სამხედრო მფრინავი ქალი ფრენის უფლების გარეშე

Your browser doesn’t support HTML5

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერულს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტრო კი კაპიტან ქვლივიძეს კონტრაქტის ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო უჩივის და ყოფილი თანამშრომლისგან ჯარიმის - 28 000 ლარის გადახდას ითხოვს. 28 მარტს საქალაქო სასამართლოში პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. ეკატერინე ამბობს, რომ კარიერის დასაწყისში, იცოდა სამხედრო ავიაციაში ქალის მოხვედრა ადვილი რომ არ იქნებოდა და მოსალოდნელი ბარიერებისთვის მზად იყო, მაგრამ ახლა, როცა არსებული დაბრკოლებები გადალახულად მიაჩნდა, ორმაგად მძიმე და მოულოდნელი აღმოჩნდა მის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციული დამოკიდებულება. "მე, როგორც ქალი სამხედრო მოსამსახურე აბსოლუტურად სრულფასოვანი ქალი სამხედრო მოსამსახურე გახლდით და ის ფრაზა, რომ არსებული მცირე რესურსები ჩემში არ უნდა გახარჯულიყო და ჯობდა მამაკაც სამხედრო მფრინავებში გახარჯულიყო, შეურაცხმყოფელია" - გვითხრა ეკამ, რომელიც თვლის, რომ მის მიმართ შერჩევითი სამართალი ამოქმედდა არა მხოლოდ ფრენებზე დაშვების, არამედ სამსახურის დატოვებისასაც.