საპრივატიზაციოდ შერჩეული 100 ობიექტის შეძენა დაინტერესებულ პირებს უკვე დღეიდან შეუძლიათ. ობიექტები აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანეს.
სასტუმრო ბახმაროში - საწყისი ფასით 2 537 400 ლარი, სასაწყობე ფართობი სოფელ აფნიაში - 87 330 ლარი, სატბორე მეურნეობა ჭითაწყალში - 1 452 700 ლარი... ასი ობიექტის სრული სია ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. აუქციონი12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ნუსხა განახლებადია და მას სხვა ობიექტებიც დაემატება.
„წარმოდგენილი პროექტები უფრო საშუალო და მცირე ბიზნესზე არის გათვლილი. არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ობიექტები, რომლებიც აქამდე ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ახლა ჩაიგდოს ხელში და განავითაროს“, - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია.
სააგენტო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, რომლებშიც გენერალური განაშენიანების გეგმაც შედის. ასევე წინასწარ მოგვარებულია ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და ა.შ.
„რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, აუქციონზე ნახავთ მაგალითად, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს. უახლოეს დღეებში ასევე დაემატება წყნეთის აგარაკები, რომლის შეფასების პროცესი ცოტა ხანში დასრულდება. გვინდა, რომ ბიზნესს გამზადებული პროექტები წარვუდგინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ობიექტების ჯამური ღირებულება 150 მილიონი ლარია. მთავრობა ამ პროექტისგან ხალხის დასაქმებასა და 200 მილიონი ლარის ინვესტიციას ელის. საპრივატიზაციო ობიექტები 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია გაბნეული.
„ყველასთვის საინტერესოა ის ქონება, რომელიც სადღაც უმოქმედოდ არსებობს და ახლა შეიძლება ბიზნესმა გამოიყენოს. მთავარია ეს უფუნქციო ქონება ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთოს, ბიზნესმაც ნახოს სარგებელი, ხალხიც დაასაქმოს და სახელმწიფო ბიუჯეტშიც გადასახადები შემოვიდეს.
ეს ობიექტები ძირითადად არის: ლოჯისტიკური ცენტრები, სასაწყობო მეურნეობები, სასტუმროების პოტენციური წერტილები და სოფლის მეურნეობის პუნქტები. ეს სამი ინდუსტრია საქართველოში აქტიურად ვითარდება“, - ამბობს საქართველოს ბიზნესასოციაციის დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად მსურველთა რაოდენობისა, აუქციონზე გამოტანილ ყველა ობიექტზე ერთნაირი მოთხოვნა ვერ იქნება.