წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ მაია სანდუს მმართველმა პარტია PAS-მა („მოქმედება და სოლიდარობა“) ხმების დიდი ნაწილი მიიღო 32-დან 19 რაიონში, თუმცა, უმრავლესობა არცერთ ადგილობრივ საბჭოში არ ექნება.
ოპოზიციის წარმომადგენელმა, ყოფილმა კომუნისტმა და სოციალისტმა, იონ ჩებანმა კვლავ გაიმარჯვა კიშინიოვის მერის არჩევნებში, რასაც სამწუხაროს უწოდებს ლინა გრაუ, მოლდოვის საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის წარმომადგენელი.
„სამწუხაროდ, კიშინიოვი კრემლის სატელიტად მიჩნეულ იონ ჩებანს დარჩა, რომელმაც თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო კომუნისტურ პარტიაში, ვორონინის გვერდით, შემდეგ მიატოვა კომუნისტები და გაიქცა იგორ დოდონთან, სოციალისტურ პარტიაში. საბოლოოდ ისინიც მიატოვა და ჩამოაყალიბა პარტია MAN-ი („მოძრაობა ნაციონალური ალტერნატივა“), რომელმაც მხოლოდ კიშინიოვის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ჩებანი თვალსა და ხელს შუა იცვლის ორიენტაციას და აცხადებს, რომ მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ეს საინტერესო მეტამორფოზაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ადრე მხარს უჭერდა რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას. ასეთი პოლიტიკური ევოლუცია ნორმალური ამბავია, მაგრამ ომის დაწყების დროს, ჩებანი რუსეთში აღმოჩნდა და ეს ამბავიც განიხილებოდა ამასწინანდელი არჩევნების დროს“, - ამბობს ლინა გრაუ, რომელიც ამჟამად პრაღაში იმყოფება, როგორც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის სტიპენდიატი.
მიუხედავად მოლდოვის ცენტრალური და საარჩევნო ადმინისტრაციების ძალისხმევისა, ადგილობრივი არჩევნების დროს, როგორც ამას მმართველი პარტია ირწმუნება, ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის კვლავ აქტიურად გამოიყენებოდა გარედან შეტანილი დიდძალი ფული და კორუფციული სქემები.
ლინა გრაუ ამბობს, რომ მოსყიდვებისგან არც მეორე ტურის არჩევნებია დაზღვეული და არც მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რის გამოც პროევროპული ელექტორატი მაია სანდუს ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
ოლიგარქ ილან შორის აჩრდილი
5 ნოემბერს მოლდოვაში ირჩევდნენ ქალაქების და სოფლების ადმინისტრაციების 898 ხელმძღვანელს და ადგილობრივი საბჭოების 11 058 წევრს.
არჩევნების პირველ ტურში, საერთო შეფასებით, მმართველი პარტიისათვის ნამდვილ გამოცდად იქცა მოლდოვის სიდიდით მეორე ქალაქ ბელცი, სადაც „მოქმედებისა და სოლიდარობის“ წარმომადგენელი სამეულშიც ვერ მოხვდა.
ამ ქალაქში წინასწარი შედეგების მიხედვით, მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება და მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანების, „ჩვენი პარტიის“ კანდიდატ ალექსანდრ პეტკოვსა (22,6%) და დამოუკიდებელ კანდიდატ არინა კორშიკოვას (21,5%), რომელსაც მხარს დევნილობაში მყოფი ოლიგარქი, ილან შორი უჭერს.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კორშიკოვა 7 ნოემბერს საოლქო საარჩევნო საბჭომ მოხსნა არჩევნების მეორე ტურიდან. ამის მიზეზი გახდა მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილი შეცდომა, კორუფციული სქემების გამოყენება და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა.
პარტია „შორი“, მოლდოვაში გამოცხადებულია უკანონოდ, ხოლო მისი დამფუძნებელი, ილან შორი, გასამართლებულია. მას მოლდოვის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა საბანკო მაქინაციებში მონაწილეობის გამო. შორი ამჟამად იმყოფება ისრაელში. კიშინოვი მის ექსტრადიციას ითხოვს.
ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიამ, საარჩევნო რბოლას ჩამოაშორა შორთან დაკავშირებული კიდევ ერთი პარტიის, „შანსის“ კანდიდატები.
განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ პარტია ამომრჩევლების მოსყიდვას ეწეოდა და რუსეთიდან ფულს იღებდა.
ასევე ნახეთ
მოლდოვაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცესკომ გააუქმა პრორუსული პარტია „შანსის“ რეგისტრაციაპარტია „შანსის“ ლიდერმა ალექსეი ლუნგუმ ამ გადაწყვეტილებას მის პარტიაზე თავდასხმა უწოდა, ხოლო ილან შორმა თქვა, რომ ფული მისი კანონიერი ბიზნესიდან არის მიღებული და არა რუსეთიდან.
"შორის პარტიის წევრები ძალიან კრეატიულები არიან. და როგორც ერთი ზღაპრის სიუჟეტშია, როცა თავს ჭრი დრაკონს და იქვე ორი ახალი ეზრდება, „შორის“ პარტიის წევრებმა შექმნეს ახალი პარტია „შანსი“, რომელსაც ადგილობრივ არჩევნებში დაუჭირეს მხარი. იქვე აღმოაჩნდათ სათადარიგო ვარიანტი „აღორძინების“ სახით და ასევე სათადარიგო "დამოუკიდებელი" კანდიდატები, თითქმის ყველა რაიონში. და ზოგიერთ რაიონში მათ წარმატებასაც მიაღწიეს... ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ასევე ძალიან ძლიერ არის დამოკიდებული ადგილობრივ ხელისუფლებაზე. და თუ ადგილებზე ხელისუფლებაში იქნება ისეთი ხალხი, როგორც მაგალითად გაგაუზიაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პროევროპულ კურსს, მაშინ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ შეგვექმნება პრობლემები სწორედ ამ პრორუსული ძალებისგანო - აფრთხილებდა ხელისუფლება ამომრჩევლებს არჩევნებამდე", - ამბობს ლინა გრაუ.
ადგილობრვ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ შორის პარტიის ლიდერებს ხუთი წლით აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა. მოლდოვის მთავრობამ მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
სანდუს ხელისუფლება და დასავლელი პოლიტიკოსები „შორს“ ადანაშაულებენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში და პარტიას პრორუსულს უწოდებენ და მის აკრძალვას მოსკოვის გავლენის შემცირების სურვილთან აკავშირებენ.
თავად „შორის“ წარმომადგენლებმა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
ამ სარჩელის პასუხად, ოქტომბრის დასაწყისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა, რომ ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ პარტია „შორის“ ყოფილ წევრებს.
პარტია იმავე სასამართლომ რამდენიმე თვის წინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მას შემდეგ ის დაშლილად მიიჩნეოდა.
ასევე ნახეთ
მოლდოვაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცესკომ გააუქმა პრორუსული პარტია „შანსის“ რეგისტრაცია
რამ იმუშავა არჩევნებში პროევროპული ძალების საწინააღმდეგოდ?
მოლდოვის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანაში საგრძნობლად დაჩქარდა ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმები.
ევროკავშირის დახმარებით დაიწყო პროექტები სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარების, გზების მშენებლობის და მოლდოვის ენერგეტიკული სისტემის ევროპის ენერგეტიკული სისტემის, კერძოდ, გაზის ხაზთან მისაერთებლად.
"ეს ისეთი რამეა, რითაც სარგებელი უნდა ეგრძნო თითოეულ მოქალაქეს, მაგრამ რუსეთის მიერ მოლდოვის მეზობელ უკრაინაში გაჩაღებულმა მასშტაბურმა ომმა მოლდოვის ეკონომიკაზეც მოახდინა ნეგატიური გავლენა. ასეთი ვითარება მოხერხებულად გამოიყენეს ადგილობრივი არჩევნების წინ რუსეთის სატელიტმა პარტიებმა, რომლებიც ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ საქმე, რომ მმართველ პარტიას მხოლოდ მისი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო უპირისპირდებიან", - ამბობს ლინა გრაუ და განაგრძობს: "პარტიები, რომლებიც პრორუსულ ელექტორატზე მუშაობენ, სინამდვილეში არ იყენებენ აშკარა პრორუსულ ნარატივებს. პრორუსული ნარატივი ერთგვარი მეორე ფონია. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მოლდოვაში უარესდება ცხოვრების დონე, მმართველი „მოქმედება და სოლიდარობის“ (PAS) პარტიის პოლიტიკის გამო მატულობს სიღარიბე, უმუშევრობა და სხვა. თუმცა ეს ყველაფერი ხდება სწორედ რუსეთის აგრესიის ფონზე, მატულობს ფასი საწვავზე, პროდუქტებზე, ქვეყანას დევნილების დიდი ტალღა მოაწყდა უკრაინიდან. ამასთან, ეს პარტიები მოსახლეობას აშინებენ ევროკავშირით და ნატოთი: ევროკავშირი მოდის იმიტომ, რომ წაიღოს თქვენი მიწები, თავს მოგახვიოს თავისი ფასეულობებიო. ევრკავშირი ეს არის გეები და ლესბოსელები, საფლავებიდან და ეკლესიებიდან ჩამოყრილი ჯვრები, ნატო კი - ეს ომია, - აცხადებენ ისინი. ესაა ნამდვილი პრორუსული ნარატივი."
მოლდოვის „სოციალისტური პარტიის" პრორუსმა ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ადგილობრივი არჩევნების წინ, მმართველი პარტია სახელმწიფო დაწესებულებების მიტაცებასა და მედიის დაბლოკვაში დაადანაშაულა, პრეზიდენტ მაია სანდუს „დიქტატორი“ უწოდა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
მოლდოვაში დოდონის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის, სახელმწიფო ღალატის და კორუფციის მუხლებით.
ადგილობრივ არჩევნებში სოციალისტებმა წარმატებას მიაღწიეს ჩრდილოეთ რაიონებში.
მოლდოვის მმართველმა პარტიამ კი ძირითად წარმატებას ცენტრალურ ნაწილსა და ქვეყნის სამხრეთში მიაღწია.
რას საყვედურობს პროევროპული ელექტორატი მაია სანდუს?
ლინა გრაუ მიიჩნევს, რომ წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ PAS-მა („მოქმედება და სოლიდარობა“), რომელიც მოლდოვის პოლიტიკურ სცენაზე სხვებთან შედარებით ახალგაზრდა პარტიაა, შემდგომში ბევრად უფრო მეტად უნდა იაქტიუროს, რათა არ დაუშვას პრორუსული ძალების რევანში მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე.
„ამ არჩევნების დროს მმართველმა პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობამ“ (PAS) საკმაოდ ძლიერი კრიტიკა დაიმსახურა საზოგადოების პროევროპული ნაწილის მიერ, რომელიც მათ პასიურობის გამო საყვედურობდა. ჩემთვისაც რთული გასაგებია მათი ასეთი პასიურობა. მაგრამ, მეორე მხრივ, სანდუს მომხრეები ცდილობენ, სწორი მიმართულებით, სამართლებრივი გზებით იარონ, ბინძური ფულისა და ტექნოლოგიების გარეშე. ანუ როგორც მაია სანდუ ამბობს, ისინი ჭადრაკს თამაშობენ, მათი მეტოქეები კი კრივის ილეთებს იყენებენ. ეს კი მათ არათანაბარ სიტუაციაში აყენებს და მოცემულ მომენტში ასუსტებს. ამიტომ, თუ პროევროპელები შეძლებენ მართლმსაჯულების სრულყოფილ რეფორმას, მაშინ ეს სამართლებრივი სქემები ბევრად უფრო ქმედითი გახდება რესპუბლიკაში. მანამდე კი ჩვენში ერთგვარი მიქსია შუა საუკუნეობრივ მიდგომებსა და დემოკრატიულ პროცესებს შორის და ამ ვითარებაში ჩვენ ვცდილობთ რაღაც ნორმალური ქვეყნის აშენებას“, - ამბობს ლინა გრაუ.
მოლდოვის პროევროპული ძალებისთვის ნამდვილი ტესტი იქნება ქვეყნის მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს.
წინა არჩევნები 2021 წლის ივლისში ვადამდელი იყო და მასში დამაჯერებლად გაიმარჯვა პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიამ, მას ამომრჩეველთა 52. 44 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
- საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ წელიწადში, ევროკავშირმა მოლდოვას (უკრაინასთან) ერთად მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.
- 2023 წლის 8 ნოემბერს კი ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, - რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.
- უკრაინას ამ გზაზე ოთხი პირობა წაუყენეს, მოლდოვას - სამი.
- იმავე დღეს გამოცხადდა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
ასევე ნახეთ
რას მოიცავს 9 დათქმა - ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა