მუქარა და ყალბი ფოტოები - კრიტიკული ანგარიშისთვის

რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ნონა მიხელიძე ელექტრონულ სივრცეში კიბერბულინგისა და მუქარის მსხვერპლი გახდა: მას შემდეგ, რაც ბრიუსელში გამოქვეყნდა მის მიერ ევროკავშირის დაკვეთით მომზადებული კრიტიკული ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის შესრულების თაობაზე, მისი პირადი ელექტრონული ფოსტა მუქარის შემცველი წერილებით გაივსო, ფეისბუკზე კი, ნონა მიხელიძის თქმით, გავრცელდა ყალბი ფოტოები, სადაც ის, ვითომ, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას.

ანგარიშს, რომელმაც საზოგადოების ერთი ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია, ჰქვია „ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირსა და მოლდავეთს, საქართველოსა და უკრაინას შორის“. საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ნაწილი სწორედ ნონა მიხელიძის მომზადებულია. ეს ანგარიში ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში გამოაქვეყნა, მისი პრეზენტაცია კი გაიმართა 30 აგვისტოს, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაციის მიერ ანდრეს მამიკინსკის ავტორობით მომზადებულ ოფიციალურ ანგარიშთან ერთად.

ნონა მიხელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას, როგორც გარე ექსპერტს, ამ ანგარიშის მომზადება ევროკავშირმა იმ ნიშნითაც დაუკვეთა, რომ მის ავტორს საქართველოს არც ერთ მთავრობასთან მუშაობის გამოცდილება არ უნდა ჰქონოდა. ეს ანგარიში არ წარმოადგენს ევროპარლამენტართა ოფიციალურ პოზიციას, ის არის დამხმარე დოკუმენტი ევროპარლამენტარებისათვის.

თავად ნონა მიხელიძე ვარაუდობს, რომ ელექტრონულ სივრცეში მის მიმართ აგრესია გამოიწვია იმანაც, რომ კრიტიკა საქართველოს მთავრობის მიმართ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა.

Your browser doesn’t support HTML5

ნონა მიხელიძე: ეს ანგარიში არის დამხმარე დოკუმენტი ევროპარლამენტარებისათვის

საქართველოს ხელისუფლებამ ამ ანგარიშს კრიტიკით უპასუხა. მათ ეს პასუხი ევროპარლამენტარებს გაუგზავნეს, თუმცა, როგორც ნონა მიხელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ამ საპასუხო წერილში კრიტიკა არ იყო გამოთქმული ანგარიშის ყველაზე მწვავე დასკვნების მიმართ - არაფორმალური მმართველობის, მედიაზე ზეწოლისა და მართლმსაჯულების (სასამართლო რეფორმის ჩავარდნის) მდგომარეობის შესახებ საქართველოში. საქართველოს ხელისუფლების გამოხმაურება შეეხებოდა ეკლესიის საკითხს - ანგარიშის ავტორი აკრიტიკებდა ხელისუფლებას ეკლესიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის ლეგიტიმაციისათვის.

ნონა მიხელიძის დასკვნას „არაპროფესიული და ღიმილის მომგვრელი“ უწოდეს საპარლამენტო უმრავლესობაში - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „ეს ანგარიში არის ცალმხრივი და ნდობას არ იმსახურებს“.

Your browser doesn’t support HTML5

ზურაბ ჭიაბერაშვილი ასოცირების მონიტორინგის ანგარიშზე

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდისთვის, უბრალოდ, მიუღებელია ყველა ანგარიში, სადაც მათ აკრიტიკებენ.

ნონა მიხელიძემ რადიო თავისუფლებასაც დაუდასტურა, რომ მან უკვე მისწერა ევროკავშირს, რომ ანგარიშის პრეზენტაციის დღიდან განიცდის შევიწროებას და მუქარას და წერილს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ყალბი ფოტოებიც დაურთო.