საარჩევნო პროცესს იზი რუსთავში დააკვირდება. მისთვის ეს ახალი გამოცდილებაა, რომელსაც ინტერესით ელის. გვეუბნება, რომ დამკვირვებლობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისი აზრით, ქვეყნის მომავალს სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს.
იზი გრძელიშვილი თსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. ახლა ელის, როდის დაინიშნება ტრენინგის დღე, რომ დამკვირვებლობისთვის მოემზადოს, თუმცა მანამდე, საარჩევნო კანონმდებლობას თავადაც ეცნობა.
„ვიცი, რომ ეს გადამწყვეტი არჩევნებია. ვხედავ, რომ ხელისუფლება არ იცავს კანონს. არღვევს კონსტიტუციას. ეს მინიმუმია, რაც შემიძლია მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ გავაკეთო“ - ამბობს იზი იმ მიზეზებზე, რამაც არჩევნებზე დამკვირვებლობა გადაწყვეტინა.
დამკვირვებლად უკვე დარეგისტრირდა 20 წლის სტუდენტი წალკის სოფელ ოზმიდან ემილია ბლიკიანიც - ის არჩევნებს თავისსავე სოფლის საარჩევნო უბანზე დააკვირდება, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს:
„ეს არის, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს“, - გვეუბნება ემილია.
თითქმის ყველა ადამიანი, ვინც წელს პირველად მონაწილეობს არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით, ამბობს, რომ ამით არჩევნებში თითოეული მოქალაქის ხმის დაცვას ეცდებიან.
ქეთევან ჩალაგაშვილი, ადვოკატი, არჩევნებს დააკვირდება მცხეთაში:
„აქამდე დამკვირვებლობის არანაირი გამოცდილება არ მქონია. ჩემი იურიდიული კომპანია მაქვს და სამოქალაქო ადმინისტრაციულ საქმეებზე ვმუშაობ. არც რაიმე პოლიტიკურ საქმიანობაში ვმონაწილეობ, მაგრამ მგონია, რომ ეს არჩევნები არის განმსაზღვრელი ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობის, მისი დემოკრატიული ღირებულებების არსებობის მხრივ. ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რაც ქვეყანას სწორი, დასავლური გზიდან არ გადაახვევინებს“.
ეკატერინე გიორგაძე, ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი, არჩევნებს დააკვირდება გორში:
„ყველაფერს აქვს საზღვარი, აღარ შეიძლება გაყალბდეს ეს არჩევნები და დარჩეს ისევ ეს მთავრობა. ჩემი ამ ნაბიჯით მინდა მეც ჩემი წვლილი შევიტანო, ჩემი სამშობლო დავიცვა. მინდა ეს ქვეყანა გადარჩეს“.
სულხან დევაძე, ფინანსისტი, არჩევნებს დააკვირდება ბათუმში:
„დამკვირვებლად მივდივარ იმიტომ, რომ მინდა ჩემი თვალით ვნახო რეალურად რა ხდება. რატომ გადავწყვიტე? რადგან მაქვს განცდა, რომ შეიძლება ეს ბოლო არჩევნები იყოს“.
ლიზი ხარშილაძე 18 წლისაა და ის არჩევნებს მარნეულში დააკვირდება:
„ჩემი ინტერესი - ვყოფილიყავი დამკვირვებელი, გამოიწვია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, რომელიც აცდენილია ევროპულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ, რაც განვითარების ყველაზე რეალურ შესაძლებლობას გვთავაზობს. ეს ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაცაა და ჩემი წილი პატრიოტიზმიც. ვფიქრობ, მონაწილეობის ეს ფორმა ყველა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს, რადგან საზოგადოების ხმა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. რაც უფრო მეტი მოქალაქე იქნება აქტიური, მით უფრო დემოკრატიულ და სასურველ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ“.
ეს არის ბმული, სადაც დამკვირვებლები ამ დრომდე რეგისტრირდებიან.
მოხალისე დამკვირვებლების მობილიზაცია თვეზე მეტია დაიწყო კამპანია „ჩემი ხმის“ ფარგლებში - რამდენიმე ათეული ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ერთ დიდ კოალიციად გაერთიანდა. ისინი მოელიან, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 3000-მდე დამკვირვებელი ეყოლებათ.
ბოლო მონაცემებით, „ჩემი ხმის“ დამკვირვებელთა საერთო რაოდენობამ უკვე მიაღწია 2000-ს. მათ შორის არიან როგორც უკვე გამოცდილი დამკვირვებლები, ასევე ისინიც, ვინც იზი გრძელიშვილის მსგავსად, პირველად დააკვირდება საარჩევნო პროცესს.
განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები.
ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ თავის ტრადიციულ სადამკვირვებლო მისიაში დაახლოებით 1500-მდე დამკვირვებელი ეყოლება. მათი გადამზადების პროცესი უკვე დაწყებულია.
ეს კიდევ ერთი ბმულია, სადაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ დარეგისტრირება, თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლობა გსურთ.
ISFED-ის სამართლებრივი ექსპერტი, გიორგი მონიავა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მათი დამკვირვებლები იმუშავებენ როგორც უბნების შიგნით, ისე უბნის გარეთაც, ნაწილი გადასატან საარჩევნო ყუთს გაჰყვება. ეყოლებათ დამკვირვებლების მობილური ჯგუფებიც, რომლებიც უბნიდან უბანზე ივლიან და დაახლოებით 10-დან 20 საარჩევნო უბანს დააკვირდებიან.
გიორგი მონიავას თქმით, ამ არჩევნებზე დამკვირვებლობის მსურველთა სიმრავლე შეინიშნება, თუმცა უფრო დიდ ქალაქებში. რეგიონებში - ხალხის მოძებნა უფრო ჭირს:
„როგორც ჩანს, ბოლო დროის მკაფიოდ ანდიდასავლურმა კამპანიამ და ასევე, არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამაც იმოქმედა. მათი დაყოლიება დამკვირვებლებად წამოსვლაზე გვიჭირს“.
კანონის მიხედვით, დამკვირვებლად ვერ წავა პირი, რომელიც:
- ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
- ან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.
შეზღუდვებს აწესებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლი. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
როდემდე შეუძლიათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დამკვირვებლების წარდგენა?
ეს ვადა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე იწურება - სწორედ ამ დრომდე შეძლებენ ორგანიზაციები დაარეგისტრირონ თავიანთი დამკვირვებლები.
თუმცა, მანამდე მათ მოსამზადებელი ტრენინგი უნდა ჰქონდეთ გავლილი.
არჩევნებზე დასაკვირვებლად ემზადება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ თავისი გუნდით. საიას მომავალ არჩევნებზე ეყოლება 600 დამკვირვებელი როგორც უბნებზე, ისე ოლქში. როგორც საიას წარმომადგებელი გიორგი აბულაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბევრმა ახალმა დამკვირვებელმა გამოთქვა მისიაში ჩართვის სურვილი. საია დამკვირვებლების ტრენინგს მომდევნო კვირას დაიწყებს.
2024 წლის 26 ოქტომბერს კი საქართველო ახალ პარლამენტს აირჩევს.
ასევე ნახეთ არჩევნებზე დამკვირვებლობა გინდა? აი, რა უნდა გააკეთო ამისთვის