დილის ხუთი საათია, ბნელა და სიცივე ძვლებში ატანს. მატარებლის ბაქანზე მხოლოდ ორნი ვართ, ორივე ჟურნალისტი. მედიკასკენ მიმავალ მატარებელს ველოდებით, საზღვრისკენ მივდივართ. ოდესღაც არაფრით გამორჩეული, პატარა დაბა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, ახლა მოვლენების ეპიცენტრშია - ლტოლვილებისთვის ერთ-ერთ მთავარ გადასასვლელად იქცა ევროპაში. ლვოვიდან ყველაზე მეტი მანქანა აქეთ მოდის, ხალხი კი კილომეტრიან რიგში დგება უკრაინის მხრიდან.
ჩვენ როცა ჩავდივართ, შედარებით ნაკლები ხალხია - ასობით, მაგრამ ათასობით არა. გაკითხვა-გამოკითხვით ვიგებ, რომ როცა ქალაქები მასიურად იბომბება, ნაკადი მცირდება, ავტობუსები ვერ ახერხებენ სახიფათო გზებით სიარულს, ან ლვოვში მიმავალ მატარებელს, საჰაერო განგაშის გამო შეჩერება უწევს. ასეთ დროს ყველა ვაგონში სინათლეს ქრება, მატარებელი იოლ სამიზნედ არ უნდა იქცეს.
„სამსახურს ეძებ პოლონეთში? დარეკე ჩვენთან“, - ომამდელი სარეკლამო ბანერები ისევ დგას რკინის ჯებირებით გამოყოფილი დერეფნის ორივე მხრეს, რომელიც პატარა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მოხალისეების კარვებისკენ მიემართება, მე კი საწინააღმდეგო მიმართულებით, საზღვრისკენ მივდივარ. “как перешли, полегчало” - როგორც კი საზღვარზე გადმოვედით, მოგვეშვაო, მეუბნება ჟანა კამინსკაია. ცალი ხელით შვილიშვილი, 3 წლის მაქსიმე უჭირავს, მეორით - ნაჩქარევად ჩალაგებული ჩანთა. ეს-ესაა მედიკის გამშვები პუნქტის კარიდან გამოვიდა, დაბნეული იყურება გარშემო. ჩემი ქალიშვილი წავიდა გასარკვევად, ვინ შეიძლება დაგვეხმაროსო, - მეუბნება. გადასასვლელთან უკრაინელებს არავინ ხვდებათ, მაგრამ ასიოდე მეტრში რამდენიმე კარავი დგას და მუყაოს ყუთებით ორცხობილებს და ჰიგიენურ საშუალებებს არიგებენ. თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც ჩაიზეა; ჩემი პოლონეთში ერთკვირიანი ყოფნის განმავლობაში ეს ალბათ ყველაზე ცივი დღეა. რკინის კასრებში ნაგავს წვავენ და ხალხიც ასე თბება.
ერთ-ერთ ქალს რამდენიმე პლასტმასის ჭიქა აქვს მიხუტებული და დიდ თეთრ კარავში შედის; მას მივყვები. შიგნით სულ ქალები და ბავშვები არიან, მოუხერხებლად სხედან და გათბობას ცდილობენ. ერთს, მეორეს, მესამე ქალს ვეკითხები, ვის ელოდებიან - არავინ არ იცის. უბრალოდ, პირველივე თბილი ადგილი იპოვეს თუ არა, შევიდნენ, დახმარება - გამოჩნდება. მედიკაში მოხალისეები კი არიან, მაგრამ რუსულის და უკრაინულის მცოდნე გაცილებით ცოტაა, ვიდრე თავშესაფრებში. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ჩემი იქ ექვსსაათიანი ყოფნის დროს. ეგ კი არა, ბევრმა ინგლისურიც არ იცის - მუდმივად მესმის პოლონური, ფრანგული, ესპანური, ებრაული.
კარავში ორი ქალი ვიპოვე, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, სად მიდიოდნენ. 43 წლის ირინა ხანინა და დედამისი, 70-ს გადაცილებული ნადეჟდა გრინჩენკო ირინას ქალიშვილს, ანას ელოდებიან. საიდან-მეთქი, ვეკითხები? - ჰოლანდიიდანო. ანას მეუღლემ გადაწყვიტა, ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანოს მანქანით, მერე კი ოჯახის წევრები გაიყოლოს, ამიტომ დედა-შვილი ზედ საზღვარზე ელოდება. ხარკოვიდან ორი დღე მოდიოდნენ, ჯერ კრემენჩუკში, მერე ლვოვში. ავტობუსი შემთხვევით იპოვეს ხარკოვში, ორი ადგილი ჯამში 3700 ჰრივნა (410 ლარი) დაუჯდათ. „შემხვედრი ზოლით მივდიოდით თითქმის სულ, სწრაფად“.
„ხარკოვისგან მალე არაფერი დარჩება. პირდაპირ ჩემს ბოსტანში დგას „გრადი“ (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა), რომელიც ხარკოვს ურტყამს. თითქოს სასოწარკვეთილები არიან, რომ ვერაფერს აღწევენ, თითქოს მაგიტომ ურტყამენ ყველაფერს გამეტებით“.
დადარდიანებული ირინა ხარკოვზე მიყვება, ქალაქზე, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ირინას ქმარი სარდაფშია, მიუხედავად იმისა, რომ მოტეხილობა აქვს, ცოლთან ერთად არ გამოუშვეს, რადგან 18-დან 60 წლამდე უკრაინის მოქალაქე მამაკაცებს, სამხედრო მდგომარეობის კანონის მიხედვით, ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ.
აი, ასაკოვანი ნადეჟდა კი მხნედ არის - უკვე მთელი ტერიტორია შემოიარა და ჩაიც მოგვიტანა. “она у меня крепкий орешек” - ეს ყოჩაღი მყავსო, მეუბნება ირინა. კარგია, რომ ვიცით სად მივდივართო, ამბობს ნადეჟდა. ჩანს, რომ ოპტიმისტია, ხმაც მხიარული აქვს. როცა იგებს, რომ საქართველოდან ვარ, მიყვება, სოხუმში რა კარგად ისვენებდა. როცა ვეუბნები, რომ სოხუმში არასდროს ვყოფილვარ, მხარზე ხელს მითათუნებს. „მაინც რა გაუმაძღრები არიან, ყველგან როგორ უნდა იომონ“.
დედა-შვილს ვემშვიდობები და გზას ზევით მივუყვები, იმ ადგილისკენ, სადაც მანქანები დგებიან. მანამდე ერთ-ერთ ეზოში შევუხვიე, შემოწირული ტანსაცმლის გორები დგას. აქვე კარავში, უამრავი საჭმელია, ფუჭდება კიდეც. ვეძებ მოხალისეს, რომელიც შეძლებს, ინგლისურად დამელაპარაკოს, და ბოლოს ერთ-ერთი ბიჭი, შესამჩნევი ფრანგული აქცენტით მიხსნის, რომ უამრავი დახმარება კი შემოდის, მაგრამ ორგანიზება რთულია, თანაც ბევრი რამ მართლა უსარგებლოა; საჭმლის ნაწილი მალე ფუჭდება, ზოგი ზაფხულის ტანსაცმელს ან სულაც ქუსლიან ფეხსაცმელებს აგზავნის.
როგორც იქნა, უკრაინაში მიმავალ მანქანებთან მივაღწიე: რამდენიმე მსუბუქი მანქანა, პირველადი დახმარების მინივენი და ერთი დიდი ავტობუსი დგას. მძღოლებს ფანჯარაზე მივუკაკუნე. უკრაინული შედარებით ცუდად მესმის, მაგრამ გავიგე, რომ ეს ავტობუსი უკვე 7 დღეა შეუჩერებლად დადის უკრაინა-პოლონეთს შორის, ლვოვიდან ფშემისლში ხალხი ჩამოჰყავს, უკან - ჰუმანიტარული დახმარება მიაქვს. ლვოვში დიდი რიგები დგას, 80-კაციან ავტობუსში 100 მგზავრი აჰყავთ ხოლმე.
სულ ბოლოს ორგანიზაციის “Rescuers without Borders” კარავში მივდივარ და ცვლის ექიმებს ველაპარაკები. მოყინული ხელ-ფეხი და სახეები, ჭყლეტაში დამტვრეული ნეკნები, მაღალი წნევა, ომისგან გამოქცეულების ყველაზე ხშირი საწუხარია. ფერნანდ კოჰენ-ტანუჯი, ხელმძღვანელი, ამბობს, რომ უფრო მეტი ფიზიკური დაზიანება არაუკრაინელ, ხშირად მუქკანიან ლტოლვილებს აქვთ, რადგან ისინი ძირითადად ფეხით, ტყე-ტყე გადმოდიან და უფრო ნაკლებად - ტრანსპორტით. მათი უმეტესობა მამაკაცია.
უკან რომ მოვდივარ, ვხედავ, რომ ფშემისლიდან საზოგადოებრივი ავტობუსები მოდის. ისინი შემოსულებს ჩემთვის უკვე ნაცნობ “ტესკოში” წაიყვანენ. ერთი კვირის თავზე, პოლონეთში ყველაზე მსხვილ მიმღებ პუნქტში ძირითად სამუშაოს მოხალისეები ასრულებენ, მთავრობისგან მცირე საორგანიზაციო ხელშეწყობით. მედიკაში რამდენიმე პატარა ორგანიზაციასა და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან (თავიანთი კარავი არ ჰქონდათ, უბრალოდ ხალხს აგროვებდნენ) საუბრით დავასკვენი, რომ მედიკაში ლტოლვილთა დიდი ბანაკის მოწყობა იგეგმება, თუმცა არავინ იცის, როდის.
მედიკა, საზღვარი
6 მარტი, 2022 წელი
ასევე ნახეთ
დღე პირველი: ქუთაისი-ბერლინი-ფშემისლი ფშემისლის თავშესაფრები: წერილი 2თამუნა ჩქარეული პშემისლიდან - "დღეღამეში აქ შემოდის და აქედან გადის დაახლოებით 15 ათასი ადამიანი"