მშრალი ზამთარი - წყლის დეფიციტის მიზეზი თელავშიც?

თელავი

“თუ მოვასწარით წყლის აღება გვექნება, თუ არა და მშრალად ვსხედვართ“, - ამბობს თელაველი დიმიტრი ნარეკლიშვილი.

კახეთის რეგიონის მთავარ ქალაქს დეკემბრის შემდეგ წყალი დღეგამოშვებით, მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება. ბაკურიანის და გუდაურის შემთხვევების მსგავსად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მიზეზად უნალექო ზამთარს და წყლის დებეტის შემცირებას ასახელებს.

2014 წლიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კახეთის გუბერნიასთან ერთად წყლის დებეტის გასაზრდელად ოთხ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან ცალკე გამოიყო შვიდ მილიონამდე. წყალმომარაგების კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანია...
მაკა მოსიაშვილი

თელავს წლებია აწუხებს წყლით მომარაგების პრობლემა, რომელიც, როგორც წესი, ზაფხულობით, მოხმარების ზრდის პერიოდში მწვავდება, მაგრამ ამჯერად, დეფიციტი ზამთარში წარმოიქმნა.

თელაველების ნაწილი ამბობს, რომ პრობლემა შეიქმნა ქალაქის იმ უბნებშიც, სადაც წყლის მიწოდება ზაფხულში, გვალვის დროსაც კი არ შეფერხებულა.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულებაა. ამ კომპანიის თელავის სერვისცენტრის მენეჯერის, შალვა ლაჩაშვილის თქმით, მიზეზი მშრალი ზამთარია: „წყლის მარაგი არ არის. ამინდზე ვართ დამოკიდებულები. ნალექი არ მოდის და ყოველდღიურად ცოტა მარაგს ვიღებთ. წინა წელს, ამ დროისთვის მარაგი 600-დან 700 კუბამდე გვქონდა, ახლა კი 240 გვაქვს. როცა დებეტი ნაკლებია, საათობით ხდება წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის“.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ არსებობს ჭაბურღილების რაოდენობის გაზრდის ორწლიანი პროექტიც, რომლის განხორციელება გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს. შეკითხვას, ჭაბურღილების დამატების შემდეგ კვლავ კლიმატურ პირობებზე იქნება თუ არა დამოკიდებული წყლით მომარაგება, შალვა ლაჩაშვილი გვპასუხობს: „რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ იმდენად არა“.

თელაველი სამოქალაქო აქტივისტი მაკა მოსიაშვილი გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე უპასუხისმგებლო ორგანიზაციას უწოდებს. მოსიაშვილის თქმით, თელავში წყლის დებეტის პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა, მის მოსაგვარებლად წლების განმავლობაში მილიონობით ლარი დაიხარჯა:

თელავი

„ცოტა სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ თოვლი და წყალი არ არის და პრობლემა იმიტომ დგასო. წყლის ნაკლებობა სინამდვილეში კი არის, მაგრამ 2014 წლიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კახეთის გუბერნიასთან ერთად წყლის დებეტის გასაზრდელად ოთხ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან ცალკე გამოიყო შვიდ მილიონამდე. წყალმომარაგების კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანია, რომელსაც არც პროფესიონალი კადრები ჰყავს და არც იმაზე ზრუნავს, რომ თუ რომელიმე ოჯახს, ან უბანს წყალი არ აქვს, რამით დაეხმაროს“.

მაკა მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ სანამ დეცენტრალიზაცია არ მოხდება და წყალმომარაგებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა არ იზრუნებს, პრობლემა არ მოგვარდება.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები აუდიტის სამსახურს მოუწოდებენ, შეისწავლოს თელავის წყალმომარაგებისთვის ბოლო წლებში დახარჯული თანხების მიზნობრიობა. ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ თუ თელავის წყლით მომარაგების პრობლემა უახლოეს ხანში არ მოგვარდება, საპროტესტო აქციებს გამართავენ.