მუზეუმები კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას არ იზიარებენ

„ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმი“ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას დაემორჩილება, თუმცა მისი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მუზეუმები მათთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გაეერთიანებინათ.

ავტორი: ცირა გურგენიძე

„გამოყენებითი ხელოვნებისა“ და „ქართული ხალხური საკრავების" მუზეუმები არ ეთანხმებიან მათ მიერთებას „საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმთან“.

მუზეუმებში აცხადებენ, რომ მათთვის უფრო მისაღები იქნებოდა „ფოლკლორის ეროვნულ ცენტრთან“ შეერთება, რადგან მასთან მეტი გადაკვეთის წერტილი აქვთ.

მუზეუმების გაერთიანების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 3 მაისს გაავრცელა,

მუზეუმებში აცხადებენ, რომ მათთვის უფრო მისაღები იქნებოდა „ფოლკლორის ეროვნულ ცენტრთან“ შეერთება, რადგან მასთან მეტი გადაკვეთის წერტილი აქვთ.

გაერთიანებაზე მთავრობის მიერ 30 აპრილს მიღებული დადგენილება კი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“ 6 მაისს გამოაქვეყნა.

დადგენილების მიხედვით, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმისა“ და „საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის“ უფლებამონაცვლედ გამოცხადდა „საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი“.

„გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის“ დირექტორის, ანა შანშიაშვილისთვის მიუღებელია სამინისტროს არგუმენტი, რომ „გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის“ კოლექციები თვისებრივად „თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის“ კოლექციის „იდენტური ან მათი გაგრძელებაა“ და, შესაბამისად, მათი გაერთიანება ლოგიკურია.

ერთ სუბიექტთან როდესაც გვექნება საქმე, მართვა უფრო ადვილი იქნებაო. ევროპის მუზეუმების გამოცდილება მოიყვანეს. მესმის, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომლებიც მუზეუმებთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს...
რევაზ კოტრიკაძე

„დასახელებიდან გამომდინარეც შეიძლება იმსჯელო, რანაირად შეიძლება იყოს იდენტური. დადგენილებით, „თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი“ რჩება იმავე სახელით. საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით ვიწონებთ თავს და უცებ გამოდის, რომ ამ მიმართულების ორ მუზეუმს ვკარგავთ“, - ამბობს ანა შანშიაშვილი.

"გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში" უკვე მიიღეს ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ. შესაბამისად, დირექტორს დაევალა თანამშრომლების გაფრთხილება.

ანა შანშიაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ფოლკლორის ცენტრთან“ გაერთიანების შემთხვევაში გარკვეული დადებითი შედეგები დამდგარიყო. მაგალითად, გამონახულიყო თანხები მუზეუმის ექსპედიციების დასაგეგმად, რისი საშუალებაც დღეს არ აქვთ.

„ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმი“ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას დაემორჩილება, თუმცა მისი ხელმძღვანელი, რევაზ კოტრიკაძე, ფიქრობს, რომ მუზეუმები მათთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გაეერთიანებინათ.

„ფოლკლორის სახელმწიფოს ცენტრი“ ეწევა იგივე სამუშაოებს, რასაც ჩვენ, ამიტომ შესაძლებელი იქნებოდა მასთან გაერთიანება. "ფოლკლორის ცენტრში" ხალხური შემოქმედების კუთხით უამრავი სპეციალისტი მუშაობს. საერთო ენას მათთან უფრო გამოვნახავდით“, - ამბობს რევაზ კოტრიკაძე.

მისი ინფორმაციით, გაერთიანების საკითხზე დარგობრივი მუზეუმების ხელმძღვანელებს სამინისტროდან ჯერ კიდევ თებერვალში შეხვდნენ.

„ერთ სუბიექტთან როდესაც გვექნება საქმე, მართვა უფრო ადვილი იქნებაო. ევროპის მუზეუმების გამოცდილება მოიყვანეს. მესმის, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომლებიც მუზეუმებთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს“, - აცხადებს რევაზ კოტრიკაძე.

ასევე ნახეთ ხმა ძველი თბილისიდან

რადიო თავისუფლებასთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა “თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის” დირექტორმა, გიორგი კალანდიამ. მისი თქმით, გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო. შესაბამისად, კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

კულტურის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ხელი მოაწერა გაერთიანების დადგენილებას, „გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმმა“ და „ქართული ხალხური საკრავების მუზეუმმა“ უკვე მიმართეს. მათი სურვილია ხელისუფლებამ მოისმინოს დასაბუთება, თუ რატომაა მათთვის მიუღებელი განსხვავებული პროფილის მუზეუმთან ინტეგრირება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებში ცვლილებების განსახორციელებლად ვადა 2019 წლის 1 ივლისამდე აქვს.