევრისთვის ყურადსაღები იქნება ევროპის მარცხი სწრაფი ტესტების სფეროში და სამედიცინო მარაგების დაგროვებაში. არადა, ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების დაწყებიდან ორი თვე გავიდა. ინდივიდუალურ ქვეყნებს, როგორც ჩანს, დროზე უნდა დაეწყოთ მოქმედება და ბრიუსელსაც უნდა ეკისრა კონტროლისა და კოორდინაციის როლი. როგორც აღმოჩდა, არც ევროკავშირს და არც ევროპის ქვეყნების უმეტესობას არც უფიქრია სამედიცინო და ტესტირების მარაგებზე.

მომავალში, ისტორიის წიგნებში ალბათ იმასაც აღნიშნავენ, რომ ევროპა გულგრილად ადევნებდა თვალს თავის მილიონობით მოქალაქეს, რომლებიც თებერვლის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე ალპებში, სათხილამუროდ მიდიოდნენ. ეს მაშინ, როდესაც კორონავირუსით დაავადებების შემთხვევები უფრო და უფრო მატულობდა.

კიდევ უფრო სკანდალური ამბავი კი ის იყო, რომ იტალიას არავინ დაეხმარა, როდესაც მან, ევროკავშირის მექანიზმების თანახმად სამედიცინო ნიღბები და სხვა დამცავი აღჭურვილობა მოითხოვა. ამ დროს საფრანგეთმაც და გერმანიამაც განაცხადეს, რომ სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებას გააკონტროლებდნენ და სხვა წევრ სახელმწიფოებში მათ ექსპორტს აკრძალავდნენ. ამას მოყვა კონტინენტზე საზღვრების არათანაბარი ჩაკეტვა და აკრძალვა მოგზაურობაზე. ბრიუსელმა, ნულოვანი კოორდინაციის პირობებში, კონტროლი დაკარგა შენგენზეც და ერთიან ბაზარზეც.

მარტის შუა რიცხვების კრიტიკული დღეების შემდეგ ევროკავშირმა სცადა სადავეების დაბრუნება. მან წარმატებულად გაუწია კოორდინაცია ევროკავშირის გარე საზღვრების ჩაკეტვას, შეიმუშავა ე.წ. მწვანე ხაზები, რომელიც ევროკავშირის შიდა საზღვრებში აუცილებელი ტვირთის გადაზიდვას აიოლებს, გააუქმა შეზღუდვები ბიუჯეტში და ტენდერები გამოაცხადა სამედიცინო აღჭურვილობაზე. ევროკავშირმა 37 მილიარდი ევრო გამოყო მცირე ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორისთვის. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი განაცხადა, რომ 750 მილიარდ ევროს დახარჯავდა ვალუტის გასამაგრებლად.

თითქოს ყველაფერი დალაგდა. შემდეგ კი, 7 აპრილიდან, ისევ აირია. ჯერ მაურიო ფერერი- ევროპის კვლევის საბჭოს ხელმძღვანელი გადადგა. ეს ორგანო კი ბლოკის სამეცნიერო დაფინანსების მთავარი სააგენტოა. ფერარიმ the Financial Times-ში გრძელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ „დაკარგა სისტემის ნდობა“ და რომ „უკიდურესად იმედგაცრუებული იყო ევროპის პასუხით კორონავირუსის პანდემიაზე“. იმავე საღამოს ევროკომისიას უცერემონიოდ მოუწია სამომავლო ერთიანი მოქმედებების საგზაო რუკის გაუქმება, რადგან რამდენიმე ქვეყანამ გააპროტესტა - ჩვენთან კონსულტაცია არ გაუვლიათო. ახლა ავსტრია, დანია და ჩეხეთი საგანგებო მდგომარეობის ზომებს ნაწილობრივ აუქმებენ, სხვა ქვეყნებიო კი ჯერ იცდიან - რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ნაციონალური მთავრობები მიიღებენ და არა ევროკავშირის ინსტიტუტები.

ამას 7 აპრილის მესამე წარუმატებლობაც დაემატა - ევროჯგუფის შეხვედრა. ევროზონის ფინანსთა მინისტრები მთელი საღამო ვიდეოკონფერენციაში იყვნენ ჩართულნი, რათა პანდემიის შედეგებზე ერთობლივი ეკონომიკური პასუხი შეემუშავებინათ. შუაღამისკენ გამოაცხადეს, რომ მინისტრები შედეგთან ახლოს იყვნენ და დილისთვის პრეს-კონფერენცია დანიშნეს. დილით კი ბრიფინგი გაუქმდა და შეხვედრაც განახლდა. ცხადი გახდა, რომ წევრი ქვეყნები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ვერაფერზე თანხმდებოდნენ. საბოლოოდ, სავარაუდოდ, რაიმე სახის კომპრომისს მიაღწევენ, მაგრამ ბრიუსელი ამჯერადაც ვერ შეძლებს პატიოსანი შუამავლის როლის შესრულებას.

ევროკავშირმა სააღდგომო არდადეგები ძველი ცოდვების განსახილველად და ახალი გამოწვევებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.