მეცა თმაში... მახოხიალა - მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი ქალზე ძალადობაშია ბრალდებული

გიორგი ყუშიტაშვილი და ქალი, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს

28 წლის გიორგი ყუშიტაშვილი, კრივში საქართველოს ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონი, წარსულში რუსეთში ნასამართლევი, 24 წლის ქალზე ძალადობაშია ბრალდებული. 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. ძალადობის მსხვერპლი ქალი შიშობს, რომ გიორგი ყუშიტაშვილი საქართველოს დატოვებს და გამოძიებას მიემალება. არ გამორიცხავს ძალადობის განმეორების საფრთხესაც.

26 ოქტომბერს ქალი საქმის პროკურორს შეხვდა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროკურორის თქმით, დადასტურდა ის ფაქტიც, რომ გიორგი ყუშიტაშვილი 23 ოქტომბრის ღამეს, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა: "მითხრეს ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გირაოს შეფარდების შესახებ პროკურატურა გაასაჩივრებს".

რას იხსენებს 24 წლის ქალი?

24 წლის ქალს სხეულზე არაერთი დაზიანება, ნაკაწრი და სისხლნაჟღენთი აქვს. ამბობს, რომ ეს დაზიანებები გიორგი ყუშიტაშვილმა მას 23 ოქტომბერს, გვიან ღამით, ვარკეთილის ტერიტორიაზე მაშინ მიაყენა, როცა მოკრივის სახლთან მის მანქანაში იჯდა:

„გიორგი 4 თვის წინ გავიცანი. ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ნახევარი წელი საქართველოში ცხოვრობს, ნახევარი წელი რუსეთში. იქ ვარჯიშობს. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. შევხვდით. გვიან ღამით მის სახლთან რომ მივედით, სახლში ასვლა შემომთავაზა, თუმცა, არ მინდოდა აყოლა და ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე. სანამ ტაქსის გამოვიძახებდი, წავკამათდით. ამ კამათის მიზეზმა გააღიზიანა, მეცა თმაში და თავი მარტყმევინა. ამ მომენტში, არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიდეოს ჩართვა მოვახერხე და ვიდეოსთან ერთად "ფლეშიც" ჩაირთო. ამაზე სულ გაგიჟდა, ტელეფონის წართმევა უნდოდა, მირტყამდა. ძალიან შემეშინდა და ჩემი ხელით ვაჩვენე ტელეფონი, რომ ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი და ცოტა დამშვიდდა, გადავიდა მანქანიდან“.

ქალმა 112-ში დარეკა. თუმცა, როგორ ის ჰყვება, როდესაც გიორგი ყუშიტაშვილმა გაიგო, რომ 112-ის ოპერატორს ელაპარაკებოდა, კვლავ დაესხა თავს:

„ფეხებით გადმომათრია მანქანიდან, მათრია ხრეშიან ასფალტზე 3-4 მეტრი. მუცელში ამომარტყა ფეხი. სავარაუდოდ, 112-ის ოპერატორს ჩაწერილი უნდა ჰქონდეს ჩემი ხმა, როგორ ვეხვეწები, არ მომიახლოვდე, ელექტროშოკი მიჭირავს-მეთქი. ამის შემდეგ მკრა ხელი, გადამაბიჯა, მანქანა ჩაკეტა და ავიდა სახლში. ჩემი კივილი ყველას ესმოდა, მაგრამ დასახმარებლად არავინ გამოსულა“.

24 წლის ქალი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ პოლიცია ადგილზე მალევე, დაახლოებით ხუთ წუთში მივიდა და ის ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს პირველ განყოფილებაში გადაიყვანეს გამოკითხვაზე:

დაზიანებები ქალის სხეულზე

„9 საათის განმავლობაში ვიყავი გამოკითხვაზე, ჩამიტარდა ექსპერტიზა, დააფიქსირეს ყველა დაზიანება. ჩემი გამოკითხვის შემდეგ, ორშაბათს დილით, 23 ოქტომბერს დააკავეს გიორგი ყუშიტაშვილი, თუმცა, თითქმის 24 საათში, სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“.

ქალი ამბობს, რომ იმ 24 საათის განმავლობაში, სანამ გიორგი ყუშიტაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, მან არაერთი შეტყობინება და უფრო მეტი სატელეფონო ზარი მიიღო ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობდნენ ქალის დარწმუნებას, რომ სპორტსმენის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი უკან გამოეხმო:

„დაახლოებით ათმა ადამიანმა დამირეკა, მწერდნენ, ეს მესიჯებიც შენახული მაქვს. გიორგი ყუშიტაშვილის ახლობლები საერთო ნაცნობებს არეკინებდნენ ჩემთან, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის კრივის ფედერაციის პრეზიდენტებიც საქმის კურსში იყვნენ და რაში მაწყობს მე ამ ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენის პატიმრობა, რომ აი, მალე ჩემპიონატზე უნდა გამოვიდეს და მე არ ვითვალისწინებ ამას“.

მიმოწერის სქრინი

ქალის თქმით, უცხოეთში, უფრო ზუსტად კი რუსეთში არსებული კავშირებიდან გამომდინარე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ გიორგი ყუშიტაშვილი დატოვებს ქვეყანას და გამოძიებას მიემალება:

„ყველა აანალიზებს და ხვდება, რომ არსებობს ქვეყნის დატოვების საშიშროება, მაგრამ მაინც გამოუშვეს. ამის გარდა, ახლა, როდესაც ის თავისუფლად გადაადგილდება, თავს არ ვგრძნობ დაცულად. მიუხედავად იმისა, რომ მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ეს ჩემთვის არ ცვლის არაფერს“.

ქალზე ძალადობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

რუსეთში ნასამართლევი მოკრივე

ქალის ადვოკატი, ნუცა თოფურია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმეზე იკვეთება გენდერული ნიშნით ძალადობის მოტივი, რაც სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა და, შესაბამისად, მისი თქმით, გაუმართლებელია სპორტსმენის გირაოთი გათავისუფლება.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ის ფაქტი, რომ გიორგი ყუშიტაშვილი სამი წლის წინ ძალადობისა და ნარკოტიკის მოხმარების საქმეზე იყო მსჯავრდებული.

ქართველი მოკრივე, რომელიც 2020 წელს რუსეთის კრივის ნაკრებში ირიცხებოდა, „როსგვარდიის“ თანამშრომლის ცემისა და კოკაინის შენახვის ფაქტზე დააკავეს და 2020 წლის თებერვლის დასაწყისში 235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა:

ნუცა თოფურია

„ამ ადამიანმა პატიმრობაში საბოლოოდ რვა თვე გაატარა. აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი წარსულში ნასამართლევია, თან ნასამართლევია ძალადობის ფაქტზე“.

"მისი პოზიციაა, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია" - ბრალდებულის ადვოკატი

გიორგი ყუშიტაშვილს სამი ადვოკატი იცავს. მისი ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოკრივე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას ქალზე არ უძალადია:

„მისი პოზიციაა, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია. სასამართლოს აღუწერა ფაქტი, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და დანარჩენს სასამართლო დაადგენს, იყო თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები და რა დანაშაულის ნიშნები იყო საერთოდ“.

მაშ, სად მიიღო დაზიანებები ქალმა, როგორ ხსნის ამ ფაქტს ბრალდებული? კითხვას ადვოკატი ასე პასუხობს:

„მანდილოსანთან დაკავშირებით ლაპარაკისგან თავს შევიკავებ, რადგან ძალადობაზეა საუბარი. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და სასამართლო პროცესის მიმდინარეობას და იქ ფარდა აეხდება ყველაფერს, ვინ რა გააკეთა, ვინ იყო მოძალადე და ვინ რა როლში იყო“.

რაც შეეხება მართლმსაჯულებისგან მიმალვის საფრთხესა და ბრალდებულის უცხოეთში კავშირებს, ადვოკატი ამბობს:

„ის ძალიან ცნობილი სპორტსმენია. მას არ აქვს შეზღუდული ქვეყნის დატოვება. არაერთ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს და მომავალში უამრავი კარიერული წინსვლა ელოდება. გამორიცხულია, რომ მან გამოძიებას და პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. ყველა გამოძახებაზე გამოცხადდება. ის ამბობს, რომ თუკი მე დამიდასტურდება რაიმე ბრალეული ქმედება, მზად ვარ პასუხი ვაგო სრული სიმკაცრით. თუმცა, ის ამბობს, რომ მას არავიზე არ უძალადია“.

28 წლის მოკრივე რუსეთში გაიზარდა. მისი ოჯახი ქალაქ ბურიატში 90-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად. 2020 წელს, მას შემდეგ, რაც ის რუსეთში გაასამართლეს და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თვე გაატარა შინაპატიმრობაში, დატოვა რუსეთი და კრივში საქართველოს ნაკრებში ჩაირიცხა. 2022 წლის მაისში, ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მან ოქროს მედალი მოიპოვა.

2023 წლის იანვარში პორტალი ამბები.ჯი მოკრივეზე დაყრდნობით წერდა, რომ ის სავარჯიშოდ ხშირად დადის რუსეთში, რადგან იქ ჰყავს პირადი მწვრთნელი და სპარინგ-პარტნიორები: „მოკრივე აღნიშნავს, რომ რუსეთისთვისაც სურს სიკეთის გაკეთება, რადგან იქ გაიზარდა და იქ ისწავლა კრივი“, - წერს ამბები.ჯი.

კრივის ფედერაციის დუმილი

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც ბრალდებულს იცავს, სწორედ კრივის ფედერაციის თანამშრომელია.

  • რა ინფორმაციას ფლობს კრივის ფედერაცია ქალზე ძალადობის საქმეზე, რომელშიც კრივში საქართველოს ნაკრების წევრია ბრალდებული?
  • შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ ბრალდებულის ინტერესებს სასამართლოში ფედერაციის ერთ-ერთი თანამშრომელი იცავს?
  • ასევე გვაინტერესებდა მოგვესმინა პასუხი კითხვაზე, ცდილობდნენ თუ არა ფედერაციის თანამშრომლები ძალადობის მსხვერპლ ქალთან შუამავლების საშუალებით დაკავშირებას?
  • გააგრძელებს თუ არა თანამშრომლობას კრივის ფედერაცია სპორტსმენ კითან, რომელიც ქალზე ძალადობაშია ბრალდებული და პროკურატურის ინფორმაციით, ძალადობის ფაქტის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ?

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს კრივის ფედერაციასთან დაკავშირებას. ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ხუცაიძე არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობდა და არც ტექსტურ შეტყობინებებს. უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე კრივის ფედერაციის კარი კი ჩაკეტილი დაგვხვდა.

კრივის ფედერაციის კარი

წინასასამართლო სხდომა 24 წლის ქალზე ძალადობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 დეკემბერს გაიმართება.

ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ქალზე ძალადობაში ბრალდებულ კაცს სასამართლო გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, შეიცვალა პროკურატურის დამოკიდებულება ქალზე ძალადობის საქმეებზე რეაგირების თვალსაზრისით, გაიზარდა პროკურორების მიერ ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი, სასამართლო ამ ტიპის დანაშაულზე შედარებით ლოიალურად რეაგირებს და არის შემთხვევები, როდესაც არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის მოთხოვნას პატიმრობის შესახებ და მას გირაოთი ანაცვლებს.

მაგალითად, ამ ტენდენციის მსხვერპლად იქცა ზუსტად ერთი წლის წინ, ოქტომბერში, 26 წლის ქალი, რომელიც მეუღლემ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა. მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ცოლზე ძალადობისა და მოკვლის მუქარისათვის დაკავებული კაცი, თელავის სასამართლოს მოსამართლემ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.