მოწყობა „ჩაწყობით“: რა სქემები მოქმედებდა მისაღებ გამოცდებზე და რატომ აღარ უნდა დავბრუნდეთ იქ

ჯერ კიდევ 18 წლის წინ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად რამდენიმე კორუფციული სქემა არსებობდა. 2005 წლამდე, სანამ საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებს შემოიღებდნენ, „მოწყობა ჩაწყობით“ ჩვეულებრივი ამბავი იყო და იმ დროისათვის, უკვე ჰქონდა ლამის ოცდაათწლიანი ისტორია.

წლების შემდეგ, მაშინდელი აბიტურიენტები ამ „ჩაწყობილ“ გამოცდებსა და თავიანთ გამოცდილებაზე გვიყვებიან. ამ სტატიაში ვიხსენებთ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაწყებულ რეფორმასაც, რომელმაც განათლების სფეროში ბევრ სხვა რამესთან ერთად, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების კორუფციული სისტემაც შეცვალა.

პაროლები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქემა იყო ე.წ. პაროლების სისტემა.

გქონდა პაროლი? - გქონდა გარანტირებული უმაღლესი ქულაც. ასე იყო 1990 წელს, როცა თეონა ბექიშვილი იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტზე აბარებდა.

მან წინასწარ იცოდა, როგორ უნდა დაეწყო ქართულის თემა. დღემდე ახსოვს პირველი კოდური წინადადებაც - რა თემაც უნდა შეხვედროდა, მისი პაროლი იყო - „საქართველოში არ არსებობს კაცი, რომელიც“...

ოჯახის მხოლოდ ერთმა ახლობელმა პროფესორმა იცოდა, რომ თეონა იმ წელს აბარებდა, მისი საგამოცდო ნაწერი კი სწორედ ამ წინადადებით უნდა მოეძებნა. თუმცა ისე მოხდა, რომ რატომღაც, ბევრ ნაწერს შორის, პროფესორმა სწორედ მისი თემა ვერ იპოვა.

თეონამ მაინც ხუთიანი მიიღო. ზეპირშიც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მაგრამ ამ ფაკულტეტზე მოსახვედრად სხვა საგნებშიც მაღალი ქულა სჭირდებოდა. გერმანულში თავისი თავის იმედი ჰქონდა, აი, ისტორია კი:

„მართლა უმოწყალოდ ჩავაწყვეთ. მამაჩემმა თავის მეგობარ ისტორიკოსთან შემახვედრა. პირობა ის იყო, რომ რაც ამ შეხვედრაზე მეცვა, გამოცდაზეც იგივე უნდა მცმოდა, ადვილად რომ ვეცნე და სხვაში არ ავრეოდი“.

თეონას კარგად ახსოვს, „ჩაწყობილი“ ბავშვები როგორ გაიყვანეს ცალკე ოთახში და წერითი გამოცდა იქ დააწერინეს. მერე კი ხუთიანის მისაღებად კომისიის თავმჯდომარესთან გაუშვეს - უმაღლეს ქულას მაშინ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე წერდა.

„იქ, მახსოვს, რომ რაღაც სისულელეები მკითხეს და სასურველი ქულით გამომიშვეს“.

თავისი პაროლი დღემდე არ დავიწყებია ეკა ელოშვილსაც.

„უმდიდრესია საგანძური ქართული მწერლობისა. და ამ საგანძურში ამას და ამას გამორჩეული ადგილი უკავია“, - ინსტრუქცია, რომ თავისი თემა სწორედ ამ სიტყვებით უნდა დაეწყო, ეკამაც საგამოცდო თემების ერთ-ერთი გამსწორებლისგან მიიღო.

"ჩაწყობის" ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქემა იყო ე.წ. პაროლების სისტემა. სტუდენტებმა წინასწარ იცოდნენ, რა კოდური წინადადებით უნდა დაეწყოთ წერა.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოსახვედრ შემოქმედებით ტურებში უმაღლესი შეფასებებიც კი მიიღო, მაგრამ ოჯახში ღელვა დაიწყო მას შემდეგ, რაც იმ წელს (90-იანი წლების ბოლოს) ხმა დაირხა, ქართულში აბიტურიენტებს ჭრიან და „კომისიაში“ ვინმე უნდა გყავდესო.

ეკას მამის მეგობრების დიდი ნაწილი თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი იყო, მაგრამ საგამოცდო კომისიაში ნაცნობი არავინ ჰყავდათ. როგორც მაშინ ხდებოდა, „დატრიალდნენ“ და „სანდო ადამიანიც იპოვეს“. ეკა ამ კაცის სახლში მიიყვანეს.

„მის კაბინეტში 5 წუთი განვმარტოვდით. მითხრა, გასწორებისას შენი ნაწერი სხვისაში რომ არ ამერიოს, თემა ამ სიტყვებით დაიწყეო და ის პაროლი მომცა. ეგ პაროლი მაინც არ გამოვიყენე. ქართულის წერაში კი ცხრიანი მივიღე“.

რომ ჩაირიცხა, ამ კაცის პატივსაცემად ოჯახში დიდი სუფრა გაიშალა - ყველა ფიქრობდა, რომ ეკას გასტუდენტება მისი დამსახურება იყო.

„ვერ მოვითმინე და მაგ სუფრაზე გამოვაცხადე, ჩემი თემა მაგ პაროლით არ დამიწყია-მეთქი. ესე იგი, უფასოდ დაგეხმარე უფასოზე მოწყობაშიო, ასე მიპასუხა იმ კაცმა“.

პაროლი, როგორც ჩაბარების გარანტია, ჰქონდა სოფო თოდუასაც, როცა ის უმაღლესში აბარებდა - 1979 წელს. სოფო იხსენებს, რომ ეს ტრაფარეტული წინადადება, ყველა თემას უნდა მორგებოდა.

„ამა და ამ მწერალს (ვთქვათ, აკაკი წერეთელს) გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ ლიტერატურაში“. მისი საგამოცდო ნაწერიც ასე უნდა დაწყებულიყო.

საბოლოოდ სოფომ სხვა თემა აირჩია და ეს პაროლი აღარ გამოადგა. თუმცა დღეს იხსენებს, რომ ამ პაროლის გამოყენებას უნივერსიტეტში მის მოსახვედრად გადამწყვეტი მნიშვნელობა, სავარაუდოდ, არც ექნებოდა, რადგან საგამოცდო კომისიაში მისი მშობლების უახლოესი მეგობრები ისხდნენ.

„ისტორიის გამოცდაზე დედაჩემის მეგობარი მცდიდა. დღეს თავის მოტყუება, რომ ეს არაფერს ნიშნავდა, უხერხული მგონია. ეს უსამართლობა იყო, რადგან შესაძლოა ჩემთვის მოემატებინათ ქულა, სხვისთვის კი, ვისაც ასეთი ნაცნობები არ ჰყავდა - არასოდეს. ისიც ვიცოდით, რომ კომისიის თავმჯდომარეები გაფრთხილებულები იყვნენ, ვინ ვისი შვილი იყო“.

სოფო თოდუა უნივერსიტეტში უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა. როცა წლების შემდეგ ამ თემაზე დაფიქრდა, თავის თავს გამოუტყდა, რომ ფულით ჩააბარებდი თუ კარგი ნაცნობების დახმარებით, შედეგი მაინც იგივე იყო - სხვა, „უპატრონო“ აბიტურიენტების მიმართ უსამართლობის განცდას ეს ვერ ამცირებდა.

...საგამოცდო კომისიაში ნაცნობი არავინ ჰყავდათ. როგორც მაშინ ხდებოდა, „დატრიალდნენ“ და „სანდო ადამიანიც იპოვეს“. ეკა ამ კაცის სახლში მიიყვანეს.

„საიდუმლო დათვალიერება“ ანუ გასაუბრება კომისიის წევრთან

ჩემი კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელსაც პირობითად ანას დავარქმევ, რადგან მან წლების მერეც ანონიმად დარჩენა გვთხოვა, იხსენებს, როგორ მოძებნეს ისტორიის საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც მათი ოჯახის ახლობლის მამამთილი იყო. გამოცდის წინ სწორედ ამ კაცთან მიიყვანეს და გააცნეს.

ეს წინასწარი „საიდუმლო დათვალიერება“ იმას ნიშნავდა, რომ უმაღლესი ქულის მისაღებად კომისიის თავმჯდომარესთან გასვლისას, იქ ლოიალურად განწყობილი გამომცდელი დაგხვდებოდა.

„ვერ ვიტყვი, რომ იქ არაფერი უკითხავთ, რამდენიმე შეკითხვა დამისვეს და გამოვედი ათიანით. მერე იმ კაცმა შემოუთვალა ჩემს მშობლებს, რა ჰქონდა ამ ბავშვს საშუამდგომლოო, მაშინ ყველაზე ამაყი ვიყავი“.

„სამწუხაროდ, ჩემმა მშობლებმაც გადაიხადეს ფული, რომ უფასოზე ჩამებარებინა“.

ქრთამი - პირდაპირ და ირიბად

სალომე გოგოხია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარების წლებს იხსენებს. 2001 წელია. ის და მისი კურსელები პირველი ლექციის მერე მეტროში ჩადიან. ყველა თავის ამბავს ჰყვება. ვის რამდენი „დაუჯდა“ სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხვა.

„სამწუხაროდ, ჩემმა მშობლებმაც გადაიხადეს ფული, რომ უფასოზე ჩამებარებინა. თან ისეთ ფაკულტეტზე, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა. ისე დავამთავრე, მაგ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. მაგისტრატურაში კი იმიტომ ვერ ვისწავლე, რომ უფასოზე სულ ორი ადგილი იყო, ფასიანს ვერ გავწვდებოდით“.

სალომე იმასაც იხსენებს, რომ ლექტორების წიგნების შეძენა, მომდევნო წლებში, ჩათვლის და სასურველი ქულის მისაღებად აუცილებელი პირობა იყო:

„პრინციპულად არ ვყიდულობდი და ისე ვსწავლობდი“.

1999 წელს, როცა თამარ მირიანაშვილი აბიტურიენტი იყო (ის ანგლისტიკის ფაკულტეტზე აბარებდა), მისმა მშობლებმა მოძებნეს ერთ-ერთი ლექტორი, ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დახმარებას ერთი პირობით დათანხმდა: ბოლო თვეს თამარი მასთან მოემზადებოდა ინგლისურ ენაში - ამ ფორმალურ ერთთვიან მომზადებაში მას 1000 დოლარი გადაუხადეს.

„ასე პირდაპირ, უნივერსიტეტში, რომელიმე თანამდებობის პირისთვის ფული არ გადაგვიხდია, არც რაიმე საჩუქარი გაგვიგზავნია. საგამოცდო მასალაც ჩემთვის ძალიან მარტივი იყო... შეიძლებოდა ცდა ზედმეტი ჩარევების გარეშეც, თუმცა იმ პერიოდში ნამდვილად არ გვქონდა ასეთი გარისკვის და კიდევ ერთი წელი აბიტურიენტის მომზადების ფუფუნება კომისიის თავმჯდომარის მოწყალების იმედზე“, - იხსენებს თამარი.

ცნობილი რეპეტიტორები - მიმღებ კომისიაში

იყვნენ ძალიან ცნობილი რეპეტიტორებიც, რომლებთან მოხვედრასაც ცალკე დიდი მცდელობა სჭირდებოდა.

მათთან მომზადება ღირდა ძვირი და, რაც მთავარია, ისინი ხშირად იყვნენ მიმღები კომისიის წევრებიც.

2000-იანი წლების დასაწყისში, თამუნა ილურიძეც ასე მოხვდა ერთ ძალიან ცნობილ რეპეტიტორთან, მეცნიერთან, რომელიც მომზადებაში ძალიან ძვირს იღებდა. თამუნას ჟურნალისტობა სურდა. ამ ფაკულტეტზე კი ძალიან დიდი კონკურსი იყო.

გამოცდის წინადღეს, რეპეტიტორმა თამუნას სახლში დარეკა და უთხრა, ვისაც საჭიროა, ველაპარაკე, მაგრამ საქმე ცოტა რთულადაა, ვიდრე ველოდით, კონკურსი დიდია და 500 დოლარი გვჭირდება, რომ დანამდვილებით მოხვდე უფასოზეო.

„ჩემი მშობლები სახლში არ იყვნენ. რეპეტიტორს ვუთხარი, გადავცემ-მეთქი. მაგრამ იმდენად შემრცხვა, ეს დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის მეთქვა, რომ დავუმალე. ქულა დამაკლდა. მოვხვდი ფასიან სექტორზე და მერე ყოველ სემესტრში ვიხდიდი 500 დოლარს“.

იყო „ჩაწყობის“ კიდევ ერთი გზა - ე.წ. დანიშნული რვეულები. ეს ის პერიოდია, როცა წერითი გამოცდა არა ფურცელზე, არამედ თხელ რვეულებში იწერებოდა.

Good girl - დაშიფრული საგამოცდო ფურცელი და დანიშნული რვეულები

ლელა ტეფნაძეს კარგად ახსოვს ინგლისურის გამოცდა - აბიტურიენტები სხვადასხვა ოთახში გადაანაწილეს. თითოში - 4-4. ერთ-ერთს იმ ოთახიდან, სადაც ლელა მოხვდა, გამომცდელმა ფურცლის უკანა მხარეს ინგლისურად მიუწერა „good girl“ .

იმ წამს ვერავინ მიხვდა, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ლელა იხსენებს, რომ როცა მაღალ ნიშანზე საგამოცდო კომისიის წევრებთან მივიდნენ, ეს გოგო მის გვერდით მოხვდა. მისთვის კითხვაც არ დაუსვამთ. კომისიის წევრმა ფურცელი ამოატრიალა, წარწერა წაიკითხა, ათიანი დაწერა და გაუშვა. ლელას გამოკითხვა კი კიდევ დიდხანს გაგრძელდა.

იყო „ჩაწყობის“ კიდევ ერთი გზა - ე.წ. დანიშნული რვეულები.

ეს ის პერიოდია, როცა წერითი გამოცდა არა ფურცელზე, არამედ თხელ რვეულებში იწერებოდა. მაშინ ნაწერის ამოცნობის გზა - კალმით რვეულის კიდის მონიშვნა იყო.

„შუამავლები“

1976 წელს, როცა ირაკლი (სახელი შეცვლილია) უმაღლესში აბარებდა, ფულით მოწყობა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ის უფრო უკვირდათ თუ ვინმე უფულოდ, თავისით ჩააბარებდა. განსაკუთრებით წარმოუდგენელი იყო სამედიცინოზე მოხვედრა - იქ, როგორც ჩემი რესპონდენტი იხსენებს, ათასებს იხდიდნენ გამსვლელი ქულებისთვის.

იცოდნენ იმ პროფესორ-მასწავლებლების ვინაობაც, ვინც ფულს იღებდა. იცოდნენ ქრთამის სავარაუდო რაოდენობაც - მაგალითად, 5000 მანეთი ხუთიანში. ეს იყო 70-იანი წლების დასაწყისში. ლექტორების ხელფასი დაახლოებით 100 მანეთი იყო.

თავად ირაკლის ოჯახს საუნივერსიტეტო წრეებში კარგად იცნობდნენ. მისი ბაბუა უნივერსიტეტში მუშაობდა, თუმცა გამოცდების დროს არავინ იცოდა, რომ მისი შვილიშვილი იმ წელს აბარებდა. ეს ამბავი მაშინ გაირკვა, როცა ქართული წერის გამოცდაში ოთხიანი მიიღო და გაასაჩივრა.

„უნივერსიტეტში მაშინ გაიგეს, ვინ ვიყავი და აქ საინტერესო ის არის, მერე რა მოხდა - ატყდა რეკვა ჩვენთან სახლში, რატომ არ გაგვაფრთხილეთ, რომ აბარებდა, რა მორალისტობას თამაშობთ, არ იცით, რა ქვეყანაში ცხოვრობთო? დედაჩემს ეუბნებოდნენ“.

კიდევ ერთი ამბავი, ირაკლის დედის კოლეგას შეემთხვა - ავტობუსით მგზავრობისას, უცნობი ქალებისგან მოისმინა, როგორ იპოვეს „ვიღაც კაცი“, რომელიც გარკვეული თანხის ფასად მის შვილს უმაღლესში მოწყობაში დაეხმარებოდა. ოღონდ საქმე ის იყო, რომ ლაპარაკში სწორედ მისი სახელი და გვარი ახსენეს.

როცა ქალები თავიანთ გაჩერებაზე ჩავიდნენ, პროფესორმა გადაწყვიტა მათ გაჰყოლოდა და თავი მოეჩვენებინა, თითქოს მასაც სჭირდებოდა „ის კაცი“ თავისი შვილისთვის და უცნობ ქალებს მასთან დაკავშირება სთხოვა.

აღმოჩნდა, რომ არსებობდა ვიღაც სხვა ადამიანი, „შუამავალი“, რომელიც მშობლებს საქმეში ამ გავლენიანი კაცის ჩართვას სთავაზობდა და გარკვეული საფასურის ფასად გარანტიასაც აძლევდა, რომ მათი შვილები უმაღლესში მოხვდებოდნენ.

„ასე გაიგო ამ ადამიანმა, რომ ვიღაც მისი სახელით ბოროტად სარგებლობდა. ეს შუამავალი აღმოჩნდა მაშინ ძალიან ცნობილი ფილოლოგი, პროფესორი, თავად ამ კაცის თანამშრომელი, რომელიც თავად იღებდა ფულს, მაგრამ მშობლებს ეუბნებოდა, თითქოს სხვას უხდიდა. ეს ამბავი მალევე გასკდა. თუმცა, ამისთვის პასუხი არავის უგია. მოკლედ, ეს იყო მთელი ინდუსტრია“, - გვიყვება ირაკლი.

კომისიაში ყოფნა

ამ სქემების მონაწილე თუ უბრალოდ, მცოდნე ლექტორების დიდი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარ არის, ნაწილი დიდი ხანია პენსიაზეა. გვაინტერესებდა, რას ფიქრობენ ისინი დღეს იმ წლებზე. რამდენიმე მათგანს ინტერვიუც ვთხოვეთ, თუმცა უარი მივიღეთ.

ვინც იმ წლების გახსენებაზე დაგვთანხმდა, მანაც, მიუხედავად იმისა, რომ გარიგების სქემებში თავად არასოდეს მონაწილეობდა, მაინც სახელის და გვარის გარეშე საუბარი არჩია.

მას არასოდეს მოუმზადებია საგანში აბიტურიენტები, ამიტომ არც გამორჩეულად ვინმეს დახმარების ინტერესი ჰქონია. მისაღებ გამოცდებზე შემფასებლად მისი უფროსი კოლეგების თხოვნით მიდიოდა ხოლმე:

„კი ვხვდებოდი ამ თხოვნის მიზეზსაც. თითქოს უნდოდათ, ეჩვენებინათ, აბა, შეხედე, ეს არაპატიოსანი საქციელიაო? მე განურჩევლად ყველას ვეხმარებოდი. ყველა ფერის კალამი მქონდა, რომ თუ აბიტურიენტს უბრალოდ, წერტილ-მძიმე აკლდა, ჩამესწორებინა და ამის გამო არ დაჩაგრულიყო. სულ ვამბობდი, რა საჭიროა ამ საზეპიროების ზუთხვა, არც მე ვიცი ეს საზეპიროები და მეც წიგნიდან ვუსწორებ, ეს საქმეა-მეთქი? ხომ არ ამთავრებდნენ ეს ბავშვები უნივერსიტეტს, მხოლოდ იწყებდნენ სწავლას“.

ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ ის ნაწერები, რომელთა ავტორებსაც უნივერსიტეტში ნაცნობ-გულშემატკივრები ჰყავდა, რიგით გამსწორებლებთან არ მიდიოდა. მათ ცალკე გადადებდნენ ხოლმე და მხოლოდ „ძლიერების“ „ნდობით აღჭურვილი პირები“ ასწორებდნენ.

„ეს იყო პატარა ჯგუფი, რომელიც ამას აკეთებდა... მახსოვს, ერთხელ, როგორ არ დათმო ერთმა პროფესორმა წერითი გამოცდის შემდეგ ნაწერები, მათი „დაშიფვრის“ საშუალება რომ არ მისცემოდა სხვას და ობიექტურად გაგვესწორებინა. მაგრამ მახსოვს მეორე ცნობილი პროფესორიც, რომელიც გავეშებული დარბოდა იმ აუდიტორიაში, სადაც ნაწერებს ვასწორებდით და ე.წ. პაროლებს ეძებდა“, - იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.

მისი თქმით, ეს იყო მაშინ საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი სასწავლებლის პრობლემა.

მშობლები და ახლობლები ელიან გამოცდაზე შესულ აბიტურიენტებს, ერთიანი ეროვნული გამოცდები, 2018 წელი, თბილისი

გარდატეხა - ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით 2005 წელს შეიცვალა. „ვარდების რევოლუცია“ ახალი მომხდარი იყო. განათლების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა და განათლების მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე (კახა) ლომაიამ მაშინ გარდამტეხი ცვლილებების გზა აირჩიეს.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბელა წიფურია, რომელიც მაშინ რეფორმატორთა გუნდის წევრი და პროცესის მონაწილე იყო, იხსენებს თავად ალექსანდრე ლომაიას სიტყვებს, ჩვენ ახლა გვაქვს ისტორიული მომენტი, როცა შეიძლება რაღაცის შეცვლა. თუ ეს არ მოხდება მალე, მერე შესაძლოა, საზოგადოებაც დაიღალოს, მთავრობამაც საკუთარი შეცდომები დააგროვოს, ნდობაც დაიკარგოს და ძალიან დიდხანს ვეღარ მოხერხდეს ცვლილებაო.

„ეს უნდა მომხდარიყო სწრაფად, მაგრამ თანმიმდევრულად. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს იყო სისტემური რეფორმა“, - გვეუბნება ბელა წიფურია.

პირველი, რაც განათლების სისტემაში უნდა შეცვლილიყო, იყო კორუფციული რეალობა, რომელიც იწყებოდა სკოლიდან და გრძელდებოდა ასპირანტურამდე. ამ სქემაში ჩართული იყო ყველა: მასწავლებლიდან დაწყებული - მეცნიერით დამთავრებული.

უნივერსიტეტებში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არავინ ფიქრობდა. დაბალი ხელფასები, მოშლილი ინფრასტრუქტურა, არანაირი საერთაშორისო ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და გაცვლითი პროგრამები. სამაგიეროდ, ქალაქის ცენტრში მდგარი უნივერსიტეტის კუთვნილ ფართში სახინკლე იხსნებოდა.

ცალკე ამბავი იყო მეცნიერების სფეროში არსებული კორუფცია. არასწორად განაწილებული სამეცნიერო გრანტები, მეცნიერებათა აკადემიის გაუმჭვირვალე მუშაობა და ა.შ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, 2018 წელი, თბილისი

თუმცა, მისაღები გამოცდები მაინც ყველაზე საგრძნობლად კორუმპირებულ სივრცედ რჩებოდა და თან, ის ეხებოდა ძალიან ბევრ ოჯახს საქართველოში, ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან.

„მხოლოდ გამოცდების წესის ცვლილებით, ცხადია, განათლების სისტემის რეფორმა არ მომხდარა და ვითარება არ გაუმჯობესებულა. იმისთვის, რომ ეს ერთი რგოლი - მისაღები გამოცდები ყოფილიყო გამჭვირვალე და სამართლიანი, მთელი სისტემის შეცვლა მოგვიხდა. სკოლის, უნივერსიტეტების, სამეცნიერო წრეების დონეზე. მაშინ შეიქმნა სწორედ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, დაიწყო საუნივერსიტეტო აკრედიტაცია, მაშინ შეიქმნა დაფინანსების სქემა და ა.შ.“, - იხსენებს ბელა წიფურია.

წლებით ადრე, 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც ბელა წიფურიამ გვიამბო, ჯერ კიდევ თამაზ კვაჭანტირაძის განათლების მინისტრობის დროს, საქართველომ დაიწყო მოლაპარაკება მსოფლიო ბანკისგან დიდი სესხის აღების თაობაზე, საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნის და განმტკიცების პროგრამის განსახორციელებლად.

ეს პროექტი (რომლის ნაწილიც იყო ქვეყნის გადასვლა ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელზე) ამუშავდა განათლების შემდგომი მინისტრის, ალექსანდრე კარტოზიას პერიოდში. თუმცა, როგორც ბელა წიფურია მოგვითხრობს, მაშინ არ იყო ზუსტად გაწერილი, როდის ამოქმედდებოდა გამოცდების ეს მოდელი და, მით უმეტეს, არავინ ელოდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წელს უკვე ჩატარდებოდა.

ამისთვის საჭირო იყო ფული, ადამიანური რესურსი და, რაც მთავარია, ცვლილებების პოლიტიკური ნება:

„ეს ნება „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მოსულ მთავრობას მაშინ ნამდვილად ჰქონდა“, - უთხრა ბელა წიფურიამ რადიო თავისუფლებას.

2024 წელს, განათლების რეფორმის დაწყებიდან 20 წელი გადის. ერთიანი ეროვნული გამოცდებით უმაღლესში მოხვედრილმა თაობამ კი არაფერი იცის პაროლების, დანიშნული რვეულებისა თუ კომისიის წევრებთან საიდუმლო შეხვედრების შესახებ.