მმართველი პარტია ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წელს, ამომრჩევლებს ეუბნება, რომ სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზე დაიყვანა, ქვეყნის მთავარი პრობლემა კი ოპოზიციური პარტიებია. ამ „პრობლემის“ გადასაჭრელად „ქართული ოცნება“ მეოთხედ ითხოვს მოსახლეობისგან იმხელა ნდობის გამოცხადებას, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ასაკრძალად.
ქართველი მილიარდერის მიერ დაფუძნებული პარტია, რომელიც წინა არჩევნებში უკეთეს ცხოვრებას ჰპირდებოდა მოსახლეობას, ახლა მშვიდობის უზუნველყოფას, ოპოზიციის გასამართლებას, ტრადიციული ღირებულებებისა და სარწმუნოების დაცვას აქცევს საარჩევნო კამპანიის მთავარ დაპირებებად და ამბობს, რომ ამ ყველაფერში ხელის შეშლას დასავლეთის გარკვეული ძალები და „გლობალური ომის პარტია“ ცდილობენ.
რადიო თავისუფლებამ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებს გადახედა და სოციოლოგებს ჰკითხა, რამდენად პასუხობს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები მოსახლეობის დაკვეთას.
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი: „მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსს, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ“ამბროლაური საქართველოს სხვა ქალაქებიდან სოციალურად დაუცველთა სიმრავლით გამოირჩევა - აქ შემწეობას იღებს მოსახლეობის თითქმის ნახევარი. წლიდან წლამდე რაჭაში მცირდება მოსახლეობა. იკლებს ახალშობილების რაოდენობაც - 2023 წელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მხოლოდ 226 ბავშვი გაჩნდა. 2014 წელს ეს რიცხვი 379 იყო.
ასევე ნახეთ ნაკლები ბავშვი, მეტი მოხუცი - ასეთია საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტიამბროლაურს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 2008 წლიდან ამ დრომდე წარმოადგენს მილიონერი მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე, რომელიც ორჯერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ორჯერ „ქართული ოცნების“ სახელით გახდა დეპუტატი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის კვლავ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში „ქართული ოცნების“ დელეგატია.
25 აგვისტოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში მოქალაქეებისთვის მათ მაჟორიტარს არ მიუმართავს - ენუქიძე პარტიულ კოლეგებთან ერთად ხალხის რიგებიდან უსმენდა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძისა და კახა კალაძის გამოსვლებს.
„26 ოქტომბერი [არის] დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი, რომელზეც ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი“, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იმ დღეს ამომრჩევლებს. მან ასევე თქვა, რომ მომავალ არჩევნებზე გადაწყდება, „ვზრდით ჩვენს ვაჟებს კაცებად და ქალიშვილებს ქალებად, თუ ისე ვაბნევთ, რომ საკუთარ სქესშიც კი ვეღარ გაერკვნენო“.
შალვა პაპუაშვილი ერთადერთი არ არის მმართველი პარტიიდან, რომელიც ამომრჩეველს ლგბტ უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე ელაპარაკება. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემა ბავშვის და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ შემოიტანა დღის წესრიგში. კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ვერ ახერხებს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის საგანგაშო პრობლემის გადაჭრას.
მხოლოდ გასული ოთხი წლის განმავლობაში, 2021 წლიდან 2024 წლის ივლისამდე სექსუალური ძალადობის 439 შემთხვევაზეა გამოძიება დაწყებული 16 წლამდე ასაკის ბავშვის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით. ამგვარი საქმეების ნახევარი გაუხსნელი რჩება. ბავშვების გაუპატიურებასა და მათდამი გარყვნილ ქმედებაში ხშირად ბრალდებულები არიან ოჯახის წევრები, მამა, ბიძა, პაპა, მამინაცვალი. |
„ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაზეც დღეს "ქართული ოცნება" აგებს თავის კამპანიას, არ ეხმაურება მოსახლეობის იმ პრიორიტეტებს, რაც წლების განმავლობაში ჩანს ჩვენს გამოკითხვებში. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაც ეხება მის ეკონომიკურ მდგომარეობას და კეთილდღეობას, პირდაპირ ასახელებენ უმუშევრობას, სიღარიბეს, ინფლაციას. ჯერ არ გვქონია შემთხვევა, როცა ღირებულებით საკითხებს გადაეჭარბებინოს აქტუალობით სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისთვის, მაგრამ როცა ამის მოგვარება რთულია, უფრო ადვილია ადამიანს დაპირდე ისეთ რამეს, რომლის შესრულებასაც ვერ გაზომავ და ვერ შეაფასებ. როგორ უნდა გაზომო მთავრობის წარმატება ტრადიციების დაცვის კუთხით?“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის [CRRC] ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციის მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებდა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მმართველი პარტიით უკმაყოფილო იყო.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და სადავო „აგენტების კანონის“ მიღებამდე, ელექტორატის 52% თვლიდა, რომ „ქართული ოცნება“ იშვიათად ან არასდროს აკეთებს იმას, რაც ქვეყანას სჭირდება. ამავე პერიოდში, NDI-ს კვლევა აჩვენებდა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეჭვის თვალით უყურებდა მთავრობის მხრიდან ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შესაძლებლობას, 35% კი აღნიშნავდა, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ ჰქონდა. ამ დროს საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობდა, მათი რიცხვი კი, ვისაც ოჯახის ერთი წევრი მაინც ჰყავს საზღვარგარეთ და მისი გამოგზავნილი ფულით ინახავს ოჯახს, 2019 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე 12-დან 16%-მდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ “ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოშიმასობრივი ემიგრაციის პრობლემა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გამოსვლებში თითქმის არ ჩანს. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო გაერთიანებები თვეებია ითხოვენ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას საზღვარგარეთის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, რათა მათ არჩევნების დღეს ხმის მიცემის უფლება გამოიყენონ. ხელისუფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკას არ ასაჯაროებს - რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან 2024 წლის მარტში გამოითხოვა და დღემდე არ მიუღია ინფორმაცია ქვეყნებისა და ქალაქების მიხედვით საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ.
„უცხო ძალების აგენტურით დაკომპლექტებული "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ვეღარ ახერხებს, ქართველ ხალხს თავს მოახვიოს სიცრუე, ამიტომ არჩევანი მარტივი გასაკეთებელია - დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი - ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება. [….. ]
ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს - ხალხის მიერ "ქართული ოცნებისთვის" მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი“, - უთხრა 25 აგვისტოს ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და ამავე გამოსვლაში, ოპოზიცია 2023 წელს შოვის ტრაგედიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა: თქვა, რომ „მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებებსა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრებას ერთხელ და სამუდამოდ“ დაამთავრებს პოლიტიკიდან ოპოზიციის ჩამოშორებით.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება წარმატებული მესიჯი - ჯერ ერთი, აქ არ იგულისხმება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და ცოტა მიკვირს, რატომ წავიდნენ ასეთ რადიკალურ ბრუტალობაზე. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ჯერ კიდევ მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც დემოკრატიას პატივს სცემს და როცა შენ კრძალავ ოპოზიციას, ეს არის დიქტატურა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოციოლოგმა, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტ-ანალიტიკოსმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, როცა მას ვკითხეთ, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს მმართველი პარტიის დაპირება ოპოზიციის გაქრობის შესახებ. ის თვლის, რომ ეს გზავნილი ავტორიტარიზმისა და დიქტატურის გზაზე შემდგარი მთავრობის შეცდომაა, სავარაუდოდ, იმის იმედად დაშვებული, რომ ამით ძალას აჩვენებდნენ მოსახლეობას და შიშს გაუჩენდნენ მათ მოწინააღმდეგეებს. როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახსენებენ, ისინი ამ დროს საუბრობენ არა მხოლოდ ამ პარტიაზე, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც, იქნება ეს „ახალი“, „გირჩი“, „დროა“ თუ „ლელო“.
2023 წელს საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც მოსახლეობაში პოლარიზაციის გასაზომად ჩატარდა, აჩვენებდა, რომ მოქალაქეების უმეტესობას არ აქვთ ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების განადგურების სურვილი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 82% და უპარტიო მოქალაქეების 86% ამბობს, რომ თავს კომფორტულად იგრძნობდნენ მეგობართან, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერია.
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნების შემდეგ დასჯის და განადგურების პირობა ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის გაზაფხულზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს ხელისუფლების მოწყობილ კონტრაქციაზე გამოსვლისას დადო პირველად.
„კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. "ნაცმოძრაობა" ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს“, - თქვა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა. მის ამ გამოსვლაში ფაქტობრივად მოიხაზა მომავალი წინასაარჩევნო კამპანიის კონტურები, სადაც სოციალური საკითხებისა და კეთილდღეობაზე დაპირებების ადგილი ნაკლებად რჩებოდა და მთელი აქცენტი ღირებულებების დაცვასა და „გლობალური ომის პარტიიდან“ მომავალ საფრთხეებზე იქნებოდა გაკეთებული. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკაში დაბრუნებული და წინასაარჩევნო კამპანიისთვის გააქტიურებული ბიძინა ივანიშვილი ყველა შემდეგ საჯარო გამოსვლაში იმეორებს დაპირებას ოპოზიციის განადგურების შესახებ. მაგალითად, 21 აგვისტოს, მცხეთაში მან თქვა:
„კრებსითი "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი, "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია.
26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად "ნაციონალური მოძრაობისთვის", სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს“.
სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები გაცილებით მგრძნობიარენი არიან სოციო-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები კი მათთვის მაინც უფრო მეორეხარისხოვანია.
ეს ერთგვარი პარადოქსია ბოლო წლების ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების შინაარსთან მიმართებით - მასობრივ საპროტესტო აქციებს საქართველოს მოქალაქეები ძირითადად საქართველოს დასავლური კურსის ცვლილების და ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო მართავდნენ.
„ამომრჩევლის დიდი ნაწილი შეიძლება კონსერვატორი იყოს, მაგრამ რუსეთი არავის უნდა და მოსახლეობის უმეტესობა მაინც პროდასავლელია“, - გვეუბნება კობა თურმანიძე, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის ძალიან მკაფიოა ის, რომ რუსეთი მტერია.
2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 54% და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 46% თვლიდა, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს, 73% კი ამბობდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამავე პერიოდში, მოსახლეობის 63% და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 63% არ ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ თუ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ის დაკარგავს თავის ეროვნულ იდენტობას.
ევროკავშირისა და ნატოსადმი მყარი მხარდაჭერის ფონზე, არაერთი ადამიანისთვის გამოცანად რჩება, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ სადავო „აგენტების კანონის“ მიღება არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე და რატომ გააჩაღა ერთგვარი „ცივი ომი“ დასავლეთთან წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად. დღეს, როცა ევროკავშირთან ინტეგრაციაზე მოლაპარაკებები დაპაუზებულია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მთავრობისთვის მსხვილი ფინანსური დახმარების პაკეტის შეჩერებით დაიწყო, ღიად არის დარჩენილი კითხვები:
- ნიშნავს თუ არა „ქართული ოცნების“ მკვეთრად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ნარატივი იმას, რომ მმართველმა პარტიამ ფსონი პროევროპელის ნაცვლად პრორუს ამომრჩეველზე გააკეთა?
- მთავრობის წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩევლის განწყობებს პასუხობს, თუ ერთპიროვნული მმართველობის შესამზადებელი ეტაპია?
„ეს მხოლოდ წინასაარჩევნო სტრატეგიაა და გამარჯვების შემდეგ "ოცნება" არ შეასრულებს, რასაც ამ კამპანიის დროს ჰპირდება ხალხს“, - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების მიხედვით, ასე უხსნიან ვითარებას მათ მმართველი პარტიის ინტერლოკატორები.
„ცოტა პარადოქსული ვითარება გვაქვს, დასავლეთთან ინტეგრაციას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც კი, მაგრამ როცა საქმე ეხება მშვიდობის უზრუნველყოფას, იმდენად აგრესიულია "ქართული ოცნების" პროპაგანდა, - რომ დასავლეთი საქართველოს ომში ითრევს, - ბმა, რომ დასავლეთი არის მშვიდობის გარანტი, მოსახლეობის ცნობიერებაში არ არის ისეთი მყარი. ეს უნდა იყოს ნაჩვენები, რომ მშვიდობა კარგია, მაგრამ მშვიდობის გარანტი არის არა დასავლეთისგან იზოლაცია, არამედ სწორედ დასავლეთთან ინტეგრაცია. ეს მარტივი მესიჯი არის გასააქტიურებელი ოპოზიციური ფლანგის მიერ“, - გვეუბნება იაგო კაჭკაჭიშვილი. ის თვლის, რომ მთელი იმ ნარატივიდან, რაც მმართველ პარტიას აქვს, მოსახლეობის საწუხარს მხოლოდ ომისა და მშვიდობის საკითხები ეხმიანება.
2023 წელს მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მოსახლეობის 65%-ზე იქონია ნეგატიური გავლენა პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამავე კვლევის მიხედვით, 66% ეროვნულ დონეზე საფრთხედ მიიჩნევდა რუსეთის ინტერესების გამტარებელი ჯგუფების აქტიურობას საქართველოში და 52.7% - ოლიგარქიულ მმართველობას.
„ოპოზიცია ამ პროპაგანდისტულ მესიჯებს ფეხდაფეხ ვერ მიჰყვება და რაღაცნაირად ჩაკეტილია "რუსეთი VS ევროპა" ნარატივში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა უნდა გასცდე ამას, გარკვეული რეფლექსია უნდა მშვიდობასაც, მშვიდობაზეც უნდა აიგოს კონტრმესიჯები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ ხედვებზეც“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი. კიდევ ერთი საკითხი, რის შესახებაც ის „ქართული ოცნებისგან“ წინასაარჩევნოდ მეტ საუბარს ელის, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იდეაა. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ამ საკითხზე შეხვედრები გაიმართა, თუმცა ხელისუფლების იდეით მოხიბლულები არ ჩანან სასულიერო პირები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ეს სტატუსი ხელისუფლებებს მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვის საშუალებას მისცემს.
2021 წლის მდგომარეობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ იურიდიულ სტატუსს მხარს არ უჭერდა ეთნიკური უმცირესობების 18%, 40%-ს კი ამ საკითხზე პოზიცია არ გააჩნდა. თუმცა, ხელისუფლების გათვლა ამ საკითხის წინ წამოწევისას შეიძლება იყოს ის, რომ მოსახლეობის 41% საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენი თვითმყოფადობის საფუძვლად მიიჩნევს, 80% კი ამბობს, რომ ის ხელს უწყობს მორალური ღირებულებების შენარჩუნებას საზოგადოებაში.
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომელიც კონკორდატის პირობებში ისედაც სარგებლობს მკვეთრი პრივილეგიებით, დამატებითი სტატუსის მინიჭებამ შეიძლება ხელისუფლებას დააკარგვინოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების ხმები, - ვარაუდობს იაგო კაჭკაჭიშვილი. ეს არის ის ხმები, რომლებიც ტრადიციულად ხელისუფლების ყულაბაშია და მათ რიგ რეგიონებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ხოლმე არჩევნების შედეგებზე.