საქართველოს პარლამენტი რამდენიმე დღეში დაიწყებს მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას. „მცირე მთავრობის კონცეფცია“, რომლის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა, ითვალისწინებს როგორც სამინისტროების შემცირებას (14-დან 11- მდე), ასევე საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვას 100-120 მილიონი ლარით, თუმცა მამუკა ბახტაძის მცირე მთავრობის კონცეფციის ეფექტიანობისა არ სჯერა საპარლამენტო ოპოზიციას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ „მცირე მთავრობის“ კონცეფციის შესაბამისად მოწყობილი მთავრობა უფრო სწრაფად და ოპერატიულად მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკეთესობისაკენ შეცვლის საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას.მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაზე საუბრისას არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი აწარმოებდა ინტენსიურ მოლაპარაკებებს შესაძლო კანდიდატებთან, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ პროფესიონალებთან.
„თუ რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი მინისტრთა ახალი კაბინეტი, ამას საზოგადოებას გავაცნობთ მას შემდეგ, რაც მთავრობის რესტრუქტურიზაციის საკანონმდებლო ცვლილებებს დავამტკიცებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
თუმცა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეძლებს კვალიფიციური სპეციალისტების დაყოლიებას.
„უცხოეთში მომუშავე რომელი წარმატებული ადამიანი წამოვა ამ მთავრობაში, დროებით მთავრობაში?! ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს მთავრობა დროებითი მთავრობაა, რომელმაც შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო. ამიტომ ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა ასეთი დაბალი კვალიფიკაციისა და ბევრი პოლიტიკური რისკის მქონე მთავრობაში“, უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.
რომან გოცირიძემ გაიხსენა ასევე „ქართული ოცნების“ ყველა წინა მთავრობა, რომლებშიც, მისი თქმით, მინისტრებად დაინიშნენ აბსოლუტურად უცნობი, გამოუცდელი ადამიანები, რომელთა ერთადერთი „დამსახურება“ ბიძინა ივანიშვილთან ნაცნობობა იყო.
„მთავრობაში ვიხილეთ ივანიშვილის პირადი ექიმი, პირადი დაცვის უფროსი, პირადი ბანკირები“, ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დარწმუნებულია, რომ მამუკა ბახტაძის მცირე მთავრობის კონცეფცია ეწინააღმდეგება „მცირე მთავრობის“ იდეას.
„მცირე მთავრობა“ არ არის, უბრალოდ, ადმინისტრაციული ხარჯის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან; „მცირე მთავრობა“ არ ნიშნავს, უბრალოდ, ბიუროკრატიის შემცირებას; „მცირე მთავრობა“ არ ნიშნავს სამინისტროების რაოდენობაზე კამათს და დავას. „მცირე მთავრობა“ ნიშნავს ნაკლებ გადასახადს; „მცირე მთავრობა“ ნიშნავს ნაკლებ რეგულირებას, როდესაც მთავრობა ნაკლებად ერევა ადამიანების ცხოვრებაში, ნაკლებად ერევა ეკონომიკაში და ისევე, როგორც კვირიკაშვილის მთავრობის სტრუქტურულმა რეორგანიზაციამ ვერ დაზოგა ვერაფერი, დამერწმუნეთ, რომ იმ გეგმით, რაც ახლა ზეპირად გვესმის, ბახტაძის მთავრობაც ვერ დაზოგავს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კიდევ ერთი დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“, სერგო რატიანი, მიიჩნევს, რომ მთავრობის სტრუქტურის ცვლილება კონკრეტული ხედვის გარეშე განხორციელდა, რის გამოც ბახტაძის მთავრობა, წინამორბედი მთავრობების მსგავსად, წარუმატებლობისთვისაა განწირული.
Your browser doesn’t support HTML5