მომავალი, რომლისთვისაც არ ვიყავით მზად

საქართველო, მსოფლიოსთან ერთად, ახალ კორონავირუსს ებრძვის. სერიოზული გამოწვევების წინაშეა განათლების სისტემაც.

  • 21 აპრილამდე არის გადადებული სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში
  • სავალდებულო გახდა დისტანციური სწავლება
  • მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობები სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებს უფასოდ სთავაზობენ
  • 30 აპრილამდე გახანგრძლივდა რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის
  • 30 მარტიდან კი დაიწყება ტელეგაკვეთილები მეორე არხზე.
„არავინ არ არის ამისთვის მზად. რამდენიმე დღის წინ ერთ კონფერენციას ვესწრებოდი, სადაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა, მომავალი უფრო ადრე მოვიდა ჩვენთან, ვიდრე მისთვის ვიყავით მზადო. დაახლოებით, ასეთი რამ ხდება ახლა“.​

თუმცა მაინც რჩება კითხვები:

გამოცხადდება თუ არა აკადემიური წელი, ანუ გადავადდება თუ არა ერთი წლით სასწავლო პროცესი? როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები? არის თუ არა სრულყოფილი დისტანციური სწავლება? როგორ ჩააბარებენ მოსწავლეები გაკვეთილებს? როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა, და როგორ უნდა ასწავლონ მასწავლებლებმა, რომელთაც არა აქვთ ინტერნეტთან წვდომა და ა.შ.

განათლების სამინისტო

„განათლების სამინისტრო აკადემიური წლის გამოცხადების საკითხს არ განიხილავს“, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას სამინისტროში. ეროვნული გამოცდების ჩატარება კი ივლისშია დაგეგმილი. რა მოხდება მაშინ, თუ კორონავირუსი ზაფხულამდე გვიკარნახებს დღის წესრიგს, ამაზე ოფიციალური პასუხი ჯერ გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს არ აქვთ.

„მშობლების ერთი ნაწილი საერთოდ არ არის საქართველოში, ხოლო ვინც არის და ოფისიდან მუშაობდა, ახლა სახლიდან უწევს საქმის კეთება და მათ დრო მაინცდამაინც არ გამოთავისუფლებიათ. ამიტომ დროის განაწილება, სამსახურისა და სახლის საქმეების გარდა, მოუწევთ მასწავლებლობაზეც“.


სამინისტრო ახლა იმ გზებზე ფიქრობს, როგორ გავიდნენ სასწავლო წლის ბოლომდე ისე, რომ მოსწავლეებმა პროგრამა დაასრულონ. ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის პედაგოგები ჩაატარებენ და განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის იქნება მოსახერხებელი, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. თუმცა, როგორ დამყარდება უკუკავშირი და დისტანციური სწავლებით მიწოდებული ცოდნის შეფასება, ჯერ უცნობია.

როგორც რადიო თავისუფლებას განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ახლა მუშაობენ დისტანციური სწავლების შეფასების მეთოდზე, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება, იმისათვის რომ მოსწავლეები ნამდვილად იყვნენ ჩართული იმ საგანმანათლებლო პროცესში, რომელსაც ამ ეტაპზე სამინისტრო და სკოლა შესთავაზებს.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, მიუხედავად იმისა, რომ დადებითად აფასებს სატელევიზიო პლატფორმისა და ინტერნეტის გამოყენებას სასწავლო რესურსებზე მეტი ხელმისაწვდომობისთვის, მაინც სკეპტიკურად უყურებს საქართველოს მასშტაბით ათასობით ბავშვის საგაკვეთილო პროცესში სრულყოფილ ჩართვას.

სიმონ ჯანაშია

„გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ნახევარი მილიონი ბავშვის დისტანციურად სწავლებას დიდი წარმატებები ექნება“, - ამბობს ჯანაშია. მისი თქმით, სახელმწიფომ იმაზეც უნდა იფიქროს, თუ როგორ აანაზღაურებს არსებული ვითარებით გამოწვეულ დანაკლისს, მაგალითად, სწავლის ადრე დაწყება, თუ ზაფხულში ვირუსთან დაკავშირებული ვითარება გაუმჯობესდა. სხვა შემთხვევაში კი მოუწევს იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეუქმნას მოსწავლეებს მეტი საგანმანათლებლო შესაძლებლობები.

სიმონ ჯანაშიას დისტანციური სწავლების, საერთაშორისო პრაქტიკისა და კორონავირუსის დაძლევის შემდგომ, განათლების სისტემის გამოწვევებზეც ვესაუბრეთ.

რა პრობლემები ახლავს დისტანციურ სწავლებას?

  • „სერიოზული პრობლემა იქნება დაწყებით კლასში, რადგან ტელევიზორიდან ისინი ნაკლებად ისწავლიან წერა-კითხვას.
  • ცალკეა აბიტურიენტების საკითხი, რომლებსაც სკოლაში სიარულის მოტივაცია დიდად იქამდეც არ ჰქონდათ, რადგან ცალკე ემზადებოდნენ გამოცდებისთვის, ახლა კი საერთოდ გაურკვეველ სიტუაციაში არიან - არ იციან, გამოცდები იქნება თუ არა, ან რა ფორმით ჩატარდება.
  • მშობლებს ძალიან გაუჭირდებათ ამ სიტუაციაში. ბევრს პედაგოგიური უნარები არ აქვს კარგად განვითარებული, ზოგს შესაბამისი განათლებაც არ აქვს, რომ პროგრამას მიჰყვეს და მაშინ ბავშვთან ერთად უნდა იწავლოს.
  • გარდა ამისა, სოციალური პრობლემაც არის. მშობლების ერთი ნაწილი საერთოდ არ არის საქართველოში, ხოლო ვინც არის და ოფისიდან მუშაობდა, ახლა სახლიდან უწევს საქმის კეთება და მათ დრო მაინცდამაინც არ გამოთავისუფლებიათ. ამიტომ დროის განაწილება, სამსახურისა და სახლის საქმეების გარდა, მოუწევთ მასწავლებლობაზეც“.

როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რას აკეთებენ სხვა ქვეყნები?

„არსებითად არც ერთ ქვეყანას სახელმწიფო დონეზე წარმატებით არ დაუძლევია ეს პრობლემა და სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის გამოცდილება არავის აქვს.

ზოგს ინტერნეტის და ელექტრონული მასალების მისაწვდომობის პრობლემა აქვს, ხოლო ვისთანაც მოგვარებულია ეს საკითხი, მათ სხვა პრობლემები აქვთ. მაგალითად, ერთი კვირის წინ კემბრიჯის უნივერსიტეტმა გახსნა სახელმძღვანელოები ყველასთვის და იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ დახურეს, რადგან ტექნიკურ უზრუნველყოფას ვერ ახერხებდნენ და სერვერები გაიჭედა“.

როდესაც კორონავირუსი გადაივლის, რა უნდა გააკეთოს განათლების სისტემამ?

  • „პირველი ის არის, რომ უნდა აღრიცხოს ზარალი, ანუ ვინ ვერ ახერხებდა სწავლას, რა პრობლემები შეექმნათ მათ, და შემდეგ უნდა მოხდეს ვითარების გამოსწორებაზე ზრუნვა. ეს შეიძლება იყოს საზაფხულო სკოლები, საღამოს გაკვეთილები და სხვა რესურსები.
  • მეორე კი ის არის, რომ უნდა იფიქროს სამომავლოდ მსგავსი ვითარების შემთხვევაში სწავლების ალტერნატიული პლატფორმების დანერგვაზე, სამუშაო პროგრამების გამოყენებაზე, ვიდეოგაკვეთილებსა და სინქრონულ სწავლებაზე. საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებაც, რომ აღიარება მოხდეს ასეთი სწავლების. მაგალითად, ლატვიაშიც არის ვირტუალური სკოლები, ამერიკის რამდენიმე შტატში სასკოლო სავალდებულო კურსია დისტანციური სწავლების. თუმცა ამერიკა დიდია და არის ადგილები, სადაც ადამიანებს ინტერნეტიც არ აქვთ.
  • ნუ ვიფიქრებთ, რომ რაც უფრო მდიდარია სახელმწიფო, მით უფრო მოგვარებულია ეს საკითხი. არავინ არ არის ამისთვის მზად. რამდენიმე დღის წინ ერთ კონფერენციას ვესწრებოდი, სადაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა, მომავალი უფრო ადრე მოვიდა ჩვენთან, ვიდრე მისთვის ვიყავით მზადო. დაახლოებით, ასეთი რამ ხდება ახლა“.
ასევე ნახეთ კორონავირუსის გამო, მსოფლიოში ახალგაზრდების 87% სასწავლებელში ვეღარ დადის