კორონავირუსის გავრცელების სწრაფი მაჩვენებლებისა და საგანგაშო პროგნოზების მიუხედავად, საპატრიარქო უკან დახევას არ აპირებს და, ჩანს, რომ ხალხმრავალი სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის ემზადება. თუმცა 15 აპრილს გამოცხადებული შეთანხმება არ გაიზიარა ბევრმა - ეპარქიებისა და ცალკეული სასულიერო პირების ნაწილმა ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და ბევრმა მრევლისთვის სააღდგომო ზიარება 19 აპრილის დილისთვის გადადო. 15 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი დათმობის მიუხედავად, ეკლესიაში მაინც განაწყენებული დარჩნენ ხელისუფლებაზე.
საპატრიარქოს 17 აპრილის განცხადების შინაარსით გაირკვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას - ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია - „აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა“.
განცხადების ტექსტიდან ვიგებთ, რომ უკმაყოფილებას მოჰყვა სატელეფონო საუბარიც (არ სახელდება - კონკრეტულად ვისთან) და ამის შემდეგ - ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
„როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
კომენტარებიდან ჩანს, რომ სასულიერო პირები არც პირბადეების ტარების აუცილებლობას ხედავენ და მთავრობის მითითების შესრულებას არც აპირებენ.
- საპატრიარქო ამ დრომდე არ აღიარებდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ აკრძალვას, როცა, მაგალითად - 3 კაცზე მეტი პირის შეკრება 3-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
- მაშინ როცა ქუჩებსა და ეზოებში ბევრი მოქალაქე ჯარიმდება, არ არის ცნობილი დაჯარიმების თუნდაც ერთი ფაქტი ტაძრებსა თუ მათ ეზოებში გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებით.
16 აპრილს, როდესაც პირბადეებსა და ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვები გამოცხადდა, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მალევე განმარტა, რომ ამ აკრძალვებს არანაირი კავშირი არა აქვს სააღდგომო ღვთისმსახურების შეზღუდვასთან და რომ მრევლს ეს აკრძალვა ვერ შეაჩერებს.
ასევე ნახეთ რას ემსახურება შეთანხმება COVID-9-ის საგანგაშო რისკების ფონზესაზოგადოების ნაწილი სრულიად დარწმუნებულია, რომ 15 აპრილის შეთანხმებით ეკლესიის წინაშე მკვეთრი დათმობის შემდეგ, ხელისუფლება სწორედ მცირე აკრძალვებით ცდილობს გარკვეული წინააღმდეგობების შექმნას - რომ მრევლი არ მივდეს ეკლესიებში აღდგომის ღამეს. ამ შინაარსის კომენტარებს მრავლად შეხვდებით სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
როგორც ჩანს, ეს პოზიცია მყარად არის ფეხმოკიდებული ეკლესიაშიც და ეს ეტყობოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, გავლენიანი მეუფის, იაკობის მიერ მთავრობის მისამართით გაკეთებულ კომენტარებსაც.
თუკი გაბრაზებული მეუფე იაკობი 16 აპრილს მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს - პაატა იმნაძეს უტევდა ეკლესიაში არწასვლის შესახებ მისი მოწოდების შემდეგ, 17 აპრილს, ამავე მიზეზით, მთავარეპისკოპოსის სამიზნე ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც გახდა - „ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, აღდგომას ტაძარში არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ“.
მერე, ჟურნალისტებთან საუბრისას, მეუფე იაკობი მთელ ხელისუფლებას გადასწვდა.
- „ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალია, შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ისიც უნდა ვიფიქროთ, ხალხი რას, როგორ მიიღებს. მრევლს მისვლა თუ უნდა, მრევლი მივა“;
- „ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს“;
- „რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო წინააღმდეგობას გრძნობს. ბევრი ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო და ახლა ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ?! კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!“
15 აპრილს, როდესაც აღდგომის ღამესთან დაკავშირებით მთავრობასთან მიღწეულ სრულიად დამაკმაყოფილებელ შეთანხმებაზე ლაპარაკობდა, მსმენელს ეჭვი არ შეეპარებოდა, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე მთელი საქართველოს ტაძრებს გულისხმობდა.
თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მთელი რიგი სასულიერო პირების მხრიდან აღდგომის ღამეს მრევლის დასწრების პოზიცია არ იქნა გაზიარებული, დეკანოზმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დააზუსტა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ თბილისისა და მცხეთის ტაძრებს შეეხებოდა.
სააღდგომო ღამის ღვთისმსახურების მრევლის მონაწილეობით ჩატარების მოწინააღმდეგეებს შორის თბილისში მოღვაწე სასულიერო პირებიც არიან.
ზოგან უკვე გადაწყვიტეს, ზოგან ჯერ ისევ ფიქრობენ
როგორც მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) უთხრა რადიო თავისუფლებას, სწრაფად ცვალებადი მდგომარეობის გამო, გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. თუმცა არ გამორიცხავს, მის ეპარქიაში სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის გარეშეც ჩატარდეს.
„ვინაიდან ძალიან სწრაფად იცვლება მდგომარეობა, ჯერ ვაკვირდები სიტუაციას და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
არაფერს გამოვრიცხავ. რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ყველასათვის იქნება ცნობილი ანუ გამოვაქვეყნებ“.
გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში - ღამის სააღდგომო ღვთისმსახურებას მრევლი არ დაესწრება.
ასევე ნახეთ ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში ღამის სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდებაროგორც ამ ეპარქიის დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას - ღამით ღვთისმსახურება მხოლოდ მონასტრებში ჩატარდება, ხოლო მრევლს წირვაზე და საზიარებლად 19 აპრილს დილის 7 საათზე ელოდებიან - „ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებულია. საპატრიარქოსგან განსხვავებული პოზიცია არ გეგონოთ“.
კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხე რომ რეალურია, ამ დღეებში რამდენჯერმე გაიმეორა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
სოციალურ ქსელში, ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ვერ ვხვდებით პირდაპირ მოწოდებას სახლში დარჩენის შესახებ, მაგრამ მეუფე მიმართავს მრევლს, რომ აუცილებელია ერთმანეთის დანდობა და გაფრთხილება; ხოლო თავად მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება:
„არსებული ვითარება, მე, როგორც მღვდელმთავარს, განუზომელ პასუხისმგებლობას მაკისრებს ღმრთივრწმუნებულ სამწყსოზე, თითოეულ ადამიანზე, რომელიც სიმბოლური ცხვრებისგან განსხვავებით, თავის თავში ატარებს ღვთის ხატს; ეს ის ადამიანები არიან, რომელნიც ეკლესიაზე ისევე არიან მინდობილნი, როგორც შვილი დედის მკერდზე“.
ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნოს განცხადებაში ნათქვამია, რომ: სამრევლო ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება 19 აპრილს, დილით - 07:00 საათზე; ხოლო აღდგომის ღამეს სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება მონასტრებში, 23:00 საათზე.
გადაწყვეტილება მიღებულია ვანისა და ბაღდათის ეპარქიაშიც. მმართველი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ ანტონის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგია აღესრულება 19 აპრილს დილის 7 საათზე. ხოლო აღდგომის წირვის წინა მსახურებას დახურულ კარს მიღმა აღასრულებს მხოლოდ სამღვდელოება, 18 აპრილის საღამოს.
სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის მრევლი უკვე დაითხოვა თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა, ალექსანდრე გალდავამ.
როგორც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, სააღდგომო ღვთისმსახურებას მის ტაძარში მრევლი არ დაესწრება - „დავინახე, რომ ვერ ვმართავ სიტუაციას. ამიტომაც მოვუფრთხილდი ჩემს მრევლს და ვთხოვე მათ, რომ ერთი აღდგომა ჩავატაროთ ერთმანეთის გარეშე“.
თბილისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვარმა - მამა დავით ჭანტურიამ ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის მრევლს - ერთმანეთის გაფრთხილების მიზნით სახლში დარჩენისკენ და შინ ლოცვისკენ მოუწოდებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისში მოღვაწე სასულიერო პირები არიან ერთობლივი მიმართვის ხელმომწერთა შორისაც. 15-მდე სასულიერო პირი და თეოლოგები მორწმუნეებს ერთობლივი წერილით მიმართავენ და აღდგომა ღამეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
- „ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა. მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება“.
- „სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში“.
ასევე ნახეთ ადამიანის სიცოცხლის დაცვა უალტერნატივოა: სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილის მიმართვა მორწმუნეებს
ხელმომწერებს შორის არიან ასევე სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები და საზღვარგარეთ მოღვაწე სასულიერო პირები. მიმართვას ხელს აწერს მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი, ილია ჭიღლაძეც. იქ საჯარო ღვთისმსახურება შეჩერებულია, საქართველოში - არა.
როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, კვლავაც იმ აზრზე რჩება, რომელიც 22 მარტს ჩამოაყალიბა.
ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქმედებებში ჩანს სულიერი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ შეუბრალებელი დამოკიდებულება, ეგოისტური თუ სხვა მიზნებით ნაკარნახევი ქცევა - „შეფუთული რელიგიური საბურველით: იარეთ ტაძრებში, ესე იგი ნუ დარჩებით სახლებში“ - ეს კი საშიშია როგორც ეპიდემიის ფართოდ გავრცელებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის - რადგან კანონების უგულებელყოფა ხდება.
„ვანგრევთ სახელმწიფოს კანონის უგულებელყოფით, რადგან მხოლოდ კანონმორჩილი ერი ქმნის ძლიერ და ღირსეულ სახელმწიფოს, კანონდამრღვევი ერი კი უფრო ბრბოა, ვიდრე ერი, ხოლო მისი სახელმწიფო ბუტაფორიაა“.