მოულოდნელი კონტრშეტევა კურსკში. იბრუნებს კიევი კოზირებს მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკების წინ?

უკრაინული სამხედრო კოლონა ბერდინისკენ მიემართება, 5 იანვარი, 2025 წ. კურსკის რეგიონი, რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტროლი რუსეთის კურსკის რეგიონის ნაწილზე მნიშვნელოვანია ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის.

6 იანვარს, როდესაც სეულში ვიზიტისას, ბლინკენი ამ განცხადებას აკეთებდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, მრავალთვიანი უკანდახევის შემდეგ, კურსკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით მოულოდნელ კონტრშეტევაზე იყვნენ გადასულები.

5 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები, ანალიტიკოსების დაკვირვებით, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები დაწინაურდნენ დაბა ბერდინის სამხრეთ-დასავლეთით და შევიდნენ დასახლებული პუნქტის სამხრეთ ნაწილში.

ძლიერი კოზირის მოსაპოვებლად

5 იანვარს უკრაინის ჯარმა განაახლა შეტევითი ოპერაციები რუსეთის კურსკის რეგიონში მინიმუმ სამი მიმართულებით და მიაღწია ტაქტიკურ წინსვლას, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.

რუსული წყაროები, სამხედრო ბლოგერები და კორესპონდენტები ირწმუნებიან, რომ უკრაინის ჯარმა სამ ტალღად განახორციელა შეტევა სუჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით ბატალიონის ზომის უკრაინული ჯავშანტექნიკა. 5 იანვრის შეტევა გრძელდებოდა ლეონიდოვოს მიმართულებით (კორენევოს სამხრეთ-აღმოსავლეთით), ხოლო გაძლიერებულმა ოცეულმა მექანიზებული შეტევა დაიწყო ქალაქ სუჯიდან.

უკრაინის არმიის მოულოდნელი შეტევის შესახებ წერენ რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ და „Z-არხები“.

„მოწინააღმდეგე მართლა მიმართავს აქტიურ მოქმედებებს ბოლშოე სოლდატსკოეს (უკრაინულად ველკე სოლდატსკე - რედ.) მიმართულებით და სუჯის რაიონში. დასავლეთ ფლანგზე აწვება ნოვოივანოვკას, აღმოსავლეთით კი ბერდინასკენ მიიწევს. პრინციპში, ჯერჯერობით ყველაფერი იმას ჰგავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წყვეტენ საფრთხეს, რომელიც კურსკის რეგიონში თავმოყრილ მათ დაჯგუფება "ჩრდილოეთის" ლოგისტიკას ემუქრება. მოქმედებენ მცირე ჯგუფებით, "პიკაპებზე", ტანკებისა და საბრძოლო ჯავშანმანქანების მხარდაჭერით", - წერს ტელეგრამის არხში გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდის" სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ კოცი.

უკრაინის გენერალურ შტაბს, შეტევის მოულოდნელობის ეფექტის ბოლომდე შენარჩუნების მიზნით, კურსკის ოლქში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყველაზე ადრე, უკრაინის მხრიდან ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ.

ეს ინფორმაცია ირიბად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა ანდრი ერმაკმა, რომელმაც დაწერა: „კურშჩინა, კარგი ამბებია, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“.

ასევე ნახეთ უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, შეტევა დაიწყეს კურსკის ოლქის ქალაქ სუჯიდან

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მოიერიშე ჯგუფების სწრაფი კონტრშეტევით კიევი ცდილობს მოსკოვის ყურადღების გადატანას ფრონტის სხვა „ცხელი წერტილებიდან“, - წერენ სამხედრო მიმომხილველები.

მათი აზრით, ტაქტიკური წინსვლა, რაც იერიშების პირველ დღეს გამოიკვეთა, კიევს მისცემს ძლიერ კოზირს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინ, რომელსაც მთელი მსოფლიო მოელის.

აშშ-ის მიმავალ ადმინისტრაციას სურს დარწმუნდეს, რომ „კიევი თამაშში რაც შეიძლება ძლიერი კარტით იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სეულში ვიზიტისას. „მათი ყოფნა კურსკის ოლქში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს უდავოდ სწორედ ისაა, რაც გათვალისწინებული იქნება ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომლებიც, შესაძლოა, წლევანდელ წელს დაიწყოს".

მანამდე ენტონი ბლინკენმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი მზადაა ურთიერთმოქმედებისთვის. ასეთ ვითარებაში, ბლინკენის აზრით, „თუ ცეცხლი შეწყდება, ეს პუტინს მისცემს დროს დასვენებისა და ხელახლა შეიარაღებისთვის, რათა ამის შემდეგ კვლავ შეუტიოს“.

ასევე ნახეთ ბლინკენი: ზავი პუტინს დასვენებისა და კვლავ შეტევის საშუალებას მისცემს

რუსეთი განაგრძობს შეტევას დონეცკის ტერიტორიაზე

მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკების წინ საკუთარი ძლიერი კოზირებისთვის იბრძვის მოსკოვიც, რომელიც განაგრძობს მასირებულ შეტევებს დონეცკის მთელ დარჩენილ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით.

გასული წლის დასკვნით პრესკონფერენციაზე ამერიკელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პუტინმა უპასუხა, რომ ამჟამად რუსეთს არ აქვს სუსტი პოზიცია, ის ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას იყო.

რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ 6 იანვარს გავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა ჯარისკაცებს და ოფიცრებს დონეცკის ქალაქ კურახოვოს (უკრ. კორახოვე) გათავისუფლება მიულოცა.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიის 5,5 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და ოფიცერს გადაეცა სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები მამაცობისა და გმირობისთვის.

ასევე ნახეთ რუსეთი ირწმუნება, რომ სრული კონტროლი დაამყარა უკრაინის ქალაქ კურახოვოზე

სხვა წყაროებით, მათ შორის უკრაინის გენშტაბის მიერ, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში კურახოვეს მიმართულებით 27 შეტევა მოიგერიეს.

რუსეთის სამხედრო უწყება იმედოვნებს, რომ კურახოვეს განთავისუფლება შესაძლებელს გახდის ქალაქ დონეცკის თავდაცვის უზრუნველყოფას და ასევე მნიშვნელოვნად გაართულებს უკრაინის ჯარების ლოგისტიკურ და ტექნიკურ მხარდაჭერას დონეცკის მიმართულებაზე.

სამხრეთ-დასავლეთიდან რუსეთის ძალები ასევე ემუქრებიან აღებით დონეცკ-ზაპორიჟიის H15 მაგისტრალს, რომელიც კურახოვესთვის დასავლეთიდან დამაკავშირებელი მთავარი ლოგისტიკური ხაზია.

2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში „საშინელი ომი" უნდა დასრულდეს და აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება.

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს არ გამორიცხა, რომ მისი და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ინაუგურაციიდან მალევე შედგება. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

2024 წლის 19 დეკემბერს, მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის და წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის და თანახმაა მას შეხვდეს.

მაგრამ ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს სურს „მყარი მშვიდობა, არა ზავი“.

ასევე ნახეთ პუტინი მზად არის, ტრამპს უკრაინაზე მოელაპარაკოს და მზად არის კომპრომისისთვის, რასაც მეორე მხარისგანაც მოელის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება და მისგან მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში, რომელმაც 5 იანვარს მასთან სამსაათიანი ინტერვიუ გამოაქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, თუ აშშ-ის პრეზიდენტისგან იქნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების წინადადება, ამის შემდეგ შესაძლებელია რუსებთან ლაპარაკი.

ასევე ნახეთ ზელენსკი პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა მხოლოდ ტრამპთან მოლაპარაკების შემდეგ