მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს სს კოდექსის 126-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ წარუდგინა ბრალი ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. კოდექსის თანახმად, „ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“ ძირითადად არასაპატიმრო სასჯელს გულისხმობს:
- ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე;
- შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე;
- თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომელიც ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას უფლებებს იცავს, არ ეთანხმება ოთარ ფარცხალაძის დანაშაულის 126-ე მუხლით განსაზღვრას, რადგანაც „აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს.“
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პოზიციით, 2017 წლის 13 მაისს, „ელ-ცენტროში“ მომხდარი ფაქტის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მის საქმიანობასთან დაკავშირებით.“ ამ შემთხვევაში სასჯელი მხოლოდ საპატიმრო ზომებს გულისხმობს:
- პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 5 ნოემბერს წარუდგინა. ასევე 5 ნოემბერს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ზომად 5 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.