„მორგის“ ბავშვები და სხვები

გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაში, რომელიც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებს ეხებოდა, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, საუბარია ბავშვებზე, რომლებიც ქუჩაში ცხოვრებისას კრიმინალურ დაჯგუფებებს ქმნიან. მათ აქვთ თავიანთი ქცევის კოდექსი, ჰყავთ ლიდერი, ისევ არასრულწლოვანი, რომელიც ზედამხედველობს. პერიოდულად ამ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებებიც ხდება.

მოკლე მიმოხილვაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა, ნათქვამია ასევე, რომ თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება, „მორგის“, ბავშვები. ისინი ყოფილი მორგის ტერიტორიაზე იკრიბებიან და სახელწოდებაც ამის მიხედვით მიიღეს. ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას ქალაქის მთავრობა და სახელმწიფო უწყებები არ ეკარებიან.​

აქვე ვკითხულობთ: „თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის (ან სექტის წევრებისთვის). სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ. ეს არაერთხელ აღნიშნეს კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ფსიქოლოგებმა“.

ასევე ნახეთ ბავშვი, დანაშაული და სასჯელი

​მაია მგელიაშვილის თქმით, ასეთი ფაქტები თუ არის, მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში და იგივე სექსუალური მომსახურებაც არასრულწლოვანებისთვის შემოსავლის საშუალებაა. არის ასევე, თუმცა იშვიათად, შემთხვევები, როდესაც ბავშვების ცხოვრება სექტას უკავშირდება.

Your browser doesn’t support HTML5

მაია მგელიაშვილი, „ვორლდ ვიჟენ - საქართველოს“ ბავშვთა დაცვის პროგრამების მენეჯერი

მგელიაშვილის თქმით, ზოგადად, ბავშვები ქუჩაში შემოსავლის მოსაპოვებლად გამოდიან. მოწყალების თხოვნის გარდა, ისინი დაკავებული არიან წვრილმანი ვაჭრობით, ჯართის შეგროვებით, რიგ შემთხვევაში - ქურდობითა და პროსტიტუციითაც. უმრავლესობას ღამის გასათევი ადგილი აქვს, მათ შორის ლარიანი ან ორლარიანი ბინები, რომლებსაც დღიურად ქირაობენ. თუმცა იქ არსებული პირობები შორსაა იმ გარემოსგან, რომელშიც ბავშვი უნდა ცხოვრობდეს.

„გვყავდა ბენეფიციარი, რომელსაც დამწვრობა ჰქონდა ცხელი კოვზით მიყენებული. თუ სახლში საკმარის ფულს არ მიიტანდა, გახურებული მეტალით აწამებდნენ. გვყავდა არასრულწლოვანი გოგონები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ; ასევე ბავშვები, რომლებსაც ეძლეოდათ დავალებები, კონკრეტული თანხა მიეტანათ კონკრეტული ადამიანებისთვის და შემდეგ ძალიან მძიმე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ“, - ამბობს მაია მგელიაშვილი, „ვორლდ ვიჟენ - საქართველოს“ ბავშვთა დაცვის პროგრამებისა და ადვოკატირების მენეჯერი.

ნინო (სახელი შეცვლილია) მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობდა. იგი ქუჩაში სხვა ბავშვების მიბაძვით აღმოჩნდა. მშობლებმა გვიან გაიგეს, რომ გოგონა მოწყალებას ითხოვდა. „ძალიან ცუდი ბავშვები იყვნენ, ათას რამეს მაბრალებდნენ“, - ამბობს ის. მშობლებმა გადაწყვიტეს გადაეყვანათ მიუსაფარ ბავშვთა დღისა და 24-საათიან თავშესაფარში, სადაც დღემდე ცხოვრობს. თავშესაფარი სწორედ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან მუშაობს, მისი ფუნქცია მოზარდების მათთვის შესაფერის გარემოში დაბრუნება და რეაბილიტაციაა.

Your browser doesn’t support HTML5

„აქ არაფერი მაკლია არც კანფეტი, არც „პეჩენია“, არც ძილი“...

აქ სხვა ბავშვებიც არიან. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ბავშვის რომელიმე ინსტიტუციაში გაჩერება ძალიან ძნელია. ბევრი გარბის და ისევ ქუჩას უბრუნდება.

მაია მგელიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში გამოსული ბავშვის რეაბილიტაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ამის პრევენცია. მისი თქმით, თუ ქვეყანაში არ ამოქმედდა ოჯახის მხარდამჭერი და პრევენციული მექანიზმები, ასეთი ბავშვები ყოველთვის გვეყოლებიან.