მოსამართლეები: "კლანის" ხელი პარლამენტში?

ხმაურის მორიგი ტალღა დაანონსებულია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებიც იგეგმება. საკითხი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 11 დეკემბერს უნდა განეხილა, მაგრამ მოულოდნელად, კენჭისყრა 12 დეკემბრისთვის გადაიდო.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანდიდატების 20-კაციანი სიიდან ყველა ვერ დამტკიცდება. ოპონენტები კი ამბობენ, რომ „სასამართლოს კლანის“ მიერ მხარდაჭერილი სიიდან არცერთი კანდიდატი არ უნდა დამტკიცდეს.

საპროტესტო აქციები და მოწოდებები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოთხშაბათისთვის იგეგმებოდა - ასე ეწერა პარლამენტის ღონისძიებათა ანონსშიც და თავიანთ კომენტარებშიც სწორედ ოთხშაბათს ახსენებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

თუმცა, 9 დეკემბერს, დღის ბოლოსთვის გაირკვა, რომ სხდომა 12 დეკემბრისთვის გადაიდო.

„ჩვენი დღის წესრიგით მოქმედებს „ქართული ოცნება“, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა... ძალიან კარგია, ასე უნდა ეშინოდეთ იმ საზოგადოებრივი პროტესტის, რომელიც არის“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური ერთობის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრა ისევ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაიმართა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, ვაშაძის თქმით, მიმდინარე კვირის საპროტესტო აქციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების საკითხს დაუკავშირდება:

  • „რადგან მოსამართლეთა საკითხის განხილვა აღარ არის ოთხშაბათს, მაშინ ხუთშაბათს იქნება პარლამენტის პიკეტირება და მშვიდობიანი პროტესტი... თუ არც ხუთშაბათს ჩაატარებენ, მაშინ პარასკევს იქნება (აქცია)“;
  • „მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება... ძალიან აქტიურები ვიქნებით განსაკუთრებით რეგიონებში... ამ კვირაში ველოდებით პარლამენტის სესიებს - როდის რა იქნება და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“.

ვიდრე კომიტეტის სხდომის თარიღი შეიცვლებოდა, ქუჩაში გამოსვლისკენ ხალხს მოუწოდა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ. ხალხს ისიც 11 დეკემბრისთვის იხმობდა.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა ბესელიამ საზოგადოება პარლამენტის შენობასთან დაიბარა

ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ბესელიამ თქვა, რომ ასეთი რამ მას არასოდეს გაუკეთებია, მაგრამ ახლა ეს გარდაუვალია, რადგან საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის ხვალინდელი დღე.

„ეს განსაზღვრავს, როგორი იქნება ამ ქვეყანაში თქვენი ხვალინდელი დღე; იქნებით თუ არა დაცული ძალადობისგან; იქნებით თუ არა დაცული უსამართლობისგან; იქნება თუ არა სამართლიანი საარჩევნო გარემო; იქნება თუ არა მედია თავისუფალი; იქნებით თუ არა სოციალურად უკეთეს მდგომარეობაში; იქნება თუ არა ბიზნესი თავისუფალი და თითოეული თქვენგანი იცხოვრებს თუ არა მშვიდად ამ ქვეყანაში“.

„ქართული ოცნების“ რიგებში პირველი მასშტაბური განხეთქილება სწორედ ეკა ბესელიას უკავშირდება. 2018 წლის დეკემბერში ბესელიამ მოსამართლეთა 10-კაციან სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მიზეზად. შემდეგ მან უმრავლესობის რიგებიც დატოვა. მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო უმრავლესობის რიგები კიდევ არაერთმა დეპუტატმა დატოვა.

9 დეკემბერს ბესელიამ თქვა:

  • „მე მაშინ შევძელი, შემეჩერებინა ის სახიფათო პროცესი, მაგრამ დღეს მე ამას მარტო ვერ შევძლებ“;
  • „მე მჭირდება ყველას დახმარება... მჭირდება, რომ პირველ რიგში გავაგონოთ ეს ხმა იმ დეპუტატებს, ვინც თქვენი სახელით უნდა უყაროს კენჭი და აირჩიოს მოსამართლეები, რომელთა დიდი ნაწილი, 20-დან 16 ადამიანი განასახიერებს წარსულის ძალადობრივ რეჟიმს“.

პარლამენტის პიკეტირება და მშვიდობიანი აქცია ასევე 11 დეკემბრისთვის ჰქონდა დაგეგმილი მოძრაობა „სირცხვილიას“. 9 დეკემბერს, დღის ბოლოს, მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოდარ რუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ აქცია გაიმართება იმ დღეს, როდესაც კომიტეტის სხდომა დაინიშნება. ამ ეტაპისთვის, ეს თარიღია 12 დეკემბერი.

ვინ არიან მოსამართლეობის კანდიდატები?

20-კაციანი სიიდან, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, ერთმა კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ უარი თქვა პროცესში შემდგომ მონაწილეობაზე.

პროცესში რჩებიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

კანდიდატთა საჯარო მოსმენების პროცესი პარლამენტში 23 სექტემბრიდან დაიწყო და 8 ნოემბრამდე გასტანა.

საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში დასმული შეკითხვები მხოლოდ პროფესიულ გამოცდილებას არ შეეხებოდა და არაერთი კანდიდატი აღმოჩნდა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში. ბევრ მათგანს წარსულის გახმაურებული საქმეებიც შეახსენეს - არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ახლა, დროის შემდეგ, შეცვლიდა მაშინ მიღებულ გადაწყვეტილებას.

  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყველა კანდიდატს უსვამდნენ შეკითხვას - იყო თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი 2012 წლამდე;
  • ისინი გაკვირვებასა და ზოგჯერ უკმაყოფილებასაც ამჟღავნებდნენ იმ კანდიდატების მიმართ, რომლებიც არ ადასტურებდნენ ზეწოლის ფაქტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან;
  • კანდიდატთა უმრავლესობა ამბობდა, რომ ზეწოლა პირადად მას არ შეხებია, ხოლო სხვების მაგივრად ვერ ილაპარაკებს.

პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ამჟამინდელ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს და, კერძოდ, მის დიპლომს უკავშირდებოდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა - შალვა თადუმაძეს ისინი უმაღლესი განათლების დიპლომის გაყალბებას ედავებოდნენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვდნენ. თადუმაძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ არქივიდან ამოღებული დოკუმენტაცია მისი დიპლომის ნამდვილობას ადასტურებს. თუმცა დისკუსია ისევ გრძელდება.

20-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 6 სექტემბერს გადაუგზავნა. კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცესი საბჭოში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის დეკემბერში პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩავარდა მანამდე გადაგზავნილი 10-კაციანი სია. ამ სიას არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებდა. ასეა 20-კაციანი სიის შემთხვევაშიც.

სიები და „კლანი“

„სურათი არის ისე ჩამოყალიბებული, რომ ოცივე კანდიდატი არცერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება“, - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ. ამ შინაარსის განცხადება 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ კიდევ არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

  • „რა თქმა უნდა, მე არ ველოდები, რომ ყველა მათგანი იქნება დამტკიცებული. გარკვეულ კანდიდატებთან მიმართებით არის კრიტიკული მოსაზრებები უმრავლესობის შიგნით... მე ვფიქრობ, ყველა გააკეთებს ისეთ არჩევანს, თუ როგორი დასკვნებიც გამოვიტანეთ ჩვენ ღია მოსმენების ფარგლებში“ - პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე;
  • „დღეს გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს - ამაზე დეპუტატების მსჯელობიდან წამოსული საერთო ანალიზი ნათლად მოწმობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ“ - უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის დამტკიცება „კლანის“ თამაშში ჩაბმას ნიშნავს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის ხშირად ხდებოდა საბჭოს მოსამართლე წევრთა თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნე.

მისი თქმით:

  • „ხალხს ატყუებენ, ხალხს ატყუებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და თუკი პარლამენტი დაამტკიცებს ამ სიიდან ვინმეს, პარლამენტიც მოატყუებს ხალხს“;
  • „ამ სიაში არ არიან ადამიანები მორალური უფლებით, რომ განსაჯონ სხვების ბედი: ისინი ხმას არ იღებენ კლანურ მმართველობაზე, რაც სასამართლო სისტემაშია“;
  • „ისინი ხმას არ იღებენ არცერთ სერიოზულ დარღვევაზე, რაც სასამართლო სისტემაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია“;
  • „მაპატიეთ, მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ მათი ცოდნა და გამოცდილება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ასევე საეჭვოა“;
  • „მოსამართლე უნდა იყოს საზოგადოებაში გამორჩეული, ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც აქვს იურიდიული განათლება“.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ღირსეული ადამიანები არიან სასამართლო სისტემაში, მაგრამ მათ, როგორც წესი, „კლანის“ მიერ მართული სისტემა თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს და ასეთები ხშირად თავად ტოვებენ სისტემას.

ასევე ნახეთ უმრავლესობის წევრის კონტრპასუხები ნაზი ჯანეზაშვილის 10 არგუმენტზე

რადიო თავისუფლებამ 9 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც მიმართა. კომენტარები არ გაკეთებულა არც 20-კაციანი სიის დამტკიცებასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და არც იმ სერიოზულ პრეტენზიებზე, რაც იუსტიციის საბჭოში კანდიდატთა შერჩევის პროცესს უკავშირდება. მანამდე გაკეთებული არაერთი განცხადების თანახმად კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში ვერანაირ „კლანს“ ვერ ხედავს.

კლანის ხსენებისას საუბარია ხოლმე გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.

ასევე ნახეთ რა კავშირშია სასამართლოს "კლანი" და გემოვნება?

ხმაურიანი პროცესები გამოიწვია როგორც მოსამართლეთა შერჩევის ახლებური წესების დამტკიცებამ, ასევე 20-კაციანი სიის ფორმირებამაც. ამ სიაში გვხვდება ხუთი კანდიდატი ძველი სიიდან: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, ნინო ქადაგიძე და პაატა სილაგაძე.

არის თუ არა ლევან მურუსიძე ლიდერი (როგორც ის თავად უწოდებს საკუთარ თავს) და არსებობს თუ არა „კლანი“ სასამართლო სისტემაში? ამ შინაარსის შეკითხვები საკომიტეტო მოსმენებზე თითქმის ყველა კანდიდატს დაუსვეს. კლანის არსებობა ყველამ უარყო, მურუსიძის ლიდერობის მიმართ კი არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, მაგრამ - ძირითადად, დადებითი შეფასებებით.

ასევე ნახეთ რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა?

„კლანის“ არსებობას ყოველ ჯერზე უარყოფს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. მეტიც, კლანის ლიდერებად წოდებულთა მიმართ ის ყოველთვის დადებით განწყობებს ამჟღავნებს.

„ჩინჩალაძე-მურუსიძის“ კლანს ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეების მიერ მოგონილ ტყუილად მიიჩნევს. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ „კლანი“ არა თუ მხოლოდ არსებობს, არამედ მას ლობირებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების გარკვეული ჯგუფი. ერთ-ერთ გამოკვეთილ ფიგურად აწ უკვე ყოფილი დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი სახელდებოდა.