„უკვე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ვამზადებთ მიმართვას სახალხო დამცველისთვის, რათა დაადგინოს სექსუალური შევიწროების ფაქტი“, - მეუბნება თეონა აქუბარდია. ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის სასესიო დარბაზში გამართული პოლემიკისას, მმართველი გუნდის დეპუტატმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
იურისტები ირაკლი ბერაიას უხამს რეპლიკაში არა ე.წ. რიგით სიტყვიერ შეურაცხყოფას, არამედ სექსუალურ შევიწროებას ხედავენ, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, თეონა აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში მიმართოს სასამართლოსაც და ირაკლი ბერაიას მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტზე დაიწყოს დავა.
თეონა აქუბარდია, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ანუ ირაკლი ბერაიას მოადგილეცაა, კოლეგის რეპლიკებს არა მხოლოდ გენდერულ, არამედ მუქარის ჭრილშიც განიხილავს:
„ნამდვილად არ ვაპირებ შემოვიფარგლო ბერაიას მიერ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით. აქ საუბარია რისკებზე, როდესაც მთელი სპეცსამსახურები დგას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის უკან. დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის არა მხოლოდ შევიწროება, არამედ, ეს არის გაფრთხილება სუს-ის მეთოდებით, რომ თუ არ გავჩუმდები, ამას შეიძლება დამატებით სხვა ზომებიც მოჰყვეს. მათ შორის, არ გამოვრიცხავ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფაბრიკაციის გამოქვეყნებას. შესაბამისად, მე ამ საქმეს ვუყურებ, ერთი მხრივ, გენდერის ჭრილში და, მეორე მხრივ, ეს არის სუს-ის მეთოდებით ბრძოლა საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ“.
31 ოქტომბრის პარლამენტის სხდომაზე, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა. თქვა, რომ მიზეზი, რის გამოც აქუბარდია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზების კასკადი კი დაასრულა ფრაზით: „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“.
გარდა მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისა, თეონა აქუბარდია მოითხოვს, რომ ირაკლი ბერაიამ დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ მოთხოვნას სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც უერთდებიან. თავად აქუბარდიასთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არა მხოლოდ მისი ღირსების დაცვის, არამედ მომავალში, სხვა ქალებისთვის მიცემული მაგალითია:
„როდესაც პოლიტიკაში მოვდიოდი, მთავარი ფიქრი, რის გამოც გამიგრძელდა გადაწყვეტილების მიღება, იყო ის, რომ მე ვიყავი ქალი და ვიცოდი, რომ ჩემი მისამართით აუცილებლად წამოვიდოდა დარტყმები როგორც ქალზე და არა პოლიტიკოსზე. ამიტომ უნდა გავაგრძელო ბრძოლა ყველა სამართლებრივი გზით, იმისთვის, რომ სხვა ქალებმა, ვისაც სურთ, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში, თავი იგრძნონ დაცულად და ის ნორმები, რომელიც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ“, იყოს დასჯადი. ჩვენ მსგავს საქციელს არათუ შევეგუებით, არამედ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები არ იქცეს ნორმად“.
31 ოქტომბერს მხოლოდ თეონა აქუბარდია არ გამხდარა კოლეგა კაცების მხრიდან უხამსი შინაარსის შემცველი მიმართვის ობიექტი.
მმართველი გუნდის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს ასე მიმართა: „ჩვეულებრივი ბანძიქალა ხარ. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და ახლა დაწყნარდი. წადი აქედან, შე ბანძო, გაიარე. ფარჩაკი, ბანძი, რა“. დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების შესახებ საუბრობდა.
რატომ სექსუალური შევიწროება?
სექსუალური შევიწროება ეს არის სექსუალური შინაარსის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც ადამიანს უქმნის მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს, შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან ღირსებას ულახავს.
იურისტები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიას რეპლიკა თეონა აქუბარდიას მიმართ იყო სწორედ სექსუალური შევიწროება და სახეზეა კანონის დარღვევის ობიექტური მოცემულობა - ანუ, სექსუალური შევიწროების ფორმა, რომელიც აკრძალულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონით, შრომის კოდექსში არსებული ჩანაწერით.
ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, წლებია სექსუალური შევიწროების საქმეებზე მუშაობს და, ფაქტობრივად, არ არსებობს საქართველოში წარმოებული სექსუალური შევიწროების საქმე, სადაც ის და მისი ორგანიზაცია დაზარალებულის ინტერესების დამცველის სტატუსით არ იყოს წარმოდგენილი.
ის დარწმუნებულია, რომ თუკი ირაკლი ბერაიას საქმე სასამართლოში წავა, იქ აუცილებლად დადგინდება მისი მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი:
„როგორც ადვოკატმა, შემიძლია გითხრათ, რომ სახეზე გვაქვს სტანდარტული სექსუალური შევიწროების საქმე. შესაბამისად, ბოდიშის მოხდა და ვწუხვარ, საკმარისი აღარ არის, როდესაც კანონი დაარღვიე, ხარ კანონდამრღვევი და ამისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაგეკისროს“.
ანალოგიურად ფიქრობს ის ალუდა ღუდუშაურის რეპლიკებთან დაკავშირებითაც და იმედს გამოთქვამს, რომ ქალი დეპუტატები, რომლებიც, მისი სიტყვებით, სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ, დროულად მიმართავენ სასამართლოს და დაიწყებენ დავას კოლეგა კაცების მხრიდან ჩადენილი სექსუალური შევიწროების საქმეზე:
„ეს არის პრინციპის ამბავი. გვესმის, რომ ქალის არჩევანია, მიმართავს თუ არა სასამართლოს, მაგრამ ამ ქალებს ახლა უყურებს რამდენიმე ასეული ათასი ქალი. თუ ეს ქალები არ იაქტიურებენ, მაშინ არაერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი ჩაიქნევს ხელს. ამიტომ მგონია, რომ ამ ქალებმა სრული სიმკაცრით უნდა მოითხოვონ რეაგირება. მხოლოდ ბოდიში, თანამდებობის დატოვება, თუკი ეს ასე მოხდა, საკმარისი არ იქნება“.
იურისტის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევებში, კანონს არღვევს არა მხოლოდ ის, ვინც ამ ფაქტს სჩადის, არამედ ის, ვისაც შეეძლო ამ კანონდარღვევის თავიდან არიდება, შეჩერება და ეს არ გააკეთა:
„მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე... ასევე, საკითხავია, რატომ არ ამოქმედდა შიდა მექანიზმები? ყოველი წუთი, როდესაც ამ ტიპის სამართალდამრღვევი ადამიანი პასუხისმგებლობის გარეშე რჩება, ამძიმებს თავად პარლამენტის პასუხისმგებლობის საკითხს, რადგან ამ ტიპის სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციასაც, ე.ი. ორგანიზაციამ არ შექმნა უსაფრთხო გარემო“.
ამ შემთხვევაში, სრულად იქნა უგულებელყოფილი საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის მესამე მუხლი, რომელიც არეგულირებს პარლამენტის წევრების ქცევის წესებს და ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტში წერია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება“.
როგორც წესი, პარლამენტარის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხზე პარლამენტის ეთიკის საბჭომ უნდა იმსჯელოს. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს პარლამენტში, დღეს საქართველოს პარლამენტს არ ჰყავს ეთიკის საბჭო: „საბჭოს წევრების რაოდენობა გაიზარდა 22-მდე, საბჭოს თავმჯდომარე არ არის ჯერ არჩეული და ისე გამოვიდა, რომ ოფიციალურად არსებობს საბჭო, მაგრამ რეალურად, ჯერ არ არსებობს“.
არაეფექტური და ბუტაფორიულია პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული საბჭოს რეაგირებაც მსგავს ფაქტებზე.
„გენდერული საბჭოს მხრიდან ძალიან მკაცრი უნდა ყოფილიყო არა მარტო შეფასება, არამედ სამართლებრივი შეფასება“, - ამბობს ანა არგანაშვილი და ამატებს: „ამ საბჭოს უკვე დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. გენდერული საბჭო ამის შემდეგ რომ მოინდომებს, სხვას ასწავლოს და დაუდგინოს სტანდარტი სექსუალურ შევიწროებაზე, სამწუხაროდ, ამის ლეგიტიმაცია ვეღარ ექნება, რადგან თავად რეაგირებს არაადეკვატურად მსგავს საქმეებზე“.
პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, მმართველი გუნდის წევრი, 31 ოქტომბერს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შეფასებისას, სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტით შემოიფარგლა და დაწერა:
„დღეს პოლიტიკურ განცხადებებში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს რა იყო ამის წინაპირობა“.
სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სამართალდარღვევას შორის?
როდესაც საპარლამენტო პოლემიკისას წარმოთქმული ფრაზები და რეპლიკები სასესიო დარბაზიდან სასამართლოს დარბაზში ინაცვლებს, ხომ არ წარმოიქმნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე, ხომ არ ვაყენებთ რისკის ქვეშ ფუნდამენტურ უფლებას, მხარეებმა დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები თუნდაც ხისტი, მეორე მხარისთვის მიუღებელი ფორმით?
ამ მოსაზრებაზე ანა არგანაშვილს, როგორც იურისტს, ერთი პასუხი აქვს:
„ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს აქვთ მაღალი დაცულობა სიტყვის თავისუფლების კუთხით, განსაკუთრებით, პოლიტიკურ დებატებში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქალზე სექსუალური შინაარსის ძალადობას, აქ სიტყვის თავისუფლების დეფინიცია აღარ არის რელევანტური - აქ საქმე გვაქვს ძალადობის ფორმებთან. ასეთ დროს ადამიანები აზიანებენ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქალის ინტერესებს, არამედ ძალიან ბევრი ქალის. რაიმე რეიტინგი რომ გვქონდეს ქალთა უფლებების მიმართულებით, ჩათვალეთ, რომ გუშინ 20 პუნქტით მაინც დავიხიეთ უკან“.
დაიცავს თუ არა იმუნიტეტი ბერაიას, თუკი თეონა აქუბარდია სასამართლოში წავა?
ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ვერ დაიცავს და აი, რატომ:
„ეს რომ იყოს სისხლის სამართლის საქმე, სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა, მაშინ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის თაობაზე... და ა.შ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციას, ამ დროს პარლამენტარს არ იცავს იმუნიტეტი. სექსუალური შევიწროება შედის სექსუალური ძალადობის საერთაშორისოდ აღიარებულ ფორმებში და ვერაფერი გადაფარავს მის სიმძიმეს“.
სექსიზმისა და მიზოგინიის ტალღა პარლამენტში
სექსისტური, მიზოგინური გამონათქვამები და პოლიტიკური ოპონენტების გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ქართულ პოლიტიკაში არცთუ იშვიათი მოვლენაა. 31 ოქტომბერი არ ყოფილა გამონაკლისი.
პოლიტიკური ოპონენტები მიზოგინიასა და სექსიზმს მაშინ მიმართავენ, როდესაც სურთ, დააკნინონ პოლიტიკური „მტერი“ ქალი (და არა მხოლოდ ქალი), ცდილობენ ისინი წარმოაჩინონ არასრულფასოვან, დაბალი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებად და ასე შეეცადონ მათ „დამარცხებას“, დისკრედიტაციასა და დამცირებას.
მართალია, 31 ოქტომბერს, დღის ბოლოს, ირაკლი ბერაიამ კოლეგის მიმართ გამოთქმული ღირსების შემლახავი და სექსისტური გამონათქვამების გამო ბოდიში მოიხადა და ის „ემოციურად გადაჭარბებულად“ შეაფასა, თუმცა, ამ სიტყვიერი „სინანულის“ გარდა მას სხვა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე არც კი უფიქრია.
„შეირგეთ ბოდიში“-ო, ასე მიმართა ოპოზიციას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
ირაკლი ბერაიას აგრესიისა და უხამსი გამონათქვამების გამართლებას პირველ ნოემბერს თავგამოდებით ცდილობდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც აქეთ ადანაშაულებდა ქალ დეპუტატებს „უღირს“ და „არაქალურ“ საქციელში, რომლითაც ისინი ახდენენ „ქართველი ქალის, პოლიტიკოსი ქალის დისკრედიტაციას“:
„არავითარი მორალური უფლება, განსაკუთრებით ამ ქალ დეპუტატებს არ აქვთ ისაუბრონ არც ზრდილობაზე, არც ეთიკასა და არც არაფერზე. თქვენ იცით, როგორ იქცევიან ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში. ყველაზე სამარცხვინოდ იქცევიან. ჩვენი შემოღებულია გენდერული კვოტები და გენდერული კვოტების დისკრედიტაციას ახდენენ ეს ადამიანები. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ გენდერული კვოტების პირობებში, გაუმჯობესდებოდა პარლამენტში გარემო, შემცირდებოდა პოლარიზაცია, იქნებოდა ნაკლები უზრდელობა, ეთიკის წესების დარღვევა და ა.შ. ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. რა თქმა უნდა, ასეთები არ არიან ქართველი ქალები, როგორებიც ეს ქალები არიან. ისინი ახდენენ ამ ფენომენის დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია ქალი, პოლიტიკოსი ქალი“.
ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ქალი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ირაკლი ბერაიამ ბოდიშის მოხდით ღირსეული საქციელი ჩაიდინა. ქალ კოლეგებს კი შეახსენა ორი თვის წინ, კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაშლილი ბანერი, რომლის გამოც ბოდიში არავის მოუხდია:
„თეა წულუკიანი ქალი პოლიტიკოსი არ არის? რა ბანერი გაუშალეს მას, ხო გახსოვთ ეს ყველაფერი? სად იყო მაშინ ქალი პოლიტიკოსის პატივისცემა, სად იყო კაცი პოლიტიკოსების რეაქცია ოპოზიციიდან, ბოდიში მოისმინეთ ვინმესგან? თეონა აქუბარდიას, ხატია დეკანოიძეს, სამნიძეს და სხვებს, წითლიძეს და ა.შ. ღირსება არ ეყოთ, რომ ბოდიში მოეხადათ არაქალური საქციელისთვის, უწმაწურობისთვის, მათ შორის, რაც ჩაიდინეს ქალი პოლიტიკოსის მიმართ. ანუ ღირსება აქვს ბერაიას, რომელმაც სინანული გამოხატა და ღირსება არ აქვს ამ ქალებს, რადგან არცერთხელ ბოდიში არ მოუხდიათ საკუთარი ბილწსიტყვაობისთვის, უწმაწურობისთვის და შეურაცხყოფისთვის“.
20 სექტემბერს, თინა ბოკუჩავამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და მისი ტრიბუნის წინ გაშალეს „ქართული ოცნების“ დროშა წარწერით, „Русский военный корабль, иди на х*й!“.
ამ ჟესტს პარლამენტში, 20 სექტემბერს, არაერთი სექსისტური გამონათქვამი მოჰყვა როგორც პარლამენტის წევრებისგან, მათ შორის, ირაკლი კობახიძისგან, ისე პარლამენტის თავმჯდომარისგან და თავად კულტურის მინისტრისგან, თეა წულუკიანისგანაც.
ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარე, ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია აკვირდება და სწავლობს პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ უკანასკნელ პერიოდში, ქართული პოლიტიკის ე.წ. კულტურის ნაწილადაა ქცეული ქალი კოლეგების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა, სექსიზმი და მიზოგინია:
„ყოველი საგნობრივი მსჯელობისას, რომელშიც ქალი დეპუტატები მონაწილეობენ და განსხვავებულ ან კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებენ, მათ წინააღმდეგ ხდება ძალადობის ელემენტების გამოყენება. და ეს ხდება იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ქალები განაიარაღონ, არ ისმოდეს განსხვავებული აზრი და, მეორე მხრივ, ამ ტენდენციას სხვებისთვის მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს, რომ თუკი შენ ჩაერთვები პოლიტიკაში და განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებ, სათანადო პასუხს მიიღებ და იცოდე, ამისთვის არავინ დაისჯება“.
31 ოქტომბერს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“.
ისინი ამბობენ, რომ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, რომლებმაც საქართველოში დიდი ძალისხმევა გასწიეს გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ბრძოლით მოპოვებული მიღწევების გაუმჯობესების ნაცვლად, რეგრესი მიიღეს:
„პარლამენტის ინციდენტი მოტივაციას უკარგავს ქალებს, რომლებსაც სურთ, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში ან გახდნენ პოლიტიკის შემქმნელები. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარმოუდგენელია ქვეყანამ მიაღწიოს თანასწორობას მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც თავად უნდა იყოს სწორი პოლიტიკის შემქმნელი და ხელს უწყობდეს უთანასწორობის აღმოფხვრას, უხეშად ირღვევა ქალთა უფლებები და ხელი ეწყობა პატრიარქატის გაძლიერებას. მეტიც, ყოველივე ეს ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, სტატისტიკურად საგანგაშოდ მზარდი ფემიციდის შემთხვევების ფონზე.
საერთაშორისო პრაქტიკით, სანქციები განსხვავდება ქვეყნისა და საკანონმდებლო ორგანოს მიხედვით და შეიძლება მოიცავდეს სიტყვის უფლების ჩამორთმევას, გაფრთხილებას პარლამენტის თავმჯდომარის ან საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილი პირებისგან, საყვედურს, ფინანსურ ჯარიმას, მანდატის შეჩერებას და გარიცხვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ სექსიზმი და მიზოგინია - პოლიტიკოსების იარაღი ქალი „მტრების“ დასამარცხებლადპოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა - რა ხდება მსოფლიოში?
„პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა“ - ამ სათაურით გამოქვეყნდა 2022 წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიში.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც სხვადასხვა კვლევას ეყრნობდა, პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული და სულ უფრო ძლიერდება. ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სხვადასხვა ქვეყანაში გამოკითხულ ქალ პარლამენტართა 85.2%-ს თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გამოუცდია ფსიქოლოგიური ძალადობა, 46.9%-ის მიმართ განხორციელებულა სიკვდილის, გაუპატიურების ან ცემის მუქარა, 58.2% აღმოჩენილა სოციალურ ქსელებში ონლაინ სექსუალური თავდასხმების სამიზნე, 24.7%-ს კი განუცდია სექსუალური ძალადობა.
IPU (ინტერსაპარლამენტო კავშირის) კვლევის თანახმად, შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლ ქალ პარლამენტართა 57.7% შოკირებული იყო ძალადობის გამოცდილებით, სხვები კი თავს გრძნობდნენ „დამცირებულად, გაბრაზებულად, დამწუხრებულად ან დაბნეულად იმ მომენტში, ...რასაც შემდეგ მოჰყვა შფოთვა, ჯანმრთელობის პრობლემები და ძილის აშლილობა. მათი ერთი მესამედი შიშობდა საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოების გამო, ბევრ მათგანს კი მოუწია დაცვის და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება“.
როგორც ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში ვკითხულობთ, პოლიტიკაში ქალების ძალადობისგან დასაცავად უნდა არსებობდეს სამართლებრივი დეფინიციები და აქტები, რომლებშიც განმარტებული იქნება, რას გულისხმობს ამ ტიპის ძალადობა და დაწესებული იქნება რეფერირების, დაცვისა და სამართლებრივი დევნის ზომები, ასევე, ეფექტური, პროპორციული და შემაკავებელი სანქციები.
დღეს მსოფლიოში არსებობს პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის კანონმდებლობაში ასახვის გარკვეული მცდელობები, რომლებიც მოიცავს როგორც ცალკე, სპეციალური კანონების შემუშავებას, ისე ამ საკითხის ინტეგრირებას ქალთა მიმართ ძალდობის შესახებ უფრო ფართო საკანონმდებლო ჩარჩოში.
ბოლივია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო კანონი №243 ქალების შევიწროებისა და ქალთა მიმართ პოლიტიკური ძალადობის შესახებ. შემდეგი იყო ეკვადორი, პერუ, კოსტა-რიკა და მექსიკა.
ახალი კანონების შემუშავებაზე ან ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა მიმდინარეობს, ძირითადად, ლათინურ ამერიკაში, ასევე, ტუნისში.