იმ დღეს, როცა საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საბოლოოდ მიიღო “აგენტების კანონი”, რომელსაც ხალხმა „რუსული“ შეარქვა, პარლამენტთან სხვებს შორის იდგა ახალგაზრდა კაცი ბანერით, რომელსაც ეწერა ”თქვენს გამო ემიგრაციაში არ წავალ!!”
2023 წელს, როცა საქართველოს პარლამენტში პირველად დარეგისტრირდა “აგენტების კანონი”, ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში - უკეთესი მომავლის თუ პერსპექტივის იმედით შარშან ქვეყანა 163 ათასმა ადამიანმა დატოვა. ეს არის დაახლოებით იმდენი ადამიანი, რამდენიც იდგა ევროპის დღეს რიყეზე გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 მაისს.
თუკი წინა წლებში ემიგრაციაში დიდწილად იმიტომ მიდიოდნენ, რომ საქართველოში უცხოეთში გამომუშავებული შემოსავალი გადმოერიცხათ, ბოლო ორ წელიწადში თავისუფლების შეზღუდვისა და უპერსპექტივობის განცდას გაურბიან. ადრე თუ ოჯახის რომელიმე წევრი მიდიოდა, ახლა ოჯახებთან ერთად ტოვებდნენ სამშობლოს.
“აგენტების კანონის” მიღებამ მეორე ცდაზე მის მოწინააღმდეგეებს შორის გააცოცხლა მსჯელობა იმაზე, ახლა ხომ არ არის საუკეთესო მომენტი ქვეყნიდან წასასვლელად - მანამ სანამ რეპრესიები მთელი სისასტიკით ამუშავდება. ამ განხილვებში მუდმივად ისმის მოსაზრებაც, რომ როცა წასვლაზე ფიქრობ და უკან დასახევ გზას ამზადებ, ნაკლები თავგანწირვით იბრძვი მიზნის მისაღწევად.
“თუ კარგია თვითონ წავიდნენ აქედან, ჩვენ რატომ წავიდეთ?!” - ეს ფრაზა ხშირად ისმის უკმაყოფილო მოქალაქეების მხრიდან, რომელთა უმეტესობა თანხმდება, რომ საბოლოოდ ქვეყნის და მათი ამ ქვეყანაში დარჩენის პერსპექტივა ოქტომბერში, არჩევნებზე გადაწყდება. ამ მსჯელობებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა ემიგრაციის კიდევ ერთ ტალღას ააგორებს.
“ოქტომბერს დაველოდები და მერე ვნახოთ” - ახლა ამ ფრაზას ისე ხშირად გაიგონებთ ახალგაზრდებისგან, როგორც ახალ წელს “ჯერ სახლში და მერე ვნახოთ” - კითხვაზე პასუხად, “სად ხვდები ახალ წელს?”
“ყოველდღე ვფიქრობ წასვლაზე, თითქმის მთელი ცხოვრებაა. მაგრამ მაინც აქ ვარ და აქ ვარ სინამდვილეში ძალიან პათეტიკური მიზეზების გამო, ქართველი ვარ, საბოლოო ჯამში. მიყვარს ეს ენაც, კულტურაც, ხალხიც და მაგიტომ არ მივდივარ. სადღაც მჯერა, რომ შეგვიძლია სახელმწიფო შევქმნათ და მირჩევნია ჩემი სახელმწიფო მე თვითონ ავაშენო, ვიდრე ვიღაცის აშენებულში ჩავიდე, სოციალური სტატუსი მომანიჭონ და 400 ევრო მიხადონ ყოველთვე”, - მეუბნება მუსიკოსი, პანკროკ/მეტალ ბენდ Quemmekh [ქვემეხი]-ის სოლისტი სანდრო ქერაული.
ის ერთ-ერთია “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ ორასამდე მოქალაქეს შორის. სანდრო 2 მაისს გმირთა მოედანზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს იმ დროს, როცა მეგობარ გოგოსთან ერთად იდგა და 2 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოკეტეს.
სანდრო ჰყვება, რომ პოლიციელები დაჟინებით ეკითხებოდნენ ერთსა და იმავეს, დაკავების მერეც ივლიდა თუ არა აქციებზე? მუსიკოსი არც დაკავების შემდეგ გამოაკლდა საპროტესტო მოძრაობას, მაგრამ თვალი გაუსწორა შიშს, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე “აგენტების კანონის” გამო უკმაყოფილება. სანდროს ეშინია, არ გამოეპაროს ის მომენტი, როცა საქართველოდან წასვლა უკვე შეუძლებელი იქნება.
„აგენტების კანონის“ საბოლოო დამტკიცებიდან 3 დღეში ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ დასასჯელია ყველა, ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგებოდა, - დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა 31 მაისს თქვა, რომ “ეგზისტენციალური საკითხია” “ლუსტრირებული ჯაშუშებისა” და იმ უკმაყოფილო მოქალაქეების დასჯა და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, ვინც ღიად აკრიტიკებს მთავრობას.
ასევე ნახეთ „ჯაშუშების“ საჯარო გასამართლების გეგმა - ვის და როდის უპირებს დაჭერას ხელისუფლება“ნებისმიერ დროს შემიძლია წავიდე, ისეთი პროფესია მაქვს, განათლებაც ევროპაში მაქვს მიღებული და ბევრი შეთავაზებაც მიმიღია, რომელზეც უარი მითქვამს იმის გამო, რომ მართლა ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ბოდიალი მიყვარს, ტყეში სიარული, ის სოკოები, რასაც ამ ტყეებში ვპოულობ, ახლად შემოსული პომიდორის სურნელი მიყვარს გაზაფხულზე და არსადაც არ მინდა წასვლა", - მეუბნება თინა ვაშაკიძე, შეფმზარეული და კულინარიის აკადემიის ლექტორი, რომელსაც სურს “ჩაქაფული” დემოკრატიულ საქართველოში აკეთოს.
თინა თავის სტუდენტებთან და კოლეგებთან ერთად პერიოდულად რუსთაველზე “საოცნებო ქელეხს” მართავს და შილაფლავსა და ლობიოს ამზადებს ხელისუფლების “იმ ქვეყანაში” გასაშვებად. მარტო ამას არა. აქციის მონაწილეებს მშრალი და ნოყიერი საკვების პაკეტებსაც ურიგებს.
“მე მჯერა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ცვლილებების მოხდენა, თუ ღირებულებები მყარი აქვს და მტკიცეა თავის რწმენაში, მე მჯერა ამ ქვეყნის წარმატების ჯერ კიდევ 1992 წლიდან, ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ ქვეყანას ერთ დღესაც ექნება შვება. ერთიც რომ დავრჩე, მაინც გავაკეთებ, რაც მნიშვნელოვანი იქნება ამ ქვეყნის ეროვნული ინტერებისთვის… სანამ ვარ, ვარ იმისთვის, რომ ამ ქვეყნისთვის რამე გავაკეთო”, - მეუბნება ყოფილი საჯარო მოხელე, არაერთი სამოქალაქო ინიციატივის ავტორი და ამჟამად წვრილი მეწარმე, ნათია კალანდარიშვილი.
მას სოლოლაკში, პატარა საცხობში ვხვდები. აქ პური და ფუნთუშები ქართული ენდემური ხორბლის ჯიშებისგან დამზადებული ფქვილით ცხვება. ნათიამ და მისმა მეგობარმა სალომე ზაქარაიამ, რომელიც წლებია ქართული ხორბლით ცხობის ტექნოლოგიებს ამუშავებს, საცხობი ერთი წლის წინ გახსნეს. ოცამდე თანამშრომელი ჰყავთ, არცერთმა მათგანმა არ იცოდა პურის იმ ტექნოლოგიით ცხობა, რომელსაც ახლა იყენებენ. ნათიას ოცნება ქართული ბაზრიდან რუსული ფქვილის განდევნაა - დღეს ხორბლის იმპორტი სრულად და ფქვილის იმპორტის 97% რუსეთზე მოდის.
“მე მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში უფრო მეტი ქართული ხორბალი იქნება, ვიდრე რუსული - თავიდან დღეში 5 პურს ვყიდდი და არ მედარდებოდა, რომ ერთი თეთრი არ მქონდა მოგება. ამას აქვს მნიშვნელობა საქმეში, რამდენად გჯერა შენი იდეის. თავიდან ერთი მეწარმე მყოფნიდა, ფქვილით მოსამარაგებლად, ახლა უკვე სამი მჭირდება”, - ჰყვება ნათია, რომელმაც ხან ამერიკაში ისწავლა, ხან ევროპაში, მაგრამ ემიგრაციაში წასვლაზე არასოდეს უფიქრია.
“შეიძლება ისე ჟღერს, მაგრამ სამშობლო მართლა ერთია და ახალი სამშობლოს პოვნა ჩემთვის გამორიცხულია. ემიგრაცია საქართველოში ყოველთვის იყო არა ინდივიდების განვითარების ან ბედნიერების შესაძლებლობა, არამედ ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხი, გადარჩენის გზა. მე მესმის იმ ადამიანების, ვინც მიდის, მაგრამ მათ უმეტესობას უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა სხვაგან. და ისიცაა, რომ როცა ადგილს კარგავ, ამ ადგილს სხვა იკავებს, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას ვერაფერი ვერ აჩერებს”.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 95.6%-ით გაიზარდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები ამ წელს აჩვენებდა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობდა ყოველი მეექვსე ადამიანი.
2023 წლის დეკემბრის ბოლოს NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% ამბობდა, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა.
“სულ ვფიქრობდი წასვლაზე, განსაკუთრებით მძიმე პერიოდებში, როცა ქმარს დავშორდი, სამსახურიდან წამოვედი. ამ კანონის ამბავიც რომ დაიწყო მეორედ, პირველი რაც ვიფიქრე, იყო, რომ აი, ახლა კი წავალ, მაგრამ მერე ეს მუხტი და ამდენი ხალხი რომ ვნახე, ვიფიქრე, არსადაც არ წავალ, აქ მქონია ევროპა, ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვრო, აქ გავზრდი ჩემ შვილებს. ვისაც კი ვიცნობ, ვისაც კი პატივს ვცემ, ვისაც ასე შორიდან ვეთაყვანები, ყველა იქ იყო და თურმე რამდენი ვყოფილვართ… დამენანა ამ ჯოჯოების საძიძგნად ამ ქვეყნის დატოვება… პირველად ვამბობ ამას ხმამაღლა”, - მეუბნება მარკეტინგის სპეციალისტი ნესტან მამაცაშვილი. ის 8 წლის წინ დაბრუნდა იტალიიდან, სადაც სწავლობდა. აქ ეყოლა ორი შვილი და აქ წამოიწყო თავისი მცირე ბიზნესიც. ნესტანი “აგენტების კანონის” სამიზნეა - პატარ-პატარა გრანტები აქვს დასავლეთიდან.
“კანონის მეორე მოსმენა რომ იყო, პარლამენტთან ვიყავი აქციაზე, ერთი ესტონელი ჟურნალისტი მოვიდა და მეკითხებოდა, როგორ აპირებთ ამ ომის მოგებასო. არანაირი ფორმულა არ მაქვს, მართლა არ ვიცი, მაგრამ ჩემი ტვინი არ უშვებს, რომ შეიძლება ეს ქვეყანა მეორე რუსეთი გახდეს. ის მამშვიდებს, რომ მარტო არ ვარ და მთელი ქვეყანა ეგრე ვართ”, - ამბობს ნესტანი და ამატებს, რომ მომდევნო თვეების ეშინია. მას აქვს მოლოდინი, რომ ამ დროის განმავლობაში ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება ხალხის შეშინებას, ზოგი წავა, ზოგი გაჩუმდება და ეს იქნება რთული, მტკივნეული პროცესი.
“თუ მაინც მომიწია საქართველოდან წასვლამ, სანამ მაგ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემ თავთან უნდა ვიყო მართალი. მინდა ვიცოდე რომ მე, რიგითმა ადამიანმა, ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო, როგორც ორი შვილის მარტოხელა დედას. ეგეც როგორი ამბავია, რომ წინა რიგებში ვერ დგები და თავს ვერ შეაკლავ, იმიტომ რომ მერე ეს ორი ბავშვი დარჩება დედის გარეშე. სიგიჟეა, ამაზე ფიქრიც კი სტრესია და შფოთვა”.
საქართველოში მოსახლეობის 80%-ს სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს - იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წელს შესაძლებელია, ხელისუფლების ანტიდასავლური კურსი, ხისტი პოლიტიკა და ბოლო თვეებში მიღებული სადავო კანონები საქართველოს დასავლური მომავლისთვის საფრთხეა. ქართველი მიგრანტების გეოგრაფია აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები უკეთეს განათლებას კეთილდღეობას, ავადმყოფობებისგან დაცვას, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ეძებენ. საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ხუთეული 2023 წელს იყო საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი. ამ სიაში შეერთებული შტატები მეექვსე ადგილზეა.
“20 წლის ასაკიდან მქონდა შანსი წავსულიყავი, სხვაგან მეცხოვრა, რაღაცეები მეკეთებინა - რამდენჯერაც წავედი, მაინც აქეთ მქონდა გული. მერე აქ დავიწყე ბევრი რამის კეთება. მუსიკას ლაბორატორია მოყვა, მერე კლუბი გავხსენი, რაღაცას რომ აშენებ შენ ქვეყანაში და ფასდები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვაგან. შემოვრჩი ასე და რაღა დაგიმალო, არც ვნანობ. ამ ეტაპზე აქ ბევრად მირჩევნია და მერე ვნახოთ. მე მგონია, რომ იქ რაღაცეები უკვე მოხდა, განვითარდა, დალაგდა და ახლა აქ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ყოფნა. აქ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ და ბოლომდე მივიყვანოთ. მაგაზე კარგს ვერაფერს ვიზამთ. აქ კეთება სხვანაირად კარგია, იმის მიუხედავად, რომ სხვაგანაც მიკეთებია”, - მეუბნება მუსიკოსი ვაჟა მარი, მას შემდეგ, რაც “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სასტიკად სცემეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებინეს.
“ყველა ლაპარაკობს წასვლაზე, მაგრამ მგონია, რომ არ მოგვიწევს. არ მინდა არსად წასვლა - საჭმლის საძებრად მიდიხარ, ინტელექტის თუ თავშესაფრის, საბოლოოდ ყველა ემიგრაცია იძულებითია.
ყველა ხომ ვერ წავა, ისიც ძალიან რთული იქნება, რომ ვიღაც დარჩება აქ და მოუწევს შერჩეს იმ რეჟიმს, რომელსაც შენ გაექცევი”, - მეუბნება ნათია ბუკია, გალერისტი, თანამედროვე ხელოვნების კურატორი, გალერეა “არტბითის” თანადამფუძნებელი. ნათიას განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული და სამშობლოში 2011 წელს ქმართან ერთად იმიტომ დაბრუნდა, რომ აქ უნდოდათ შვილების გაზრდა და საქმის წამოწყება.
“იმის მერე ბევრჯერ მიფიქრია წასვლაზე, ბოლო რამდენიმე წელია პოლიტიკურად ძალიან მერთულებოდა სიტუაცია. ამის გაძლებაც მიჭირდა ემოციურად და ვფიქრობდი ხოლმე, რომ რამდენიმე წლით წასვლა შეიძლება ცუდი აზრი არ ყოფილიყო.
მაგრამ ჩემი მოტივაცია აქ ყოფნის, გარდა მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ცხოვრებისა, არის ჩემი საქმიანობა: ხელოვანების საერთაშორისო დონეზე წარდგენა და აქაც გამოფენების კეთება…ადგილობრივად გალერეების და საგამოფენო სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის, რაც თავიდანვე იყო ჩვენი მიზანი”, - ამბობს ნათია და ამატებს, რომ ის ხალხი, ვინც რჩება საქართველოში და თავის საქმეს აკეთებს, გარკვეული თვალსაზრისით პრივილეგირებულადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ნათია ახლა საქართველოდან წასვლაზე აღარ ფიქრობს, მასობრივმა აქციებმა და მოქალაქეების ჯიუტმა პროტესტმა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ უყვარს ეს ხალხიც, ეს ქვეყანაც და, უფრო მეტიც - იმედი აქვს ამ საზოგადოების.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოდან მიგრაციის მასშტაბზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნის ათიდან ერთ მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და იქიდან უგზავნის საარსებოდ ფულს. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 15.6% სწორედ საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილებია - ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 24-ე ადგილს იკავებს.