საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი. კანონპროექტს ორშაბათს, 18 მარტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარდგინებით, პარლამენტის ბიურო განიხილავს. თუმცა მანამ, სანამ კანონპროექტი დეპუტატების მსჯელობის საგანი გახდება, რელიგიურმა კონფესიებმა, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, იგი ცალსახად დისკრიმინაციულად შეაფასეს.
კანონპროექტით, მღვდელმსახურება აღარ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი. კანონის შესაბამის, 30-ე მუხლში გაუქმდება ის ნორმა, რომელიც წვევამდელ მღვდელმსახურებს აძლევდა ამ უფლებას. გამონაკლის მდგომარეობაში აღმოჩნდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წარმომადგენლებიც, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ძალით შეინარჩუნებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების უფლებას.
რა გახდა ინიციატივის მიზანი?
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. როგორც მან განუცხადა რადიო „თავისუფლებას“, ბოლო დროს ტენდენციური ხასიათი მიიღო ე.წ. სასულიერო ორგანიზაციების შექმნამ იმისთვის, რომ წვევამდელებმა თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს.
Your browser doesn’t support HTML5
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ გარდა, ირაკლი სესიაშვილი სხვა კონკრეტულ ორგანიზაციას ვერ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ისინი წვევამდელებს არაკეთილსინდისიერად, თანხის სანაცვლოდ აწევრიანებენ ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციებში.
„გირჩმა თავიდან 20 ლარად დაიწყო ასეთი პირების დარეგისტრირება, მერე 50 ლარამდე ავიდა. მეორად განცხადებაზე, ჩემი ინფორმაციით, (რომელიც წვევამდელების განცხადებებს ეყრდნობა), ქუთაისში მაგალითად 100 ლარსაც სთხოვენ. როგორც ბატონი ზურა ჯაფარიძე ამბობს, 15 000-მა წვევამდელმა ისარგებლა ასეთი მოწმობითო და 15 000 წვევამდელის თანხა დათვალეთ, გაამრავლეთ საშუალოდ 50-ზე. გამოდის 750 000 ლარი. როცა ეს საქმე ასეთ მასშტაბურ სახეს იღებს და ასახულია ციფრებზე, რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება,“- გვითხრა ირაკლი სესიაშვილმა.
მისი შეფასებით, ამ გარემოების მიუხედავად, კანონიდან ამოღება რეგულაციისა, რომელიც მღვდელმსახურის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების გაუქმებას გულისხმობს, ძირითადად სხვა პრობლემით იყო ნაკარნახევი. ეს პრობლემა, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებია. მისი თქმით, გასულ წელს 40 პროცენტზე მეტით ჩავარდა გაწვევის გეგმა.
„თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მივიღებთ სურათს, რომ წელს შეიძლება წვევამდელი ვეღარ გავიწვიოთ, ანუ სისტემა ჩამოგვეშალოს. მე წმინდა უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების მიხედვით მივუდექი საკითხს და არა რელიგიური მოტივით. საერთო ჯამში შეიძლება მივიღოთ, რომ იმაზე მეტი მღვდელმსახური გვყავდეს, ვიდრე ჯარისკაცი,“ - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მისი დაკვირვებით, სამხედრო სამსახურში გაწვევის ხელისშემშლელი ნომერი პირველი პრობლემა სწორედ ხელოვნურად შექმნილი რელიგიური ორგანიზაციებია.
„ბიბლიური თავისუფლება“-„გირჩს“ სამხედრო გაწვევის ჩაშლა სურს
პოლიტიკურ მოძრაობა „გირჩში“ ადასტურებენ, რომ არსებობის 2 წლის განმავლობაში, მათმა რელიგიურმა ორგანიზაციამ - „ბიბლიური თავისუფლება“ - 15 000-მდე ადამიანს გადაუვადა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მთლიანად გაუქმების მომხრეა. მისივე განმარტებით, „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობას არც კორუფციასთან აქვს რამე საერთო და არც სოლიდური შემოსავლების მიღებასთან. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, თითოეული ახალწვეულიდან რელიგიურ ორგანიზაციაში რეგისტრაციისთვის საშუალოდ 11 ლარია ჩარიცხული.
ვახტანგ მეგრელიშვილი სკეპტიკურად უყურებს მღვდელმსახურებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაწვევის გადავადების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივასაც: „ხო ხედავთ რეებზე მიდიან. კანონიდან ამოვიღოთ, კონკორდატში ხო წერია, ჩვენს მღვდლებს მაინც არ ვაწყენინებთ. ანუ ნებისმიერ ფასად ცდილობენ,რომ შეინარჩუნონ არსებული სისტემა. მე არ ვიცი რაში სჭირდებათ, მართლა რა ინტერესი აქვთ ასეთი. ერთადერთი ამის მიზეზი მგონია ზუსტადაც საპატრიარქო და არა რაიმე თავდაცვითი საჭიროება.“- ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი და აზუსტებს,რომ „გირჩს“ სწორედაც რომ სამხედრო გაწვევის ჩაშლა სურს.
როგორ არეგულირებს კანონი სასულიერო პირების სამხედრო სამსახურს?
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ვრცელი ჩამონათვალიდან შეეხება იმ პირსაც, რომელიც არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. დღევანდელი კანონმდებლობით, პირებს, რომლებიც რელიგიური აღმსარებლობის ან სინდისის მოტივით ამბობენ უარს სამხედრო სამსახურზე, შეუძლიათ ისარგებლონ კანონით „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ.“ ამ კანონის ძალით, რომელსაც ირაკლი სესიაშვილიც ხშირად ახსენებს, ისინი არასამხედრო სავალდებულო შრომით სამსახურს გადიან.
მართლმადიდებელი სასულიერო პირები გარკვეულწილად პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან მოქმედი კანონმდებლობითაც- სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მეოთხე მუხლი მართლმადიდებელ სასულიერო პირებს სრულად ათავისუფლებს სამხედრო სამსახურიდან მაშინ, როდესაც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ „ კანონი სამხედრო სამსახურის გადავადებაზე საუბრობს.
დისკრიმინაცია რელიგიური კონფესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების მიმართ
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი აბსოლუტურად დისკრიმინაციულია სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ.ეს არის დისკრიმინაციის კლასიკური გამოვლინება,- გვითხრა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.
„მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსმენების იქით ვეღარ წავა ეს კანონპროექტი. საერთოდაც განცდა მაქვს, რომ ეს კანონპროექტი რაღაცის გაუქმებისთვის კი არ არის მომზადებული, ფონის შექმნას ემსახურება იმ პროცესების პარალელურად, როდესაც მაგალითად პარლამენტი ფიქრობს რელიგიის კანონის მიღებას. მე უფრო ეს მგონია. ამიტომ იქნებ დაფიქრებულიყვნენ. აჯობებს სამხედრო სამსახურის რეფორმა გაატარონ, ვიდრე ერთ შეცდომას მეორე შეცდომა დაამატონ,“- გვითხრა რუსუდან გოცირიძემ.
„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე კი აღნიშნავს, რომ ზოგადად მუსლიმებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს რელიგია არ უკრძალავთ, მაგრამ არასწორი იქნებოდა ერთ-ერთი რომელიმე რელიგიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება.
„თუ გვინდა, რომ ჩვენ შევქმნათ სეკულარული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ქვეყანა და ამ ღირებულებებზე უნდა ვიყოთ, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ამ ღირებულებებს შეშვენის.“- უთხრა რადიო თავისუფლებას ტარიელ ნაკაიძემ.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, თამთა მიქელაძე კი შენიშნავს, რომ არანაირი ლეგიტიმური გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს ერთი რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირების გათავისუფლებას სამხედრო სამსახურისგან და ამის კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მითითებით დასაბუთებას. თამთა მიქელაძე ამბობს,რომ ეს ლოგიკა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაამართლებს უთანასწორო მოპყრობას.
„სამწუხაროა რომ სახელმწიფო არ ცდილობს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული უკმაყოფილებისა და კრიტიკის გააზრებას და ამ სისტემის არსებით ტრანსფორმაციას. ნაცვლად ამისა, იგი ცდილობს მისთვის დანახული პრობლემა სხვა სოციალური ჯგუფებისთვის უფლების ჩამორთმევის გზით უზრუნველყოს, რაც რა თქმა უნდა, მდომარეობის გაუარესებაა “- აღნიშნავს თამთა მიქელაძე.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტს ვრცელი წერილით გამოეხმაურა კოალიციაც „თანასწორობისთვის“. კოალიციის შეფასებით, ადამიანის უფლებათა იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზის რომელიმე ჯგუფისთვის უფლების შეზღუდვის სანაცვლოდ მოწესრიგება.