საქართველო მეოთხედ მასპინძლობს სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი". წვრთნაში მონაწილეობს 13 ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება, სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარჩვევების გაუმჯობესება და წვლილის შეტანა შავი ზღვის აუზში უსაფრთხო გარემოს შექმნაში.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ტარდება.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში გამართულ წვრთნაზე მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, უკრაინის, ბრიტანეთის და ამერიკის ქვედანაყოფები.
სცენარის მიხედვით, სამხედროებმა პირობითი მტრის მიერ დაკავებული შენობების წმენდა განახორციელეს.
სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფებს ერთი მიზანი და განსხვავებული ამოცანები ჰქონდათ, მათ ერთმანეთის უსაფრთხოების დაზღვევა და კორიდორით უზრუნველყოფა ევალებოდათ.
სწავლების დროს დესანტი გადმოსხეს.
უკრაინულ ქვედანაყოფს ქართველი სამხედროების დაზღვევა ევალებოდათ.
ქართველ სამხედროებს ბრიტანელი ქვედანაყოფისთვის უსაფრთხო კორიდორის უზრუნველყოფა დაევალათ.
პირობითი მტრის მიერ გამაგრებული შენობები ერთობლივი ძალებითა და ურთიერთთანამშრომლობით გაწმინდეს.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.
ვაზიანის პოლიგონზე „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში გაიმართა კომბინირებული სწავლება.
საველე საჩვენებელ სწავლებაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ვერტმფრენები "შავი ქორები" და სსსიპ "დელტას" მიერ წარმოებული ქართული სამედიცინო ევაკუატორი მონაწილეობდა.
წვრთნების ფარგლებში პირობითად დაშავებულის ბრძოლის ველიდან ევაკუაციაც განხორციელდა, რა დროსაც სამედიცინო ევაკუატორი "დიდგორი" და საქართველოს შეიარაღებაში არსებული UH1H ტიპის ვერტმფრენი "იროკეზი" გამოიყენეს.
წლევანდელი სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.