მსოფლიოს უგრძესი კაბელი შავ ზღვაში: რას ცვლის ეს საქართველოსთვის?

ევროპის ქვეყნების საშობაო ბაზრობები წელს ჩვეულზე ნაკლებადაა განათებული, ენერგეტიკული კრიზისის გამო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბრიუსელი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების დაძლევას ცდილობს და ალტერნატივად, სხვათა შორის, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანს ხედავს.

გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, ევროკავშირის ლიდერები ენთუზიაზმით ალაპარაკდნენ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის გამტარი კაბელის მშენებლობაზე შავ ზღვაში. პროექტით აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავი ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში.

რეკორდული სიგრძის კაბელი

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შავი ზღვის კაბელის „ინიციატივაც და იდეაც“ საქართველოს ეკუთვნის და უკვე შეარქვა მას „21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი“.

2020 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა მართლაც შეისწავლა და წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე დაადასტურა საქართველოსა და რუმინეთ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.

Საბოლოო დასკვნას პროექტის მიზანშეწონილობაზე, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მონაწილეობის ჩართვით, იტალიური კომპანია ამზადებს. კვლევა მომავალ წელს დასრულდება და მასში მსოფლიო ბანკი 2,5 მილიონ ევროს იხდის.

იქამდე უკვე ცნობილია პროექტის ძირითადი პარამეტრები: 1 000 მეგავატი სიმძლავრის კაბელი, რომელიც აზერბაიჯანულ ელექტროენერგიას ევროპაში გაიტანს, რეკორდულად გრძელი, 1 100 კმ-იანი იქნება.

კაბელის გაყვანას და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საერთო ჯამში, 3-4 წელი დასჭირდება.

საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ Ხელი 17 დეკემბერს მოაწერეს.

აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტზე ევროპაში.

უნგრეთი, რომელიც დიდი რაოდენობით რუსულ ენერგიას მოიხმარს, ბლოკავდა ევროკავშირის ძალისხმევას რუსეთის სანქცირებასა და იზოლაციაზე. თუმცა ახლა პრემიერ ვიქტორ ორბანი სხვაგვარად ალაპარაკდა:

„დასრულდა პერიოდი, როდესაც რუსეთიდან შემოგვქონდა იაფი ნედლეული და ენერგია“, - თქვა ორბანმა ბუქარესტში 17 დეკემბერს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკომისია 2.3 მილიარდ ევროს გამოყოფს კაბელის მშენებლობისთვის.

„ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტია, როგორც თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანი იყო“, - ამბობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

კაბელი პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე საქართველოსთვის, რომელსაც ევროკავშირთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირთან მიმართებაში არის კავშირები“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ამატებს: „[პროექტი] ამცირებს მოწყვლადობას, რომელიც დაკავშირებული გეოგრაფიულ ფაქტორთან, რომელიც სერიოზულად ითვლებოდა საქართველოს აქილევსის ქუსლად“.

ამასთან, კაკაჩია მიუთითებს, რომ პროექტის მომავალი დაკავშირებულია უკრაინაში ომის შედეგებთანაც - დატოვებს თუ არა ევროპა რუსეთს იზოლირებულს.

ასევე ნახეთ ხელი მოეწერა დიდ შეთანხმებას - ორბანი ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ

აზერბაიჯანი: გაზი და მწვანე ენერგია

2022 წლის მაისში, ევროკავშირმა გამოაცხადა გეგმა რუსულ საწვავზე დამოკიდებულების დასასრულებლად. რუსულ ენერგომატარებლებში ევროპის ქვეყნები ყოველწლიურად 100 მილიარდ ევროს იხდიდნენ.

ივლისში, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ თანამშრომლობის გაღრმავება დაიწყო. ბრიუსელი და ბაქო შეთანხმდნენ, რომ 2027 წლამდე გაორმაგდება აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში და 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ევროკავშირმა პირობა დადო, რომ გაფართოვდება სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის.

გაზის გარდა, ევროკავშირის ლიდერებმა დაადასტურეს სურვილი, შეისყიდონ აზერბაიჯანული მწვანე ენერგია. აზერბაიჯანის გაცხადებული მიზანია, ჩამოყალიბდეს როგორც მწვანე ენერგეტიკული ცენტრი.

ბუქარესტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ ქარისა და მზის ენერგიის მოცულობა ხმელეთზე 27 გიგავატზე მეტია, ხოლო ქარის ენერგიის მოცულობა კასპიის ზღვის სექტორში 157 გიგავატია.

ალიევის თქმით, ქვეყანაში უკვე მუშაობს 30 ჰიდროელექტროსადგური, ოთხი ქარის, რვა მზისა და სამი ჰიბრიდული ელექტროსადგური. მანვე დაამატა, რომ 2022 წელს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია გაიზარდა და იანვარ-ნოემბერში 1,8 მილიარდ გიგავატს მიაღწია.

აზერბაიჯანი ინვესტორთან ერთად გეგმავს 3 გიგავატი ქარის ენერგიის და 1 გიგავატი მზის ენერგიის წარმოებას, რომლის 80% ექსპორტზე გავა. 2037 წლისთვის კი წარმოება მინიმუმ 6 გიგავატი იქნება. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია თბილისის ელექტროენერგიის მოხმარებაზე (2,5 გიგავატი, 2020 წელს).

„აზერბაიჯანი, რომელიც არის ნავთობის და გაზის ქვეყანა, ის უნდა ყიდდეს ქარს და მზეს და ჩვენ, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების და განახლებადი ენერგიის ქვეყანა ვართ, ჩვენ ტერიტორიაზე მარტო უნდა ვატარებდეთ?! ეს არის სრულიად არასწორი და მიუღებელი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ენერგეტიკოსი, მურმან მარგველაშვილი.

ასევე ნახეთ საქართველოს გავლით - ევროპის ახალი ენერგეტიკული მარშრუტები

საქართველო: ტრანზიტიდან ექსპორტამდე

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც დასრულდება მომდევნო წელს, სრულად დაფინანსებულია საქართველოს მიერ. ქვეყანა, ასევე, გადაიხდის 20 მილიონ აშშ დოლარს შავ ზღვაში გეოლოგიური კვლევებისთვის მომავალ წელს.

Საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სატრანზიტო როლი მნიშვნელოვანია, თუმცა თბილისის მთავარი ინტერესი ქართული განახლებადი ენერგიის ექსპორტია.

დღეს, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები შეზღუდულია. ეს ქვეყანას მხოლოდ ზაფხულში შეუძლია, ჭარბი გენერაციის დროს.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წელს, საქართველომ 2 მლრდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია იყიდა მეზობელი ქვეყნებისგან. ეს წინა წელთან შედარებით 24.6%-ით მეტია.

2022 წლის პირველ 10 თვეში, საქართველომ 41 მლნ დოლარი დახარჯა ელექტროენერგიის შესაძენად. ზამთარში, იმპორტი, სავარაუდოდ, გაზრდილია. საქსტატის თანახმად, ამავე პერიოდში ქვეყანამ 84 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაყიდა, რაც უფრო მეტია, ვიდრე გასულ ოთხი წლის ექსპორტი ერთად.

ხელისუფლება ხშირად ლაპარაკობს საქართველოზე, როგორც მწვანე ენერგიის წარმოებისთვის „დიდი პოტენციალის“ მქონე ქვეყანაზე. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველოს ენერგეტიკის გენერაციაში განახლებადი ენერგიის წყაროს, ქარის წილი მხოლოდ 1%-ია.

„მე არ ვიცი სანდო შეფასება [ქარისა და მზის] პოტენციალისა [საქართველოში]“, - ამბობს მურმან მარგველაშვილი.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, ანი ჯანუყაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 22% აქვს ათვისებული. ჯანუყაშვილი არ პასუხობს, დათვლილია თუ არა ქარისა და მზის პოტენციალი, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლება მუშაობს მწვანე ენერგიაში ინვესტიციების წახალისებაზე.

„2030 წლამდე ქვეყანას აქვს შესაძლებლობა 1330 მგვტ სიმძლავრის ქარის და 520 მგვტ მზის ელექტროსადგურების ჩართვა მოხდეს ელექტროენერგეტიკულ ქსელში“, - ამბობს ის.

ასევე ნახეთ ბუქარესტში ხელი მოეწერება მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობას

წყალქვეშა კაბელის პროექტის პარალელურად, ხელისუფლება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის განახლებაზე ალაპარაკდა. 19 დეკემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ გამოისყიდის ხუდონჰესის პროექტს 13.5 მილიონ დოლარად. სვანეთში ჰესის მშენებლობა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო, თუმცა დიდი სოციალური წინააღმდეგობისა გამო შეჩერდა.

„ჩვენთან ძირითადი აქცენტი კეთდება ჰიდროელექტროსადგურებზე. რეალურად, ეს წყლის რესურსები არის ძალიან მოწყვლადი კლიმატის ცვლილების მიმართ, რომელიც არავის შეუფასებია. მეორე პრობლემაა კრიპტოვალუტის წარმოება, რომლის გამოც იხარჯება უამრავი ენერგია. და ეს საკითხი თუ არ დარეგულირდა, ვერანაირი ობიექტების მშენებლობა ვერ გვიშველის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დათო ჭიპაშვილი, „მწვანე ალტერნატივიდან“.

სემეკის წლიური ანგარიშების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოში აშენებული ჰესების დადგმული სიმძლავრე საშუალოდ წლიურად 2%-ით გაიზარდა. ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარება კი ქვეყანაში საშუალოდ წლიურად 5%-ით იზრდება.

„ჩვენ ახლა იმხელა დეფიციტი გვაქვს, ყველაფერსაც უნდა ვავითარებდეთ. ჰიდროელექტროსადგურები, ქარი და მზე ერთმანეთს ხელს არ უშლიან. ყველაფერიც უნდა გავაკეთოთ“, - ამბობს მურმან მარგველაშვილი და ამატებს: „პირველ ეტაპზე ჩვენ გვაქვს დასაძლევი ჩვენი დეფიციტი. შემდეგ შეიძლება ექსპორტზე ლაპარაკი“.