4 მოშიმშილე - 1 მიზანი

Your browser doesn’t support HTML5

1 ივლისის დილას პარლამენტის შენობასთან აქციაზე 4 კაცი შიმშილობდა. შიმშილობის მე-9 დღეს გიგა ლემონჯავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხდა. დღის ბოლოს პარლამენტის შენობასთან 3 კაცი შიმშილობს. მოთხოვნა უცველია - გახარია უნდა წავიდეს!
20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაშლილი აქციის საპასუხოდ სამმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო. ორი მათგანი შიმშილობის აქციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო გამოეთიშა. თუმცა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას სხვა აქტივისტებმა მიმართეს.
საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს ასამბლეის სხდომა მიჰყავდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან.
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ 20-21 ივნისს დაკავებულთა გათავისუფლებასაც, ძალის გადამეტებაში დამნაშავე სამართალდამცავების დასჯას და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.
აქციის მე-12 დღეს შეუსრულებელია 2 მოთხოვნა: დამნაშავე სამართალდამცავების დასჯა და შინაგან საქმეთა მინისტრის - გიორგი გახარიას გადადგომა.