დამთავრდა ფეხბურთის მორიგი მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემპიონატი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში აჯადოებდა ჩვენი პლანეტის ბინადართ და შურით ავსებდა მათ ღმერთებს. იმ ღმერთებს, რომლებზედაც უფრო პოპულარული ფეხბურთელები გახდნენ; იმ ღმერთებს, რომლებიც ხატებზე ფეხბურთელებმა ჩაანაცვლეს და რომლებიც 21 საუკუნის წინასწარმეტყველებად არიან გამოცხადებული.
დღეს, ჩვენი პლანეტის დიდ ნაწილზე, რელიგია როგორც ანთროპოლოგიური ფენომენი, როგორც religare (სიტყვა რელიგიის ერთ-ერთი ეტიმოლოგია), ანუ ადამიანთა ერთმანეთთან გამაერთიანებელი, ქრისტიანობის ნაცვლად ფეხბურთი გახდა. საკუთარი წმინდა სამოსით (ეროვნული გუნდების უნიფორმა), საკულტო ადგილებითა თუ ტაძრებით (სტადიონები), საკუთარი რიტუალით ამ ტაძრებში, ფეხბურთი დღეს უნივერსალური რელიგია გახდა. ის რაც ქრისტიანმა მისიონერებმა საუკუნეების განმავლობაში ვერ მოახერხეს, მასმედიის საშუალებით რამდენიმე ათიოდ წელში მარადონამ და მესიმ გააკეთეს.
დამთავრდა ის დრო, როცა მეფეები და იმპერატორები ვატიკანში და კონსტანტინოპოლში დარბოდნენ და ღმერთის წარმომადგენლისგან გვირგვინს იღებდნენ. დღეს პრეზიდენტები ლეგიტიმაციას (ანუ პოპულარობას) ფეხბურთელების ფეხებისგან (ან ზოგჯერ ხელებისგანაც კი) იღებენ.
დღეს ღმერთებისათვის სანატრელი გახდა ის დრო, როცა მარქსი რელიგიას ოპიუმს ადარებდა, ხოლო ნიცშე ღმერთების სიკვდილს აცხადებდა. ასე რომ, ღმერთები პენსიაზე ნიცშემ კი არა, მარადონამ და მესიმ გაუშვეს.
მოკლედ, დამთავრდა მუნდიალი და ეს ღმერთებს დროებით შვებას აძლევს, თუმცა ღმერთებმა იციან, რომ ეს დიდხანს არ გასტანს - მალე დაიწყება ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, მერე მას დაემატება კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი და ა.შ... რელიგიური კალენდარიც კი საფეხბურთომ ჩაანაცვლა....
ერთადერთი ინტრიგა, რომელიც რჩება და, რომელიც ღმერთებსაც ძალიან აინტერესებთ - ესაა, თუ როდის აპირებენ საქართველოში ფეხბურთის უკან დაბრუნებასა და ღმერთების პენსიაზე გაშვებას.