კვირა დილას, 5 მარტს, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქის მისადგომებთან შეიარაღებული ინციდენტის დროს დაიღუპა ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიციის სამი ოფიცერი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.
მხარეებმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, განსხვავებული ვერსიები გაავრცელეს: ბაქომ მოწინააღმდეგეს „პროვოკაციაში“ დასდო ბრალი, სტეფანაკერტმა და ერევანმა კი აზერბაიჯანი „დივერსიაში“ დაადანაშაულეს.
რას ამბობს აზერბაიჯანი?
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მათ მიიღეს „ოპერატიული ინფორმაცია“, რომ სომხეთის ტერიტორიიდან მთიანის ყარაბაღის მიმართულებით „უკანონო სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და პერსონალი“ გადაადგილდებოდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „უკანონო სამხედრო ტექნიკა“ ცდილობდა, გვერდი აევლო „ლაჩინის დერეფნისათვის“, - ძირითადი გზისთვის, - და ალტერნატიული, გრუნტის გზით („ხანქენდი-ხალფალი-თურშსუს“ მონაკვეთი) შესულიყო მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქში.
„5 მარტის დილას, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სცადეს უკანონო სამხედრო მარაგის გადამტანი სატვირთო ავტომობილის შეჩერება და შემოწმება. მოწინააღმდეგემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ.
რას ამბობს სტეფანაკერტი?
ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ „აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფი დილის 10 საათისათვის არცახის (ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს - რ.თ.) ტერიტორიაზე შეიჭრა და თავს დაესხა პოლიციის ოფიცრებს“.
ამავე უწყების თანახმად, დაღუპულები შეიარაღებულები არ ყოფილან და წარმოადგენდნენ „არცახის რესპუბლიკის პოლიციის საპასპორტო და ვიზის დეპარტამენტს“.
დე ფაქტო ყარაბაღის ომბუდსმენის, გეღამ სტეფანიანის აპარატმა გაავრცელა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული კადრები, რომლებიც, მათ თანახმად, 5 მარტის ინციდენტს ასახავს. ომბუდსმენის ვერსია ასეთია:
- ავტომობილს, რომელსაც ყარაბაღელი პოლიციელები სტეფანაკერტიდან ლისაგორის (აზერბაიჯანული დასახელება - თურშსუ) მიმართულებით გადაჰყავდა, აზერბაიჯანული „დივერსიული ჯგუფი“ დაესხა თავს;
- 15 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომლებიც ტყეში იმალებოდნენ, არცახის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რათა თავს დასხმოდნენ ავტომობილს;
- ავტომობილს, საბოლოოდ, სამი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მიუახლოვდა; მოკლეს სამი სომხური წარმოშობის ყარაბაღელი პოლიციელი;
- აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა დაიწყეს საკუთარი პოზიციებისაკენ უკან დახევა; ამ დროს მათ ცეცხლი გაუხსნეს [ყარაბაღის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა], რა დროსაც „იწვნიეს მსხვერპლი“.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „აბსურდი“ უწოდა ბაქოს ვერსიას და განაცხადა, რომ ყარაბაღის პოლიციის კუთვნილი УАЗ-ის მარკის მიკროავტობუსი სტეფანაკერტიდან მოდიოდა ყარაბაღის სოფლების, ჰინშენისა (ქიჩიქ-ყალადარასი) და მეცშენისკენ (ბოიუქ-ყალადარასი), და არა სტეფანაკერტისაკენ, როგორც ამას ბაქო ამბობს.
„მეტიც, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მიკროავტობუსში არაფერი იყო, გარდა ოფიციალური დოკუმენტებისა და სამსახურეობრივი პისტოლეტისა“, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყებამ.
„ლაჩინის ბლოკადა“
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის“ ნებისმიერი სახის გადაადგილებისათვის დაშვებულია „მხოლოდ ხანქენდი-ლაჩინის გზა“, - ესე იგი, ლაჩინის დერეფანი.
„შევახსენებთ რუსი მშვიდობისმყოფელების სარდლობას, რომ სამხედრო ან სხვა მიზნით სხვა გზების გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია“, - აცხადებენ ბაქოში. ბაქოს გადმოსახედიდან, ყარაბაღის მეორე ომის შედეგებით, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით, სწორედ რუს სამშვიდობოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყარაბაღის კონტროლზე.
ლაჩინის დერეფანი, - მთავარი გზა, რომლითაც სომხეთის სუვერენული ტერიტორია ყარაბაღს უკავშირდება, - 12 დეკემბრის შემდეგ ბლოკირებულია. ქალაქ შუშასთან/შუშისთან გამაგრებულნი არიან აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რომლებიც თავს ეკოლოგიურ აქტივისტებს უწოდებენ და ამბობენ, რომ „წიაღისეულის უკანონო მოპოვებას და მის სომხეთში გატანას“ აპროტესტებენ.
ასევე ნახეთ ერთი თვე ბლოკადაში: როგორ აშორებს ყარაბაღის კრიზისი სომხეთს კრემლისგანსომხეთში ამ ნარატივს არ ენდობიან და, იმის გათვალისწინებით, რომ აქტივისტებს აზერბაიჯანის ხელისუფლება და პრეზიდენტი ალიევი უჭერენ მხარს, - რაც უკიდურესად იშვიათად ხდება, - ბაქოს აკისრებენ დერეფნის დაკეტვაზე პასუხისმგებლობას. „ბლოკადამ“ მნიშვნელოვნად გააუარესა ჰუმანიტარული ვითარება ყარაბაღის ტერიტორიაზე.
ერევანსა და სტეფანაკერტში ფიქრობენ, რომ „ლაჩინის ბლოკადით“ ბაქო ცდილობს, აიძულოს სომხეთი, დაუშვას ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის „ზანგეზურის დერეფნის“ ფუნქციონირება, რითაც აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორია სახმელეთო გზით დაუკავშირდება თურქეთს.
23 თებერვალს გაეროს უმაღლესმა სასამართლო ორგანომ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ჰააგაში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანს ავალდებულებს, ლაჩინის დერეფანში უზრუნველყოს შეუფერხებელი მოძრაობა. ამის მიუხედავად, ადგილზე ვითარება არ შეცვლილა.
რას ითხოვენ მხარეები
სომხური მხარე, 5 მარტის ინციდენტის გარდა, მიუთითებს 2-3 მარტს „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტებზე“, საერთაშორისო საზოგადოებისგან ყურადღებას ითხოვს და აცხადებს:
„არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის მივლენა ლაჩინის დერეფანსა და მთიან ყარაბაღში სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს“.
აზერბაიჯანი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ „სომხეთი არ ანებებს თავს ოკუპაციის პოლიტიკას“ და რომ იგი „არ არის დაინტერესებული რეგიონში სტაბილურობით“; ბაქო კვლავ ითხოვს ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანული ბლოკპოსტების აღმართვას:
„ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტის რეჟიმის შემოღების საჭიროებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“.
ეს საკითხი პირველად არ წამოჭრილა. მაგალითად, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ საკონტროლო პუნქტები უნდა ამოქმედდეს როგორც „ზანგეზურის დერეფნის“, ასევე ლაჩინის დერეფნის ორივე ბოლოში.
„მშვიდობა მხარეებს თავად უნდა სურდეთ“
ევროკავშირმა 6 მარტს გაავრცელა განცხადება - დაგმო „ძალადობა ყარაბაღის კონტაქტის ხაზზე, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა“ და ინციდენტის „სრული გამოძიება“ მოითხოვა.
სიმშვიდისკენ მოუწოდა მხარეებს რუსეთმაც - საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მხარეებს მოუწოდა, „გამოიჩინონ სიმშვიდე და გადადგან ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისაკენ“. მან ასევე განაცხადა, რომ „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ყველა საკითხი“ რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩართულობით უნდა გადაწყდეს.
რუსეთის ფედერაცია უარყოფითად აფასებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში დასავლეთის მონაწილეობას. მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სომხეთის მხარეს, რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის შეუიარაღებელი სადამკვირვებლო მისიის განთავსებამაც.
ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო უწყება მიუთითებს, რომ თავდასხმა მოხდა ძალიან მალე ყარაბაღის მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების პირველი შეხვედრის შემდეგ. ამ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 1 მარტს გაიმართა, სტეფანაკერტის ცნობით, ლაჩინის დერეფნის „განბლოკვაზე“ ისაუბრეს.
ინციდენტი ასევე დაემთხვა 5-6 მარტს ბაქოში დასავლეთის წარმომადგენლების ვიზიტს:
- 6 მარტს ბაქოში იმყოფებოდა შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ლუის ბონო;
- 5 მარტს ბაქოში ჩავიდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი.
„მოუთმენლად ველი შეხვედრებს აზერბაიჯანის ლიდერებთან, რათა წინ წავწიოთ სამშვიდობო პროცესი მიუნხენში შეხვედრის შემდეგ. დღევანდელი მომაკვდინებელი ინციდენტი ხაზს უსვამს მოლაპარაკებების წინ წაწევის აუცილებლობას სტაბილურობისა და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად“, - დაწერა ტოივო კლაარმა ტვიტერზე.
6 მარტს კი აშშ-ის წარმომადგენელი ლუის ბონო პირადად შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მისი თქმით, ეს ვიზიტი გაგრძელება იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისა. იგი ბაქოს შემდეგ ერევანს ეწვევა.
ალიევთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუის ბონომ განაცხადა: „სამშვიდობო პროცესი რომ გაგრძელდეს, ეს თავად მხარეებს უნდა სურდეთ“.