საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წლიდან, მოლდოვა, სადაც მოსკოვს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შენარჩუნებული, კონსტიტუციის მიხედვით ნეიტრალურ და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად რჩება.
რადიო თავისუფლებისთვის 11 ივლისს, ნატოს ვილნიუსის სამიტის დროს, მიცემულ ინტერვიუში, პოპესკუ ამბობს, რომ მთავრობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნეიტრალიტეტი ამ ეტაპზე არ არის საკმარისი ქვეყნის უსაფრთხოების მისაღწევად, მაგრამ მმართველ, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას არ აქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი უმრავლესობა.
„მოლდოვის რესპუბლიკაში პოლიტიკური დებატებია, და ჩვენი საზოგადოება მსჯელობს ამაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ნეიტრალიტეტი. ახლა ჩვენთან იგივე კონსტიტუცია მოქმედებს, რომელიც 1994 წელს მივიღეთ“, - თქვა პოპესკუმ.
ნეიტრალიტეტის გადახედვაზე საუბრები უკრაინასა და ნატოს და ევროკავშირის წევრ რუმინეთს შორის მდებარე ქვეყანაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაიწყო.
2023 წლის მაისში ქვეყნის პრეზიდეტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტი, მართალია, კონსტიტუციაშია ჩაწერილი, სულ უფრო ხშირად ხდება დისკუსიის საგანი მოლდოვის საზოგადოებაში, და ის მზად არის გადახედოს ამ თემას, თუ მოლდოვის ხალხი ისურვებს.
სანდუს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2020 წელს მოლდოვამ მკვეთრად დასავლური კურსი აიღო და ომის დაწყებისთანავე უკრაინას დაუდგა მხარში. სანდუმ, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო, არჩევნებში დაამარცხა იგორ დოდონი, რომელსაც მოსკოვი უმაგრებდა ზურგს. მოლდოვამ შარშან უკრაინასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა.
ასევე ნახეთ ევროკავშირი მისიას გზავნის მოლდოვაში, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისთვისმოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, მოლდოვისთვის საუკეთესო ვარიანტია ევროკავშირში გაწევრიანება და ნატოსთან დაახლოებისკენ სწრაფვა. მოლდოვის რესპუბლიკამ უსაფრთხოება, მშვიდობა, კეთილდღეობა, თავისუფლება და განვითარება შეიძლება მოიპოვოს ევროპის ქვეყნების ოჯახში მტკიცე ადგილის მოპოვებით, ევროკავშირში შესვლით, ასევე ნატოსთან თანამშრომლობის „გაძლიერებით და დაჩქარებით“, - თვლის პოპესკუ.
ქვეყანამ 2,6-მილიონიანი მოსახლეობით ათასობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო ომის დაწყების შემდეგ და თავიდან შიშობდა, რომ რუსეთის აგრესიის სამიზნე შეიძლებოდა გამხდარიყო. მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში დღემდე ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული.
პოპესკუს აზრით, მოლდოვა იმას უმადლის მშვიდობას, რომ უკრაინა რუსეთს მედგარ წინააღმდეგობას უწევს, კიევის ნატოსთან დაახლოება კი, უზრუნველყოფს მოლდოვის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
„რეალობა ესაა, რომ უკრაინის გამძლეობის წყალობით ამჟამად მოლდოვის რესპუბლიკაში მშვიდობაა. სწორედ უკრაინის უნარის გამო, დაჰპირისპირებოდა რუსეთის სასტიკ აგრესიას, დღეს მოლდოვაში მშვიდობაა შენარჩუნებული“, - თქვა პოპესკუმ.
„აშკარაა, რომ ნებისმიერი ზომა, რომელიც უკრაინას ეხმარება წინააღმდეგობის გაწევაში, თავისი ტერიტორიების დაბრუნებაში, ასევე განამტკიცებს მოლდოვის უსაფრთხოებას. მეტიც, ნატოსკენ უკრაინის სვლა არის ფაქტორი, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს მოლდოვის რესპუბლიკაში სტაბილურობის შენარჩუნებას“, - დასძენს პოპესკუ.