დიდი ხანი არ არის, რაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოჩნდა საგანმანათლებლო ხასიათის ვიდეოები, რომლებიც სექსუალურ განათლებას შეეხება და ბავშვებს და მოზარდებს საკუთარი სხეულის ენას ასწავლის, აფრთხილებს მოსალოდნელ საფრთხეებზე, მარტივად და ნახატებით მოუთხრობს სქესობრივ მომწიფებასა და სხვა მსგავს ამბებზე.
ამ ვიდეოებს ამზადებს ორგანიზაცია განათლებისა და შრომის ასოციაცია. მათივე ფეისბუკის გვერდზე ვკითხულობთ, რომ მასალა მომზადებულია UNESCO-ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით და რეკომენდებულია ბავშვებისათვის 8 წლიდან.
გენდერის მკვლევარი ხატია ახალია კი მთხრობელია, რომელიც ამ ვიდეოებში ცდილობს, ბავშვებს, ერთი შეხედვით, მარტივი, თუმცა ხშირად საქართველოში ტაბუდადებული რამეები აუხსნას.
თავიდან ამ ვიდეოებს დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. თუმცა ორი დღის წინ ისინი ულტრამემარჯვენე ჯგუფებმაც აღმოაჩინეს. ლანძღვა და მუქარაც მაშინ დაიწყო.
„იყო გაუპატიურების, სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ჩვენს გვერდზე, ფაქტობრივად, კიბერშეტევა განახორციელეს. საჯარო კომენტარების გარდა, პირადად მწერდნენ და მემუქრებოდნენ, გამოქცეყნეს ჩემი პირადი ნომერი და ამ დრომდე მირეკავენ“, - უთრა ხატია ახალაიამ რადიო თავისუფლებას.
ულტრამემარჯვენე შეხედულებების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე პირდაპირი ეთერიც კი მიუძღვნა ამ საკითხს და დეტალურად განიხილა როგორც ვიდეოს შინაარსი, ისე მისი ავტორის ოჯახური მდგომარეობა თუ შეხედულებები.
ფეისბუკლაივს მაშინვე მოჰყვა უარყოფითი კომენტარები, ლანძღვა და მუქარა. ზოგმა სექსუალური განათლების შინაარსის ვიდეოებში ისეთი გრანდიოზული საფრთხე იგრძნო, რომ საშველად ეკლესიას მოუხმო. ზოგმა კი სექსუალური განათლება - ბავშვებისთვის „სექსის სწავლებასთან“ გააიგივა.
აი, მაგალითად, რამდენიმე კომენტარი, რომლის მსგავსიც ათობით და დაიწერა:
„დედას გეფიცები მეშინია ბავშვის სკოლაში შეყვანის დრო რომ მოვა რას ასწავლიანთქო. რა პროპაგანდა აგიტაციას ჩაუტარებენ ნეტა?“
„ჩვენმა ეკლესიამ უნდა იმარჯვოს“.
„სოროსი და სკოლაში სექსის სწავლება კი არა თქვენს შვილებს მიხედეთ ჯობია, და ბოლო მოდელი აიფონებით რომ ანებივრევთ.... ნეტა თუ გიფიქრიათ სკოლის გოგოები იმ ტელეფონებში რას უყურებენ“.
ხატია ახალაია ამბობს, რომ პირდაპირი ეთერის მაყურებელ ხალხს ღიად მოუწოდებდნენ ძალადობისკენ, მათ შორის, ორგანიზაციის კარის აჭედვისკენ.
"განათლებისა და შრომის ასოციაცია" გოგონების და ქალების. ასევე ლგბტ თემის წევრების პრობლემებზე მუშაობს. თუმცა ამ კონკრეტული ვიდეობის მიზანი, როგორც ხატია ამბობს, არის სექსუალური განათლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იმ ჯგუფებისათვის, ვისთვისაც ეს ინფორმაცია არ არის ადვილად ხელმისაწვდომი - ეთნიკური უმცირესობებისათვის, სოფლად მცხოვრები მოზარდებისთვის:
„ძალიან მაღალია ნაადრევი ქორწინებების, გადამდები სექსუალური დაავადებების რიცხვი - ეს კი, პირდაპირ კავშირშია სექსუალურ განათლებასთან. გოგონებმა ხშირად ისიც კი არ იციან, მენსტრუალური ციკლის დროს უნდა დაიბანონ თუ არა. და ასეთი უამრავი საკითხია, რომელზეც მათთან ლაპარაკია საჭირო“.
მაგალითად, ამ ვიდეოში, საუბარია, როგორც უნდა დაიცვან ბავშვებმა თავი სექსუალური ძალადობისგან.
აქ კი ხატია ახალაია სქესობრივ მომწიფებაზე მოუთხრობს ბავშვებს.
ხატია ახალაიას აზრით, დღეს საქართველოში ძალიან ცოტა ორგანიზაცია მუშაობს სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებსა და უფლებებზე.
მისი თქმით, რამდენიმე ორგანიზაციამ, საზოგადოებაში არსებული წნეხის და ბარიერების გამო, შეწყვიტა კიდეც მუშაობა.
„ძალიან არ მინდა, რომ ჩვენც გავჩერდეთ. იმიტომ, რომ ჩვენს მიღმა არიან ბავშვები რომლებიც საინფორმაციო ვაკუუმს ეწირებიან. სექსუალური ძალადობის სტატისტიკაც გაზრდილია და ესეც ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ რამდენიმე ვიდეოთო ვუშველით ამ პრობლემას, თუ სახელმწიფოც არ ჩაერთვება ამ პროცესში“, - ამბობს ხატია ახალაია და გეგმავს მუქარის ფაქტზე შსს-ს საჩივრით მიმართოს.