1939 წლის 15 მარტს ვერმახტის მიერ პრაღის აღება პაქტებზე ნადირობის სეზონს გახსნის ევროპაში.
15 მარტს დილის 6 საათზე ჩეხოსლავაკიის არმია ერთი გასროლის გარეშე დაყრის იარაღს. დილის 9 საათზე პრაღა უკვე დაკავებული იქნება ვერმახტის მიერ. ბოჰემია და მორავია ნაცისტური იმპერიის პირველი პროვინციები გახდებიან. „თხუთმეტ დღეში ყველას დაავიწყდება ჩვენი დემარში“ - განაცხადებს ჰიტლერი. თუმცა ამჯერად პოლიტიკური ინსტინქტი უმტყუნებს ფიურერს - პრაღის ოკუპაცია „მიწისძვრას“ გამოიწვევს ლონდონში.
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი - 80
„მე არ მგონია, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ჩემს გულწრფელობაში, როცა ვამბობ, რომ ცოტა რამ არის, რასაც მშვიდობის გამო არ გავწირავ. მაგრამ არსებობს ერთი გამონაკლისი და ეს თავისუფლებაა, რომლითაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვსარგებლობდით და რომელსაც ჩვენ არასდროს არ დავთმობთ“ - განაცხადებს 17 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენი. იმავე დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი ჰალიფაქსი დეპეშას აფრენს მოსკოვში ერთადერთი შეკითხვით - დაეხმარება თუ არა მოსკოვი რუმინეთს გერმანიის აგრესიის შემთხვევაში. ჰალიფაქსის ეს დეპეშა გახდება დასაწყისი საბჭოთა კავშირ-დასავლეთის ვალსისა, რომლის მიზანიც იქნება მოსკოვი-ლონდონი-პარიზის ალიანსი. მაგრამ რას ემსახურებოდა ეს უკანასკნელი? ლონდონის მიზანი იყო არა სამხედრო ალიანსი მოსკოვთან, არა პრევენციული ომი გერმანიის წინააღმდეგ, არამედ კოორდინირებული და მტკიცე დიპლომატიური ქმედებები, რომლებიც გააჩერებდა ჰიტლერს. დიდი ბრიტანეთი იმედოვნებდა, რომ ერთიანი მოსკოვი-ლონდონი-პარიზის დიპლომატიური ფრონტი აიძულებდა ჰიტლერს ხელი აეღო საკუთარი აგრესიული გეგმებისაგან პოლონეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ.
მოსკოვთან სამხედრო ალიანსი ლონდონისთვის პრიორიტეტული თუ არ იყო, ეს იმიტომ, რომ მოსკოვში სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ფაიერბრეისი და სხვა ბრიტანელი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ 1937-38 წლების სტალინური ტერორის შემდეგ წითელი არმია ძალზე დასუსტებული გახლდათ. მიუხედავად ამისა, ლონდონის აზრით, კრემლთან თანამშრომლობა მაინც ღირდა. ბრიტანელების გათვლით, ჰიტლერის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემთხვევაში, წითელი არმიის პოლონეთის საზღვარზე ყოფნა, აიძულებდა ვერმახტს აღმოსავლეთით 50-მდე დივიზია დაეტოვებინა, რაც შეუძლებელს ხდიდა ჰიტლერის მიერ პოლონეთის მოკავშირე საფრანგეთის წინააღმდეგ გალაშქრებას.
17 მარტის ჰალიფაქსის დეპეშაზე მოსკოვი ლონდონს შესთავაზებს ხუთი დაინტერესებული სახელმწიფოს - სამი დიდის პლიუს პოლონეთისა და რუმინეთის - კონფერენციის მოწვევას. პასუხის ნაცვლად ლონდონი ახალ წინადადებას წამოაყენებს: ოთხი სახელმწიფოს - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, სსრკ-სა და პოლონეთის - მიერ საერთო დეკლარაციაზე ხელის მოწერას. ამ დეკლარაციის მიხედვით ამ სახელმწიფოებს, საფრთხის შემთხვევაში, ყველა ევროპული ქვეყნისათვის უნდა მიეცათ დამოუკიდებლობის გარანტია. პოლონეთი, რომლისთვისაც პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი როგორც ბერლინის, ისე მოსკოვის თანაბარ დისტანციაზე ყოფნა იყო, უარს იტყვის მსგავს დეკლარაციაზე ხელის მოწერაზე. პოლონეთის პოზიციის გათვალისწინებით, უკეთესი ვარიანტის არარსებობის შედეგად, ლონდონი და პარიზი გადაწყვეტენ ანტიჰიტლერული ფრონტი არა მოსკოვის, არამედ ვარშავის გარშემო შექმნან. 31 მარტს, წელში მოხრილი და დაქანცული ჩემბერლენი თემთა პალატაში გამოაცხადებს, რომ მისი ქვეყანა პოლონეთს დაეხმარება, იმ შემთხვევაში თუ ვარშავის დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება. 13 აპრილს, როცა ჰიტლერის მოკავშირე მუსოლინი ალბანეთის ოკუპირებას მოახდენს, ლონდონი ასევე მისცემს რუმინეთსა და საბერძნეთს დიდი ბრიტანეთის დახმარების გარანტიას.
14 აპრილს ლონდონი მოსკოვს სთხოვს, უზრუნველყოს იმ მეზობლების ცალმხრივი გარანტია, რომლებსაც გერმანია თავს დაესხმებოდა. სტალინი დაუყოვნებლივ განაცხადებს უარს. უკიდურესი უნდობლობა სტალინს აფიქრებინებდა, რომ ლონდონის და პარიზის ერთადერთი მიზანი სტალინის წინააღმდეგ ჰიტლერის დაგეშვა იყო. როგორც სტალინი იტყვის 10 მარტს „ინგლისურ-ფრანგული და ამერიკული პრესა ხმამაღლა გაჰკივის, რომ გერმანელები დღეს თუ არა ხვალ საბჭოთა უკრაინას მიიერთებენ. (...) ამ ხმაურის ერთადერთი მიზანი (...) გერმანიასთან საბჭოთა კავშირის კონფლიქტის პროვოცირებაა“.
14 აპრილის შეთავაზებას სტალინი ძალზე უცნაური კონტრშეთავაზებით უპასუხებს: ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ყველა ქვეყნისთვის გარანტია, გამაგრებული ნამდვილი სამხედრო ხელშეკრულებით; თუმცა ამ ხელშეკრულებას ერთი დიდი „მაგრამ“ ჰქონდა - მოსკოვი უსაფრთხოებას იმ მეზობელ ქვეყნებსაც სთავაზობდა, რომელთაც ეს უკანასკნელი არც კი მოუთხოვიათ. სტალინის წინადადება ფინეთსა და ბალტიის ქვეყნებსაც მოიცავდა, მათ კი ჰიტლერზე უფრო სტალინის ეშინოდათ და კრემლის გარანტიებზე ხმის გაგონებაც კი არ უნდოდათ. ამ ხელშეკრულებაზე დათანხმება სტალინისათვის მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე „კარტ ბლანშის“ მიცემას ნიშნავდა.
8 მაისს ჩემბერლენი სტალინს ცივ უარს განუცხადებს, რათა... 24 მაისს ისევ განაახლოს მოსკოვთან მოლაპარაკებები. მოსკოვთან მოლაპარაკებების განახლებას ლონდონს პარიზი აიძულებს. საფრანგეთი ძალზე შეშფოთებული იყო მოსკოვში სტრატეგიის შესაძლო ცვლილებით. ითანამშრომლებს სტალინი ჰიტლერთან? დაიკარგება პოლონეთი? უფრო კოშმარული სცენარი დასავლეთის დემოკრატიებს არც კი წარმოედგინათ. ამასთან, 1939 წლის 16 მაისს ბრიტანეთის გენშტაბის დასკვნა ცალსახად ამბობდა: მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სუსტია წითელი არმია, მისი მხარდაჭერის გარეშე პოლონეთი და რუმინეთი დაიკარგება.
მაგრამ როგორც კი ივნისის თვეში ბრიტანეთის ელჩისა და მოლოტოვის მოლაპარაკებები განახლდება, ისინი იმ წამსვე გაიყინება. მოლოტოვი დაჟინებით იმეორებდა, რომ გარანტია უნდა მიეცათ საბჭოთა კავშირის მოსაზღვრე ყველა ქვეყნისთვის. ბრიტანელი ელჩი, თავის მხრივ, ხაზგასმით აღინიშნავდა ორ აშკარა ფაქტს: 1. ეს ქვეყნები არ იყვნენ საბჭოთა კავშირის დახმარების მთხოვნელები; 2. სსრკ-ს არ შეეძლო თავად გადაეწყვიტა, ემუქრებოდა თუ არა ბერლინი, მაგალითად, ლატვიას ან ესტონეთს.
7 ივნისს ბერლინის მიერ ლატვიასთან და ესტონეთთან თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას ბომბის აფეთქების ეფექტი ექნება. შიში მოსკოვს თითქოს შეარბილებს და მოლაპარაკებების განახლებისკენ უბიძგებს. თუმცა მოლოტოვის ახალი მოთხოვნა ისევ გაყინავს მოლაპარაკებებს. კრემლის აზრით, უსაფრთხოების გარანტიებს უნდა ეარსება არა მხოლოდ გერმანიის მიერ ამ ქვეყნებზე თავდასხმის, არამედ ქვეყნის პოლიტიკის "შიდა ცვლილების“ შემთხვევაშიც. კრემლის ლოგიკის მიხედვით, ჰელსინკიში, ტალინში, რიგაში, ვარშავაში ან ბუქარესტში მთავრობის ნებისმიერი სახის ცვლილებას, ამ ქვეყნებში ინტერვენციის კარტ ბლანში უნდა მიეცა მოსკოვისვის. "ეს სრულიად მიუღებელია!" - იყო ლონდონის პასუხი.
12 ივლისს ლორდი ჰალიფაქსი, მოლაპარაკებების სრული კრახით დამთავრების შიშით, ყაბულს იქნება მოლოტოვთან საიდუმლო სამხედრო ხელშეკრულების დადებაზე. თუმცა დროის მოგების მიზნით ბრიტანულ-ფრანგულ დელეგაციას გემით გამგზავრებას უბრძანებს (ჰალიფაქსი იმედოვნებდა, რომ ბერლინის შიშით მოსკოვი მოთხოვნებს შეარბილებდა). ლენინგრადამდე ჩასვლას დელეგაცია 5 დღეს მოანდომებს. ლენინგრადში კი მატარებელში გადასხდებიან. მოსკოვში ისინი მხოლოდ 11 აგვისტოს ჩავლენ. ამ დროისათვის კი ბედის ბორბალი უკვე მოტრიალებული იყო და სტალინს ბრიტანულ-ფრანგული წინადადებები აღარ აინტერესებდა.
ატყუებდა სტალინი დასავლეთის დემოკრატიებს? ამ მოლაპარაკებების მიზანი მხოლოდ ბერკეტი იყო ბერლინთან ვაჭრობაში? აპრილსა და მაისში, რა თქმა უნდა, არა, რადგან მაშინ ჰიტლერი არაფერს სთავაზობდა სტალინს. სტალინისთვის ლონდონ-პარიზთან მოლაპარაკებები სავარაუდოდ ივნისში დაკარგავს აზრს (ამის შესახებ იხილეთ "ბერლინი-მოსკოვი"). 1939 წლის გაზაფხულზე კი სტალინს ნამდვილად სურდა, ლონდონთან და პარიზთან შეთანხმებაზე მოეწერა ხელი. ოღონდ შეთანხმებაზე, რომელიც სტალინისეული პირობებით იყო შედგენილი, რაც ნიშნავდა კრემლისთვის სრულ თავისუფლებას ფინეთში, პოლონეთში, რუმინეთში და ბალტიის ქვეყნებში. სტალინი ვერ ხვდებოდა, რომ ლონდონისა და პარიზისათვის ეს წითელი ხაზი იყო. ჯუღაშვილის აზრით, კრემლი „იდეოლოგიური იმპერატივების“ გარეშე მოქმედებდა. სინამდვილეში კი, ისეთი უკიდურესად დოგმატიკოსი პოლიტიკოსისათვის, როგორიც სტალინი გახლდათ, მისი ეს „რეალიზმი“ ბრმა ცინიზმს უფრო წარმოადგენდა. ცინიზმს, რომელიც არაფრად აგდებდა არა მხოლოდ იმ უფსკრულს, რომელიც ძველ ევროპულ დემოკრატიებსა და მესამე რაიხს შორის არსებობდა, არამედ ნაციზმის აგრესიულ მიზნებსაც.
დოგმატიკოსი სტალინის ბრმა ცინიზმს თავისი ფასი ჰქონდა და საბჭოთა კავშირი ამ ფასს 1941 წელს გადაიხდის.