ავტორი: მერი კაიკაციშვილი
„მე სულ ასეთი ბედი მაქვს“
სანამ ბლოგის წაკითხვას დაიწყებ, შეეცადე, ქვემოთ ჩამოთვლილი ფრაზების შენს პიროვნებასთან რელევანტურობა შეაფასო 5-ბალიანი სისტემით, სადაც „1“ არის „ჩემთან ეს არაფერი შუაშია“, ხოლო „5“ – „კი, ეს ერთი ერთში მე ვარ“.
- „იმისთვის რომ მშვიდად ვიყო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებმაც გული მატკინეს, აღიარონ თავიანთი დანაშაული“
- „ჩემი აზრით, ყველა ურთიერთობაში, რომელშიც ვყოფილვარ, მე უფრო მორალური ვიყავი, ვიდრე ურთიერთობების მეორე მხარეს მდგომი ადამიანი“
- „თუ ისე მოხდა, რომ ახლობელ ადამიანებს ჩემგან რაღაც ეწყინათ, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ავუხსნა მათ, რომ უსამართლოდ არასდროს ვიქცევი“
- „ძალიან ხშირად ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც უსამართლოდ მომექცნენ წარსულში“
თუ ჩამოთვლილი ფრაზებიდან 2-ზე მეტია ისეთი, რომელთა შენს პიროვნებასთან რელევანტურობაც 4 ან 5 ქულით შეაფასე, მგონი, არ მაქვს სასიამოვნო სიახლე შენთვის - შესაძლოა, შენ გქონდეს ის, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ - ურთიერთობებში თვითვიქტიმიზაციის ტენდენციას იგივე მსხვერპლის მენტალობას.
ურთიერთობები ხშირად ძალიან უცნაური და გაურკვეველია, პრინციპში ამაში ახალიც არაფერია. ხდება ხოლმე, მეგობრები ზარებზე არ გპასუხობენ, უცნობი ადამიანები უცნაურად დაბღვერილი გიყურებენ ან როდესაც გგონია რომ „შენი ადამიანი იპოვე“, ეს შენი ადამიანი მესიჯებს შემაწუხებლად გვიან პასუხობს.
ამ ყველაფერს როგორ თარგმნი ხოლმე?
ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ „ცხოვრება უსამართლოა და შენ ირგვლივ ადამიანები არ გიმსახურებენ“ თუ „იქნებ რაღაც მოხდა?! დაველოდები“ ?
დიახ, არიან ადამიანები, რომლებსაც სოციალური გაურკვევლობების მართვა ემოციურ დონეზე მარტივად გამოსდით და იციან, რომ გაურკვევლობა ამ ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია და ამ ადამიანების პარალელურად, არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში მზად არიან მსხვერპლის როლი ამაღელვებლად მოირგონ.
ზოგიერთი ადამიანი იმდენად ირგებს მსხვერპლის როლს, რომ ეს როლი მისი იდენტობის განუყოფელი ნაწილი ხდება.
რა არის მსხვერპლის მენტალობა?
მსხვერპლის მენტალობა შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მუდმივად გრძნობს რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ ცუდი რაღაცები ხდება და რაც მთავარია, არაფერი არ არის მათი დანაშაული ან პასუხისმგებლობა.
მსხვერპლის მენტალობას საძირკველში სამი მთავარი რწმენა უდევს:
- რაც არ უნდა მოხდეს, მხოლოდ ცუდი მოხდება
- ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, სხვა ადამიანების გამო ხდება
- ვერაფერს ვერ შევცვლი, ასე რომ ცდას აზრი არ აქვს როგორ ფიქრობს მსხვერპლი?
- უკვირს, რომ სხვებს ხშირად „უმართლებთ“
- იშვიათი უნარი აქვს ყველაფერში დაინახოს უარყოფითი
- საკუთარი თავი ეცოდება
- შეუძლია ერთი და იმავე უარყოფითი ამბის მოყოლა და მოყოლა და მოყოლა
- ფიქრობს, რომ მის გარდა ყველას ყველაფერი მარტივად გამოსდის
- შეპყრობილია მისი ნეგატიური გამოცდილებებით, მაგრამ პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება მისი საყვარელი ნაწილი არ არის
- „ვერაფერს გამოაპარებ“ - ადამიანები ან შავები არიან ან თეთრები
- თავდაცვის უნარი მობილიზებული აქვს 24/7 - ზე
ასეთ ადამიანებს გააჩნიათ ექსტერნალური ლოკუსის კონტროლი, ანუ მათი ცხოვრება განპირობებულია მხოლოდ გარე ფაქტორებით - ბედით, იღბლით (უფრო სწორად მისი არარსებობით), სხვა ადამიანების ქცევებით და ა.შ.
მსხვერპლის მენტალობის მქონე ადამიანი მუდმივად ცდილობს, რომ მიიღოს სხვებისგან აღიარება/დასტური, რომ ის მსხვერპლია. ის არასდროს დაიღლება წარსულის უსიამოვნო გამოცდილებებზე დაუსრულებლად საუბრით, არც ემპათიაა მისი ძლიერი მხარე, რადგან ფიქრობს, რომ ის, რასაც თვითონ ეზიდება, გაცილებით უფრო მტკივნეული და მტანჯველია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანის პრობლემა, ამიტომ თუ ვინმეს თანადგომა სჭირდება, ეს თვითონ არის.
ჩვეულებრივ ასე ხდება ხოლმე, ნებისმიერ კონფლიქტში ჩართული მხარეები ყოველთვის ცდილობენ მორალის საკუთარ მხარეზე შენარჩუნებას. ამიტომაც იქმნება ხოლმე რამდენიმე სუბიექტური რეალობა სხვადასხვა პრიზმიდან - აგრესორი ცდილობს გააუფასუროს ის სტრესი, რაც გამოიწვია მეორე ადამიანში და მსხვერპლი პირიქით - ბუზისგან სპილოს შექმნის ამბავს მოგვიყვება. აზროვნების შაბლონი, რომელსაც მხარეები იყენებენ, პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ თარგმნიან ისინი სიტუაციას.
საიდან მოდის ეს?
მსხვერპლის მენტალობას შეიძლება სხვადასხვა წარმომავლობა ჰქონდეს, პირველი ხელი ყოველთვის ტრავმას ედება. დიახ, არის ყველა შანსი რომ მსხვერპლის მენტალობა ადამიანში იყოს პოსტ-ტრავმული რეაქცია იმ ტრავმაზე, რომელსაც იგი ვერ გაუმკლავდა და იპოვა უსაფრთხოების ერთადერთი ზონა - სამყარო, რომელშიც იგი სულ მსხვერპლია და სხვა დანარჩენები- დამნაშავეები.
აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანის გონებაში ჩნდება ფიქრის ერთი ძალიან საშიში პატერნი, რომლის მიხედვითაც სამყარო თითქოს დაყოფილია მჩაგვრელებად და ჩაგრულებად.
რა იწვევს?
საქმე ისა, რომ არავინ იბადება მსხვერპლის მენტალობით. მსხვერპლის მენტალობა ეს დასწავლილი ქცევაა. მსხვერპლის მენტალობა - ეს არის უმწეობის სინდრომის გამოვლინება. უმწეობის სინდრომი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ახასიათებს ადამიანებს, რომლებმაც წარსული რაღაც ტრავმა გამოცადეს, ვერ გაუმკლავდნენ მას და დააინსტალირეს ფიქრის შაბლონი, რომლის მიხედვითაც ისინი ყოველთვის რაღაცაში გამომწყვდეულები არიან.
თუ უფრო ჩავუღრმავდებით, გავარკვევთ, რომ ასეთმა ადამიანებმა დაისწავლეს არა უმწეობის განცდა, არამედ ვერ დაისწავლეს სიტუაციის კონტროლი და ამან განაპირობა უმწეობის სინდრომის ჩამოყალიბება.
შესაბამისად, იმის გაცნობიერება, რომ გაქვს მოცემულობის შეცვლის უნარი შეიძლება პასუხი კითხვაზე როგორ ვუშველო ამას.
რატომ ნებდება ადამიანი გარემოებებს და არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე? - შეიძლება გაგიჩნდეს ასეთი კითხვა - საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივ, ადამიანი რაღაცას აკეთებს/არ აკეთებს ორი მიზნით: ან რაღაცის თავიდან აცილების ან რაღაცის მიღების სურვილით.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაც დონეზე მსხვერპლის მენტალობის მქონე ადამიანი რომელიმეს ამ ორიდან იკმაყოფილებს? კი, შეიძლება.
მსხვერპლის მენტალობის მქონე ადამიანმა კარგად იცის როგორ უნდა იმანიპულიროს თავისი მდგომარეობით, მსხვერპლის მენტალობის მქონე ადამიანი იღებს თანაგრძნობას და სიბრალულს, რაც მისთვის საკმარისია საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, ასევე აქვს ილუზია, რომ აკონტროლებს რაღაცას, მართალია არა თავის ცხოვრებას, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ადამიანების დამოკიდებულებას მის მიმართ - და ეს საკმარისია მისთვის.
მსხვერპლის მენტალობით ადამიანი საზეიმოდ გადასცემს პასუხისმგებლობას თავის სამყაროზე ყველას დანარჩენს ოღონდ თავის თავს არა. რაც ნიშნავს, რომ ორი მიზნიდან ორივე სრულდება, რაღაცას ირიდებს თავიდან(პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე) და რაღაცას იღებს (ვალიდაციას/სიბრალულს).
რა ხდება შემდეგ?
შემდეგ ხდება ის, რომ როდესაც პასუხისმგებლობას შენს ცხოვრებაზე გადასცემ სხვებს - ბოროტ ბოსებს, ცუდ სამსახურს, ბედს, უიღბლობას, შავ კატას რომელმაც დილით გზაზე გადაგირბინა, შენ პატარავდები შენს თავთან, შენი ქმედითი პოტენციალი კონფლიქტში მოდის შენს რწმენებთან, შენს ქცევებთან, შენს საკუთარ იდენტობასთან და იბადება შინაგანი კონფლიქტები - მუდმივად ხარ გაბრაზებული, აგრესიული, ძილი გიჭირს, ურთიერთობები გიჭირს, საკუთარ თავთან ცხოვრება გიჭირს, მაგრამ ამის აღიარებაც გიჭირს. ამიტომ ჯობია საკუთარ ხატ-სახეს არ შეეხო, იცხოვრო საკუთარ თავთან ფსევდოჰარმონიაში და ახდენს ამ ყველაფრის პროექცირებას გარე სამყაროზე, და გჯერა, რომ კი არ ხარ მუდამ გაბრაზებული, აგრესიული, ნაწყენი, დაღლილი, გამოუძინებელი, რომ საკუთარ ჭეშმარიტ იდენტობას რაღაც ყალბი ნიღაბი მიაკარი, არა, ეს იმიტომ ხდება რომ „სამყარო მუდამ შენ წინააღმდეგაა“.
შემდეგ ის ხდება, რომ
- გიჭირს ურთიერთობების შენარჩუნება
- განცდა გაქვს, რომ გაიჭედე ამ ცხოვრებაში
- მუდამ უცნაური დანაშაულის გრძნობა დაგყვება განაჩენივით თავს
- არცერთ სიტუაციაში არ ხედავ პოზიტივს, იმიტომ რომ პოზიტივი = მსხვერპლის როლის საჭიროების არარსებობას = მსხვერპლის როლის საჭიროების არარსებობა = ვერც სიბრალულის მიღება, ვერც პასუხისმგებლობების თავიდან აცილება
- ვეღარ იღებ ცხოვრებისგან სიამოვნებას
როგორ უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი? როგორ გავთავისუფლდეთ მსხვერპლის მენტალობისგან?
მსხვერპლის მენტალობით არავინ დაბადებულა, არც შენ. ეს ნიშნავს, რომ შეძენილი იდენტობისგან გათავისუფლებაც ისეთივე შესაძლებელია, როგორიც მისი შეძენაა. მსხვერპლის მენტალობა შეძენილი, დასწავლილი ქცევაა, რომელიც გვეხმარება, გავუმკლავდეთ ტრავმას. მისგან გათავისუფლება მოხდება მაშინ, როცა იპოვი უსაფრთხოების ახალ ზონას, რომელშიც შენს ცხოვრებას შენ თვითონ აკონტროლებ.
ბოლოს და ბოლოს აიღე პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე
მსხვერპლის მენტალობის საპირისპირო არის საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნება. იმის გაცნობიერება, რომ თუ რაღაც არ მოგწონს შენს ცხოვრებაში, შეცვლის პასუხისმგებლობა, დიახ, შენ გაქვს.
იპოვე ის მკრთალი ზღვარი
დაფიქრდი, რას გაძლევს მუდმივად იმის შეგრძნება რომ მსხვერპლი ხარ? ყურადღებას? ხალხის ვალიდაციას?
ამას იმიტომ ხომ არ აკეთებ რომ ეს არის შენთვის ვალიდაციის და ყურადღების მიღების მიღების ერთადერთი შესაძლებლობა? დარწმუნებული ხარ, რომ სხვა უფრო ჯანსაღი, უფრო საინტერესო, უფრო სასიამოვნო გზა არ არსებობს ადამიანებთან თანაცხოვრების და მათგან ემოციების მიღების? გადახედე აბა შენს ფიქრებს.
უმრავლეს შემთხვევებში მსხვერპლის მენტალობა აღმოცენდება კონკრეტული ტრავმის საფუძველზე. ეს ტრავმა იმდენად ღრმად შეიძლება იყოს ჩამარხული შენს ქვეცნობიერში, სპეციალისტის დახმარების გარეშე მისი ცნობიერ დონეზე ამოტანა ძალიან დიდი ალბათობით შეუძლებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ფსიქოთერაპევტის მოძებნა და მისგან დახმარების მიღება ალბათ საუკეთესო იქნება, რაც შეგიძლია საკუთარ თავს გაუკეთო.
მუდამ გახსოვდეს, გამოიჩინე საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობა. ადამიანებს მსხვერპლის მენტალობით სჭირდებათ კომფორტის და უსაფრთხო არსებობის ზონის შექმნა, სხვებისგან თანაგრძნობის, ყურადღების, სიბრალულის, ემპათიის ხარჯზე საზოგადოებაში ინტეგრირების ერთგვარი დასტური, იმიტომ რომ როგორც მათი იდენტობა კარნახობს, სხვანაირად ვალიდაციის მიღება არ შეუძლიათ, მათ შესაძლებლობებს აღემატება.
მართლა გგონია, რომ ასეა? იმიტომ რომ ეს სიმართლე არ არის.
პატივი ეცი საკმარისად საკუთარ თავს, მიეცი შანსი, დაგანახოს, რომ შეგიძლია.
ერთადერთი ადამიანი ხარ ვისთან ერთადაც „გაგჭედა სამყარომ“ , პირველი, რაზეც უნდა იზრუნო ამ ადამიანთან დამეგობრება ხომ არ არის?