მშობლები დაბადების მოწმობებს ვერ იღებენ - სუროგაციის პრაქტიკა კანონის პირისპირ

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელი, მე-2 თვეა, რაც შვილის დაბადების მოწმობას ვერ იღებს. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს და ახლა შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ მათ სუროგაციის პროცესში კანონით განსაზღვრული წესები დაარღვიეს, სუროგაციის ცენტრში კი ამბობენ, რომ კანონის ახლებური ინტერპრეტაცია მშობლებს პრაქტიკულად გადაულახავ პრობლემებს უქმნის.

სუროგაცია საქართველოში კანონით დაშვებულია. სახელმწიფო ვალდებულია ბავშვთან ერთად დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული ყველა პირის ინტერესი - პოტენციური მშობლების, სუროგატი დედისა და დონორის. კანონმდებლობით, პოტენციური მშობლები დაცულები არიან სუროგატი დედის ან დონორის მხრიდან არამართლზომიერი დავისგან, დონორი და სუროგატი დედა კი - მათი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისგან.

მაშ რატომ ექმნებათ პრობლემები მშობლებს?

აი რა მოთხოვნებს გულისხმობს უწყება:

  • იუსტიციის სახლში მშობლებმა უნდა წარადგინონ სუროგაციის გზით განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი;
  • სუროგაციის გზით განაყოფიერებამდე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება სუროგატსა და მშობლებს შორის, თუ სუროგაციის პროცესში ჩართულია დონორიც, მაშინ ხელშეკრულება მასთანაც ფორმდება.

თუ ხელშეკრულება არ არის გაფორმებული კვერცხუჯრედის განაყოფიერებამდე, ანუ ემბრიონის მიღებამდე, მაშინ სახელმწიფო ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლების მონაცემებს აღარ წერს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამბობს, რომ მშობლებმა, რომლებიც ამჟამად შვილების დაბადების მოწმობებს ელოდებიან სუროგაციის პროცედურისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები დაარღვიეს.

მშობლებს ხარვეზის გამოსასწორებლად გარკვეული ვადა აქვთ,თუ ხარვეზი ამ დროში გამოსწორდა, ისინი მაინც ისეთ დაბადების მოწმობას აღებენ, სადაც მშობლების ვინაობა მითითებული არ იქნება. ასეთ შემთხვევაში კი ვერ შეძლებენ შვილის ქვეყნიდან გაყვანას, რადგან როგორც სააგენტო განმარტავს: “სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მათ სახელზე გაცემულ დაბადების მოწმობაში ორივე მშობელია მითითებული”.

რამ შექმნა გამოუვალი სიტუაცია?

სუროგაციის ცენტრ “New Life”-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს მშობლებს.

მისი თქმით, მშობლებს პრობლემები შეექმნათ ისმის გამო, რომ მათ ხელშეკრულებები სუროგატთან ემბრიონების შექმნის შემდეგ გააფორმეს რაც მისი განმარტებით ფინანსური თუ სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული მიდგომაა და პასუხს იუსტიციის მინისტრს სთხოვს.​

“უამრავი უშვილო წყვილი ქმნის ემბრიონებს და აქვთ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა. მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ ისინი გადაწყვეტილებას, რომ სუროგაციას მიმართონ. თეა წულუკიანის მიერ კანონის ახლებური ინტერპრეტაციით, ასეთ წყვილებს მოუწევთ უკვე არსებული ემბრიონების განადგურება და ახლის შექმნა, რათა ნოტარიუსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ვადებში ჩაჯდნენ და ბავშვი დაბადების მოწმობის გარეშე არ დარჩეს”, - ამბობს მარიამ კუკუნაშვილი.

მისი თქმით ინ ვიტრო განაყოფიერება დიდ ფინანსურ ხარჯებსაც უკავშირდება, რის გამოც უკვე შექმნილი ემბრიონების განადგურება და ახლის შექმნა კიდევ უფრო რთული ხდება მშობლებისთვის.

მარიამ კუკუნაშვილი განმარტავს, რომ რამდენიმე ათეული წელია უპრობლემოდ და კანონის ფარგლებში ხდებოდა დაბადების მოწმობების გაცემა ერთი სამუშაო დღის ვადაში.

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელს საკუთარი მაგალითი მოჰყავს იმის საილუსტრაციოდ, თუ რატომ არის ასეთი მიდგომა საზიანო: “მე მყავს სუროგაციის გზით გაჩენილი 3 შვილი და [მაქვს] 6 გაყინული ემბრიონი, რომლიც9 წლის წინ შეიქმნა. [ახლა] გადავწყვიტეთ გაყინული ემბრიონების გამოყენება და მეოთხე შვილის გაჩენა, მაგრამ იუსტიციის მინისტრის ახალი ახირება ამბობს, რომ მე სუროგატ დედასთან 9 წლის წინ უნდა გამეფორმებინა ხელშეკრულება. 9 წლის წინ უნდა მცოდნოდა, რომ მეოთხე შვილი მენდომებოდა. რაკი 9 წლის წინ ემბრიონების შექმნისას ეს ასე არ მოხდა, მაშინ უნდა ავდგე და გავანადგურო ემბრიონები. ეს არა მხოლოდ იურიდიული კუთხითაა ნონსენსი, არამედ სამედიცინო კუთხითაც, რადგან ბევრი მშობელი იყენებს გაყინულ ემბრიონს მეორე, მესამე ან მეოთხე შვილის ყოლისთვის. წლების წინ თუ მათ შეძლეს საკუთარი გენეტიკური მასალით ემბრიონის მიღება, იმიტომ რომ ასაკი უწყობდა ხელს, ახლა ამას ვეღარ შეძლებენ და კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება მოუწევთ,” - უთხრა მარიამ კუკუნაშვილმა რადიო თავისუფლებას.

აშშ-ის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების ვებ გვერდის მიხედვით წყვილები ხშირად ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობენ სუროგაციისა და სხვა რეპროდუქციული პროცედურების ჩატარების მიზნით.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • უკეთესი ხარისხის მედიცინა სხვა ქვეყანაში;
  • ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი პროცედურები;
  • საკუთარ ქვეყანაში სამართლებრივი, რელიგიური თუ სხვა შეზღუდვებისგან თავის არიდება;
  • ინფორმაციის უკეთ დაცულობა და სხვა გარემოებები რაც შეიძლება მშობლებს მეტ კომფორტს უქმნიდეს.

ვინაიდან არ არსებობს საერთაშორისო სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი მიმართავს სუროგაციას მსოფლიოში, რთულია იმის თქმაც მათგან რამდენი მიდის სხვა ქვეყანაში ამ პროცედურით შვილის გასაჩენად. თუმცა აშშ-ის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების ინფორმაციით სუროგაციის მიზნით მოგზაურთა რიცხვი წელიწადში ათი ათასს აღწევს მსოფლიოში. შვილის ყოლის მსურველებს კი არჩევანის სახით საქართველოც აქვთ.