მოლდოვიდან რუსი დიპლომატების გაძევება, დარჩენილი აგენტები და საეჭვო ანტენები

კიშინიოვიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შემდეგაც კი, სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ზოგიერთი თანამშრომელი კვლავ მოლდოვაში რჩება (რადიო თავისუფლების კოლაჟი)

აგვისტოს შუა რიცხვებში მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინა რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომელსა და დიპლომატს, რისი მიზეზიც გახდა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი მუშაობა.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა The Insider-ისა და Jurnal TV-ის გამოძიების გამოქვეყნება. მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სახურავზე არის ანტენები, რომლებიც სატელეფონო საუბრების მოსმენის საშუალებას იძლევა.

„მოლდოვის რესპუბლიკა მრავალი ათწლეულის განმავლობაში წარმოადგენდა რუსეთის მხრიდან მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ობიექტს. ზოგიერთი მათგანი მათ შორის რუსეთის საელჩოს გზით ხორციელდებოდა“, - განაცხადა მაშინ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკი პოპესკუმ.

რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, კიშინიოვიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შემდეგაც კი, სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ზოგიერთი რუსი თანამშრომელი კვლავ საელჩოში რჩება

დიპლომატები დაზვერვაში სამსახურის პრაქტიკით


რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით გაირკვა, რომ რუსეთის საელჩოს სულ მცირე ორ თანამშრომელს ჰქონდა კავშირი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან ((ФСБ), კიდევ ორი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) მოსკოვის მისამართებთან აღმოჩნდა ასოცირებული. სწორედ რუსეთის „გრუს“ უკავშირდება ევროპის მასშტაბით განხორციელებული საბოტაჟისა და მოწამვლების სერია, რასაც ინტერნეტში გაჟონილი სამთავრობო დოკუმენტებიც ააშკარავებენ.

ინტერნეტში რუსეთის სახელმწიფო უწყებებიდან გაჟონილმა მონაცემთა ბაზამ, შესაძლებელი გახადა, ბოლო წლებში ნიღაბი ჩამოხსნოდა რუსეთის დაზვერვის ოპერაციებში ჩართულ რამდენიმე ეჭვმიტანილს. მონაცემთა ბაზა შეიცავს რუსული ავტომობილების მონაცემებს, სამუშაო ადგილებს, სულ მცირე 10 წლის მოქმედების ვადის მქონე პასპორტებსა და საკრედიტო ბარათებს.

გაჟონილი მონაცემების თანახმად, კიშინიოვში რუსეთის ფედერაციის საელჩოში მომუშავე მაღალი რანგის დიპლომატები, კერძოდ, საელჩოს ორი პირველი მდივანი - კონსტანტინ ზიაბლიკოვი და ბორის სუსილინი, რუსეთის ეფ-ეს-ბესთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ხოლო სამხედრო ატაშე და მისი თანაშემწე დარეგისტრირებულნი აღმოჩნდნენ მისამართებზე, რომლითაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა სარგებლობს.

საელჩოს პირველი მდივანი, კონსტანტინ ზიაბლიკოვი, რუსეთის ხელისუფლების მონაცემთა ბაზის თანახმად, 2010-2015 წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, მისამართზე ბოლშაია ლიუბიანკა 2, ეს არის საბჭოთა პერიოდის უშიშროების კომიტეტის „კა-გე-ბეს“ მისამართზე, სადაც ამჟამად რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ( ФСБ) მდებარეობს,

რამდენიმე სააღრიცხვო ჩანაწერის თანახმად, ზიაბლიკოვის სამუშაო ადგილად მითითებულია სამხედრო ნაწილი 14057, ანუ მოსკოვის სამხედრო ოლქში მდებარე რუსეთის უშიშროების სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველო.
ზიაბლიკოვი ფიგურირებს იმ რამდენიმე ასეული პირის სიაში, რომელიც 2022 წლის მარტში უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველომ გამოაქვეყნა და რომელშიც ისინი იდენტიფიცირებულები არიან, როგორც ევროპაში „დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე“ რუსეთის ეფ-ეს-ბეს თანამშრომლები.

კიშინიოვში ზიაბლიკოვი, როგორც დიპლომატი, აკრედიტებულია 2021 წლის აგვისტოდან, ხოლო ერთი თვის თავზე იგი შეხვედრია კარაბინერების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას. აღნიშნული შეხვედრა, მოლდოვური მხარის პრესრელიზში ახსნილი იყო იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ ზიაბლიკოვი „საელჩოს შიდა შენობების უსაფრთხოებაზე“ იყო პასუხისმგებელი.


რუსეთის საელჩოს კიდევ ერთი პირველი მდივანი, ბორის სუცილინი, მოლდოვის რესპუბლიკაში აკრედიტებული იყო 2019 წლიდან. რუსეთის სატრანსპორტო საშუალებების რეესტრში მისი სახელი 2014-2019 წლებში დარეგისტრირებული აღმოჩნდა მისამართზე დობროლიუბოვის ქუჩა 3ა, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს.

შენობა, რომელიც აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს, ადრე ეკუთვნოდა „ეფ-ეს-ბეს“ სამხედრო ნაწილს. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის დადგენილებით, სამხედრო ნაწილი დაიშალა, ხოლო შენობა გადაკეთდა როგორც ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების „ეფ-ეს-ბეს“ სასწავლო ცენტრი.

სავარაუდოდ „გრუსთან“ დაკავშირებული სამხედრო დიპლომატები

რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კავშირი უნდა ჰქონდეს კიშინიოვში მდებარე რუსეთის საელჩოს კიდევ რამდენიმე დიპლომატს, პირველ ყოვლისა, როგორც მათი თანამდებობიდან ჩანს, - სამხედრო და საჰაერო ძალების ატაშეს, ანდრეი ლიუბოვს.

იგი მოლდოვის რესპუბლიკაში აკრედიტებულია და სამხედრო ატაშედ მუშაობს 2021 წლის 21 ოქტომბრიდან. მანამდე, 2014-2019 წლებში პოლკოვნიკ ანდრეი ლიუბოვს რიგაში რუსეთის საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ატაშეს პოსტი ეკავა. იგი რუსეთის არმიის კავშირგაბმულობის ჯარებში მსახურობდა და ასევე იკავებდა მაღალ თანამდებობას რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარ შტაბში. ანდრეი ლიუბოვი 2013-2014 წლებში მუშაობდა რუსეთის საელჩოში, ერევანში.

მაგრამ რუსეთის მთავრობის დოკუმენტების თანახმად იკვეთება ლიუბოვის კავშირები რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (გრუსთან). რუსეთის სატრანსპორტო საშუალებების რეესტრის მიხედვით, ლიუბოვი მოსკოვში დარეგისტრირებული აღმოჩნდა მისამართზე ნაროდნაია ოპოლჩენიე 48, ბინა 2. აღმოჩნდა, რომ ეს შენობა ეკუთვნის სამხედრო ნაწილ ნომერ 22177-ს.

რამდენიმე წყაროს, მათ შორის რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ეს შენობა იდენტიფიცირებულია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიის შენობა, ცნობილი როგორც გრუ-ს „კონსერვატორია“. რუსულ პორტალ „მედუზის“ ცნობით, ამ „კონსერვატორიაში“ ამზადებენ როგორც სამხედრო დაზვერვის აგენტებს, ისე სამხედრო დიპლომატებს, საზღვარგარეთ რუსეთის საელჩოების დიპლომატიურ მისიებში სამხედრო ატაშეს თანამდებობის დასაკავებლად.

ანდრეი ლიუბოვის მოსკოვის მისამართის მახლობლად აღმოჩნდა დარეგისტრირებული ასევე მისი თანაშემწე, დმიტრი კელოვი, კიშინიოვში რუსეთის საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომელი.

რუსეთის სატრანსპორტო რეესტრის თანახმად, სამხედრო ატაშეს თანაშემწე დმიტრი კელოვი, რეგისტრირებული აღმოჩნდა მისამართზე: მარშალ ბირიუზოვის 4. ამ მისამართზე მდებარე შენობაში 2018 წელს ცხოვრობდნენ რუსეთის „გრუს“ თანამშრომლები, მათ შორის ცნობილი აგენტი ანატოლი ჩეპიგა, რომელმაც „ნოვიჩოკის“ ტიპის გაზით მოწამლა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი, გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკი.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში მოწამლეს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში. მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა საბრძოლო დანიშნულების ქიმიური შხამი „ნოვიჩოკი“, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო კანონით. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სკრიპალები გამოჯანმრთელდნენ. ბრიტანელი გამომძიებლების თანახმად, თავდასხმაში ეჭვმიტანილი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბაშიროვის პასპორტებით. Bellingcat-ი და მისი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ეს არიან გრუ-ს ოფიცრები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა.

ასევე ნახეთ

Bellingcat-ი: ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა დააწინაურეს და ისინი კრემლისთვის მუშაობენ

საგამოძიებო ცენტრმა „დოსიემ“, რომელსაც კრემლის ოპონენტი, რუსი მაგნატი, მიხაილ ხოდორკოვსკი აფინანსებს, დაადგინა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა 2011 წელს შეეცადა დაემალა იმ რუსი ჯაშუშების შვილების პირადი მონაცემები, რომლებიც მარშალ ბირიუზოვის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებულ შენობაში ცხოვრობდნენ.

მეთოდი, რომელსაც რუსმა სამხედროებმა მიმართეს, ასეთი იყო: ოფიციალურ ჩანაწერებში ამ ბავშვების დაბადების თარიღი უნდა შედგენილიყო უკან რიცხვით ისე, რომ მათი უმრავლესობა გასული საუკუნის დასაწყისში დაბადებულად გამოჩენილიყო. „დოსიე“ იმოწმებს რუსეთის საპენსიო ფონდის მონაცემებს, რომელიც რადიო თავისუფლებამაც გადაამოწმა.

2021 წლის აგვისტოში მოლდოვის რესპუბლიკაში აკრედიტებული, დმიტრი კელოვი ნოემბერში შეუერთდა რუსეთის დელეგაციას ერთიან მაკონტროლებელ კომისიაში, სამმხრივ სტრუქტურაში, რომელიც დნესტრისტრისპირეთის უსაფრთხოების ზონაში სიტუაციის ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

კიშინიოვში საელჩოს თავზე ანტენები კვლავაც დგას


ერთ-ერთი რუსი დიპლომატი, რომელიც The Insider-ისა და Jurnal TV-ის მიერ ამა წლის ივლისში კიშინიოვში, რუსეთის საელჩოს შენობის თავზე დამონტაჟებული ანტენების შესახებ ჩატარებულ გამოძიებაში ფიგურირებს, ვლადიმირ გოროხოვია. გამოძიების ავტორები წერენ, რომ გოროხოვს ხშირად ხედავდნენ საელჩოს სახურავზე, იმ ანტენებს შორის, რომლებიც, როგორც ზემოთ ითქვა, სატელეფონო საუბრების მოსმენის საშუალებას იძლევა.


ამ ფაქტის გამჟღავნების შემდეგ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა შეწყვიტა თანამშრომლობა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.

მაგრამ თავად რუსი დიპლომატი გოროხოვი, რომელიც მოლდოვაში 2021 წლის ივლისიდან არის აკრედიტებული, მაინც დარჩა თანამდებობაზე, მიუხედავად აგვისტოში, მისი გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა, რასაც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განახლებული დიპლომატიური სიაც მოწმობს.

არ შემცირებულა არც კიშინიოვში, რუსეთის საელჩოს შენობის სახურავზე არსებული ანტენების რაოდენობა, როგორც ეს The Insider-ისა და Jurnal TV-ის თავდაპირველი გამოძიებიდან ერთი თვის თავზე, აგვისტოს ბოლოს გადაღებული ფოტოსურათიდანაც ჩანს.

რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება ცხადყოფს, რომ მიუხედავად ევროკავშირის სახელმწიფოების მცდელობისა, რომ მკვეთრად შეამციროს რუსი ჯაშუშების რაოდენობა, მოსკოვი კვლავაც აგრძელებს ევროპის ქვეყნების საელჩოების სპეცსამსახურებთან აფილირებული კადრებით დაკომპლექტებას.


გამოძიების თანახმად, ასევე გაირკვა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ შავ სიაში შეტანილი და ევროპიდან ჯაშუშობისთვის გაძევებული სულ მცირე სამი დიპლომატი, კვლავ აღმოჩნდა აკრედიტებული რუს დიპლომატთა შორის სერბეთში.


რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 სექტემბრის განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობამ „რამდენიმე მტკიცე ნაბიჯი გადადგა რუსეთის მადესტაბილიზებელი, კერძოდ, სავარაუდო ჯაშუშური ქმედების პასუხად“ და შეამცირა მოსკოვის დიპლომატიური წარმომადგენლობა.


ამასთან, სამინისტრომ დასძინა, რომ 1961 წლის ვენის კონვენციის (დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ) თანახმად, რომელიც ადგენს დიპლომატიურ პრაქტიკას და პრინციპებს ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის, „რუსეთის ფედერაციის საელჩოს დიპმისიისათვის პერსონალის შერჩევა რუსეთის ხელისუფლების მოვალეობას წარმოადგენს“.
გამოძიების გარშემო რადიო თავისუფლების მიერ სტატიის გამოქვეყნებამდე გაგზავნილი შეკითხვები, რუსეთის საელჩომ კიშინიოვში უპასუხოდ დატოვა.

  • მას შემდეგ, რაც 1991 წელს მოლდოვამ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობა მოიპოვა, მოსკოვი პატარა, 2,6- მილიონიან ქვეყანაზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს, პირველ ყოვლისა რუსეთის ენერგომატარებლებზე მოლდოვის ტრადიციული დამოკიდებულების გამო.
  • 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ მოლდოვამ არაერთგზის დაგმო რუსეთის აგრესია, შეიფარა 100 000-ზე მეტი უკრაინელი დევნილი და გადადგა ნაბიჯები, რათა შეესუსტებინა რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება.
  • 1992 წელს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და კიშინიოვს შორის მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში მოსკოვი კვლავ ინარჩუნებს 1000-კაციან სამხედრო დაჯგუფებას - ე.წ. სამშვიდობო ძალას, რომელიც სინამდვილეში კონფლიქტის გაყინულ მდგომარეობაში შენარჩუნებას უწყობს ხელს.