„მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ ვიცით, რომ წაგებაზე ვიქნებით“ - რესტორნის მფლობელი თელავიდან

2020 წლის ნოემბრის ბოლოდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები დღეიდან გაიხსნა, თუმცა მათ სტუმრების მიღება მხოლოდ გარე სივრცეში შეუძლიათ და ისიც მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

შაბათსა და კვირას კაფეებმა და რესტორნებმა კვლავ გატანა-მიტანის სერვისი უნდა აამოქმედონ. დღეიდან მომხმარებლისთვის ღია სივრცე გახსნა თელავის ერთ-ერთმა ცნობილმა რესტორანმა, "კაპილონმა". მისი ხელმძღვანელი, ლალი მარგალიტაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "კვების ობიექტის დღეს გახსნა მისთვის წაგებაზე მუშაობას ნიშნავს, რადგან დაწესებული რეგულაციები რომ არ დაარღვიოს, დამატებითი ხარჯები გაუჩნდა". მარგალიტაშვილი იმასაც ამბობს, რომ ხვალიდან სტუმრები შესაძლოა ვერც ღია სივრცეში მიიღოს, რადგან, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი პროგნოზით, 16 თებერვლიდან თელავში ამინდი გაუარესდება, რაც, ლალის თქმით, იმას ნიშნავს, რომ ღია სივრცეში მომხმარებელი, უბრალოდ, არ დაჯდება.

„ეს გახსნა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენთვის ძალიან წამგებიანია, მაგრამ ვიხსნებით მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი რესტორანი არის ერთ-ერთი პრესტიჟული კახეთში და მომხმარებლისგან მოთხოვნაა ვიმუშაოთ... პანდემიის დროს მუშაობა სხვა დონის სისუფთავეს მოითხოვს - ყოველ წუთს საგანგებოდ უნდა დასუფთავდეს მთელი შენობა. ამიტომ უფრო მეტი თანაშრომელია საჭირო, რამაც ხარჯები გაზარდა“.

თელავში მდებარე რესტორან „კაპილონის“ მფლობელი ლალი მარგალიტაშვილი უკმაყოფილოა იმითაც, რომ შაბათ-კვირას მათ კვლავ გატანა-მიტანის სერვისზე გადასვლა მოუწევთ. მარგალიტაშვილს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან უამრავი შეკითხვა აქვს:

„კახეთის სასტუმროებში რომ შეხვიდეთ, შეიძლება ნახოთ, რომ იქ 300-400 კაცი იჯდეს. ვერ გამიგია, თუკი სასტუმროს რესტორნებში ამ რაოდენობის შეკრებებით კორონავირუსი არ ვრცელდება, პრობლემას ვქმნით მხოლოდ ჩვენ, სადაც მაქსიმუმ 50 ადამიანის მიღების შესაძლებლობა გვაქვს? ხალხი თავისას მაინც აკეთებს - ვისაც ქეიფი უნდა, ქეიფობს. სახლებს ქირაობენ და იქ მართავენ წვეულებებს... არ ვიცი, რა გახდა ეს პატარა რესტორნები. შეგვამოწმონ ყოველ წუთში და, თუკი არაფერს ვარღვევთ, მოგვცენ სრულფასოვნად მუშაობის საშუალება, თუ არადა, ვინც არ იცავს, დააჯარიმონ“.

ლალი მარგალიტაშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც ჯერ კიდევ მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს და არც ერთი პასუხი. სიყვარულის ქალაქად წოდებულ სიღნაღში საოჯახო კაფე "ტერასა სიღნაღის" მფლობელი ზურაბ ბეროშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაკეტოს კვების ობიექტი დასვენების დღეებში, მაშინ როცა დადგენილ წესებს იცავს და მასობრივი შეკრებები სამუშაო დღეებშიც აკრძალულია.

„ჩვენ გატანა-მიტანის სერვისი დავნერგეთ და, ასე თუ ისე, მცირე შეკვეთები გვქონდა. ახლა უფო მეტი მოლოდინი გვაქვს, თუმცა რა იქნება რეალურად, არ ვიცით. შაბათ-კვირას თუკი იგივე პირობებს დავიცავთ, რაზეც მიგვითითებენ, რატომ უნდა შევაჩეროთ მომხმარებლის მიღება? ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი“.

კახეთში არის ისეთი კაფე-რესტორნები, რომელთა კარიც მომხმარებლისთვის არც დღეს გაიხსნა. სიღნაღში მდებარე მექსიკური რესტორნის მფლობელი შალვა მინდორაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამუშაო დღეებში ქალაქში სტუმრები, ფაქტობრივად, არ ჩადიან და ახლა რესტორანი რომ გახსნას, მხოლოდ დამატებითი კომუნალური გადასახადები უნდა გადაიხადოს, ამიტომ დაელოდება დაწესებული აკრძალვების კიდევ უფრო მეტად შემსუბუქებას და მუშაობას ამის შემდეგ დაიწყებს:

„თბილისში საბიუჯეტო ორგანიზაციები მეტია, სადაც ადამიანებს მუშაობა არც ერთი დღე არ შეუჩერებიათ და, შესაბამისად, მათ ხელფასი აქვთ, რომ რესტორანში, თუნდაც ღია სივრცეში, მივიდნენ. აქ, სიღნაღში, ასე არ არის. გარდა იმისა, რომ ნაკლები დასაქმებულია, რესტორანში სიარულის კულტურაც დაბალია. ამიტომ ჩვენ სრულად დამოკიდებული ვიყავით უცხოელ ვიზიტორებზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ სტუმრებზე. ისინი კახეთში ჯერჯერობით ვერ ჩამოდიან და, ალბათ, გავიხსნებით მაშინ, როცა არსებული შეზღუდვები უფრო მეტად მოიხსნება“.

კაფეებისა და რესტორნების ნაწილი გატანა-მიტანის სერვისით თითქმის სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. ამ პერიოდში ზოგმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. შესაბამისად, მათ თანამშრომლები უფასო შვებულებაში გაუშვეს. როდის მიეცემათ კვების ობიექტებს სრულფასოვნად მუშაობის საშუალება, ეს ჯერ უცნობია. 15 თებერვალს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ხელისუფლება მიმდინარე კვირას შეხვდება რესტორნების მფლობელებს და იმსჯელებენ იმაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი კვების ობიექტებში შიდა სივრცეების გახსნა.