თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჩვენება, რომელშიც ის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებსაც ადანაშაულებს, ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა და მთავარ პროკურატურას გადაეცა. დაცვის მხარის მტკიცებით, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რადგან საგამოძიებო პროცესის შემაფერხებელ გარემოებად ხელისუფლება სწორედ მუხთარლის დაკითხვის შესაძლებლობის უქონლობას ასახელებდა. როგორც ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბაქოში დაკავებული ჟურნალისტის მონათხრობი ზუსტად ემთხვევა ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ის თბილისში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მონაწილეობით მოიტაცეს და, შესაბამისად, საზღვარზეც უპრობლემოდ გადაიყვანეს. პარალელურად, ძლიერი საერთაშორისო რეზონანსის ფონზე, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სტრასბურგის სასამართლოში. შესაძლებელია თუ არა დღის წესრიგში დადგეს ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრებისა და მათ შორის იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, პასუხისმგებლობის საკითხი?
აფგან მუხთარლის ჩვენების თანახმად: 2017 წლის 29 მაისს თბილისში, ნიაღვრის ქუჩაზე, ის თითქმის უკვე საცხოვრებელ სახლთან იყო მისული, როდესაც მას თავს დაესხა კრიმინალური პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი ორი პირი; თავდამსხმელებმა ის უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით, მძღოლის დახმარებით, „ოპელის“ მარკის ავტომობილში ჩასვეს და ცემა გზაშიც გააგრძელეს; რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გამოცვლის შემდეგ ბაქოსადმი მკვეთრად კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, ლაგოდეხის საბაჟო-გამტარი პუნქტის გავლით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს გადაეცათ; გამტაცებლები გზაში ქართულად ლაპარაკობდნენ.
აფგან მუხთარლის მონათხრობში ასახული ფაქტები ახალი არ არის საზოგადოებისთვის და ამაზე ჟურნალისტი თავიდანვე ლაპარაკობდა, მაგრამ, როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ მასალების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო პროცესისთვის, რადგან პროცესის შეფერხების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ მუხთარლის დაკითხვის შეუძლებლობას ასახელებდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
ადვოკატის თქმით, აფგან მუხთარლის ჩვენება საქართველოს მთავარ პროკურატურას 4 ივლისს გადაეცა, თუმცა რადიო თავისუფლებას პასუხი არ გასცეს ამ ფაქტთან დაკავშირებულ შეკითხვებს. პრესსამსახურის განმარტება მოკლე და ზოგადი იყო: „მიმდინარეობს გამოძიება“. ადვოკატ ჩოფიკაშვილს არ სჯერა, რომ აფგან მუხთარლის საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული საქართველოში და მისთვის დამნაშავეთა დასჯის იმედები უფრო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამთლოს უკავშირდება. სტრასბურგის სასამართლოში აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია აფგან მუხთარლის საქმის გარშემო და ბაქოსა და თბილისს დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის ვადა 31 ივლისს ეწურებათ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ, საერთაშორისო სარბიელზე განვითარებული პროცესების შედეგად, საქართველოში კონკრეტული თანამდებობის პირების და მათ შორის იმდროინდელი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ექს-პრემიერ კვირიკაშვილის თანაგუნდელებთან ერთად ისიც ჩამოიშორა. თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობამ.
Your browser doesn’t support HTML5
ყველასათვის ცხადია, რომ ძლიერი შიდა თუ საერთაშორისო აღშფოთების ფონი, რაც ავტორიტეტიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებში და საერთაშორისო სტრუქტურათა რეზოლუციებსა თუ განცხადებებში აისახა, უხერხულობას უქმნის როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლებას.
Your browser doesn’t support HTML5
თუმცა, ამის მიუხედავად, უფლებადამცველი, ადვოკატი ლია მუხაშავრია არ მოელის, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს ობიექტურად გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის. ერთადერთი, რისი მიღწევაც მას ამ ეტაპზე შესაძლებლად მიაჩნია, არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პროცესი სწრაფად წარმართოს და მოითხოვოს აფგან მუხთარლის ბაქოს საპატიმროდან გათავისუფლება. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 2018 წლის 12 იანვარს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ის სასჯელს იხდის ბაქოს ციხეში, სადაც, უფლებადამცველების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მუხთარლის ცოლმა და შვილმა საქართველო დატოვეს და გერმანიაში გადასახლდნენ.