სამ დღეში, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქალის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. სწორედ 17 თებერვალს უნდა გაირკვეს, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 38 წლის კაცი უვადოდ წავა საპატიმროში, თუ მოსამართლე მას იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში გაუშვებს.
მოკლული ქალის დედა და პროკურატურა რაულ მებონიას უვადოდ პატიმრობას მოითხოვენ. ოჯახის წევრის განზრახ, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებო), სასჯელის სახედ და ზომად სწორედ უვადოდ პატიმრობას ან 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური დასკვნა სხვა რამეს ამბობს, რაულ მებონიას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი სრულად შეურაცხადია და უვადო პატიმრობის ნაცვლად, მოსამართლემ ის იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გაუშვას.
რა მოხდა 21 მაისს ავტობუსში?
მკვლელობამდე ორი დღით ადრე, სოფოს დედა, უფროს ქალიშვილთან, სალომესთან და მის სამ შვილთან ერთად, სოფოსთან თბილისში ჩამოვიდნენ სტუმრად. ქალი ზუგდიდიდან ხშირად სტუმრობდა შვილის ოჯახს.
ხათუნა ნაჭყებია იხსენებს, რომ მკვლელობის წინა საღამოს მისი სიძე უჩვეულოდ ჩუმად იყო:
„ყოველთვის მხიარული, ხმაურიანი, კომუნიკაბელური იყო. მისი ძმაკაცები ზუგდიდში ჩვენი მეზობლები არიან. რომ ჩამოვდიოდით, აუცილებლად გვეკითხებოდა ხოლმე მათ ამბებს, ხუმრობდა. იმ საღამოს კი უჩვეულოდ გარინდებული იყო. იჯდა ჩუმად. თითქოს რაღაცაზე ღელავდა, ფრჩხილებს იკვნეტდა და ფიქრობდა. დედამისსაც ვკითხე, რა დაემართა-მეთქი და არაფერი, ჩვეულებრივად არისო“.
მეორე დღეს, 21 მაისს, სოფომ და მისმა დამ, სალომემ, შვილები სასეირნოდ წაიყვანეს. მათ გაჰყვა როინიც:
„ბავშვები რომ წაიყვანეს, ჩემს უფროს ქალიშვილს, სალომეს უთხრა, ჩანთაში სანთებელა და „კუსაჩკა“ ჩაგიგდეო. ავტობუსში რომ ასულან, მალევე, სალომეს სანთებელა და „კუსაჩკა“ მოსთხოვა, მომაწოდეო. ავტობუსის კამერაშიც ჩანს, სალომე ხსნის ჩანთას, იღებს ე.წ. „კუსაჩკას“, რომელიც რეალურად დასაკეცი დანაა და აწვდის როინს. დაახლოებით 10 წუთში ის სოფოს კლავს".
ქალის ავტობუსში მკვლელობას ხუთი არასრულწლოვანი ბავშვის, მათ შორის საკუთარი შვილების გარდა, სხვა არაერთი მოწმე ჰყავდა. მკვლელობის კადრები აღბეჭდა ავტობუსში დამონტაჟებულმა სამეთვალყურეო კამერამაც. სოფო, მისი და და ქმარი, ხუთ ბავშვთან ერთად, ერთი შეხედვით, მშვიდად მგზავრობენ. ქალები და ბავშვები სხედან. კაცი ფეხზე დგას. ყოველგვარი წინარე კონფლიქტის გარეშე, კაცი ქალს კლავს.
სოფოს დედა დარწმუნებულია, რომ კაცს ცოლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა განზრახული და მკვლელობის მომენტში ის სრულიად შერაცხადი იყო.
„შეურაცხად, გაგიჟებულ ადამიანს, არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც მან მკვლელობის შემდეგ გააკეთა“, - მეუბნება ხათუნა ნაჭყებია.
როგორც ის მიყვება, მკვლელობის შემდეგ, კაცი იღებს ცოლის ზურგჩანთას, სადაც უფროსი, 11 წლის შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსულინი დევს, აჩერებს ტაქსის და მძღოლს ჩანთას ატანს ბავშვის ბებიასთან:
„ეს ზურგჩანთა ტაქსის მძღოლს გაატანა დედამისთან, უთხრა მისამართი, რადგან იცოდა, რომ ინსულინი ბავშვს ჰაერივით სჭირდებოდა. თუ შეურაცხადი იყო, როგორ გაახსენდა ეს დეტალები. როგორ შეიძლება ფსიქიკურად აშლილმა ადამიანმა ეს ყველაფერი გააცნობიეროს, გაახსენდეს შვილის ინსულინი, მისამართი და ა.შ. ავტობუსის კამერებში ჩანს, როგორ ურტყამს უფროსი ბიჭი მხრებზე, როგორ ექაჩება ქურთუკზე, რომ როგორმე გააჩეროს მამა, თუ შეურაცხადი იყო და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა, ბავშვს რატომ არ მოუქნია დანა? ბავშვს მხოლოდ იგერიებდა. ჩემი შვილი უყვიროდა, სოფო ვარ, ბიჭო, სოფო ვარო, და ვიცი, ვინც ხარო, მხოლოდ ამას უმეორებდა“.
ცოლის მკვლელობის შემდეგ კაცმა დედას დაურეკა და უთხრა: "ავტობუსში ვიყავით, სადაც ის კაცი ამოვიდა, ვისაც სოფო უნდა გაჰყოლოდა ცოლად და მოვკალიო", - მიყვება შვილის მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოფოს დედა:
"ჯერ ჩემმა ტელეფონმა დარეკა. ჩემი უფროსი გოგო რეკავდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ვაიმე, დედა, სოფო, დედა, სოფო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ვიფიქრე, მანქანა დაეჯახა-მეთქი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რა ხდებოდა. ამასობაში დარეკა ჩემი სიძის დედის ტელეფონმაც. როინი რეკავდა"...
მას შემდეგ, რაც ხათუნამ გაიგო, რომ მისი შვილი სიძემ დაჭრა, ის გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. სოფოს სიკვდილის ამბავი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეატყობინეს. დედა საავადმყოფოდან შვილის დასაფლავების წინა დღეს გამოწერეს.
რა იყო სოფოს მკვლელობამდე?
ცოლის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, როინ მებონიამ თვითმკვლელობა სცადა. ის მეხუთე სართულიდან გადმოხტა.
ხათუნა ნაჭყებია ამბობს, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა, ის წამალდამოკიდებულია, ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თვითმკვლელობაც ამიტომ სცადა:
„ადვოკატს უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ადამიანი არის შეურაცხადი და ავადმყოფი, მაგრამ ეს ასე არ არის. მას არ ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა. ის იყო ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. 20 დღე იწვა კლინიკაში, შემდეგ ერთი თვე სვამდა დანიშნულ მედიკამენტებს და მას შემდეგ არანაირი პრობლემა აღარ ჰქონია. ბოლო პერიოდში ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რადგან თხილის ბიზნესში, რომელშიც ის ჩართული იყო, აღარ მისდიოდა საქმე კარგად. ეს ადამიანი წამალდამოკიდებული იყო, თუმცა, მე ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ მინახავს“.
მოკლული ქალის დედა ამბობს, რომ მის შვილს არასდროს უთქვამს მშობლებისთვის, რომ ქმართან რაიმე პრობლემა ჰქონდა:
„არასდროს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია ჩემ შვილსა და მის ქმარს. ძვირს არავის ათქმევინებდა ჩემი შვილი ქმარზე. ამის საბაბი არც მოუცია როინს. მას ისედაც მძიმე ჯვარი არგუნა ბედმა სატარებლად, მე ცილს ვერ დავწამებ. რეალობა ის იყო, რომ ჩვენც, სოფოს მშობლებს, მის დას, ნათესავებს, ყველას სიყვარულით გვეპყრობოდა. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ოჯახს სჩვევია, რომ ქმარგაცილებულ შვილს პრობლემას უქმნიან და ამიტომ ქალები იძულებულები არიან, ისევ მოძალადე ქმრებთან დარჩნენ. სოფოს ერთხელ მაინც რომ ეხსენებინა მსგავსი რამ, არცერთი წამით არ გავაჩერებდით ქმართან. ნეტა, რაიმე საბაბი მქონოდა, რომ წამომეყვანა ჩემი შვილი, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. მე და ჩემი მეუღლე ყოველ თვე ჩამოვდიოდით თბილისში. მიხაროდა ხოლმე მათთან ჩამოსვლა. სულ სიცილი, ხალისი, თამაში“.
შვილის დასაფლავების შემდეგ შეიტყო ხათუნა ნაჭყებიამ, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, სოფო ქმარმა ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში, ტელეფონიდან წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღსადგენად მიიყვანა:
„ეს იყო მკვლელობამდე დაახლოებით 10 დღით ადრე. იქ რა მოხდა და როგორ, არ ვიცი. შესაძლოა იყო რაიმე მესიჯი, მაგრამ ეს რაიმეს ცვლის? თუნდაც მესიჯი ყოფილიყო, ვინ მისცა მას უფლება, რომ ჩემი შვილი მოეკლა?“
რას ამბობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კაცის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?
რიონ მებონიას ინტერესების დამცველი სულხან კომახიძე ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი შეურაცხადია, მკვლელობის მომენტშიც იყო შეურაცხადი, ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა და შესაბამისად, სასამართლომ ის არა საპატიმროში და არა უვადოდ, არამედ იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გაუშვას.
ადვოკატი არ ეთანხმება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დაწერილ დასკვნას, სადაც წერია, რომ კაცს შეზღუდული შერაცხადობა* ჰქონდა, ანუ ის არ იყო სრულად შეურაცხადი და შესაბამისად, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ როინ მებონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გადამოწმდეს:
„მას ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა, ექსპერტი ამბობს, რომ მას ჰქონდა მხოლოდ შეზღუდული შერაცხადობა, რაც მიგვაჩნია, რომ არ არის სწორი და დანიშნული გვაქვს ხელახალი, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომლის დაშვებაზეც პირველმა ინსტანციამ უარი თქვა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად იქნება ის დაშვებული. პროკურორი ითხოვს უვადო თავისუფლების აღკვეთას. მაგრამ იმ ექსპერტიზის დასკვნაშიც კი, სადაც წერია, რომ ამ ადამიანს შეზღუდული შერაცხადობა ჰქონდა, მითითებულია, რომ საპატიმროში მოთავსების შემდეგ იმდენად დაავადდა, რომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაშვება არ იქნება სწორი და ის უნდა გაიგზავნოს სამკურნალო დაწესებულებაში. ექსპერტის რეკომენდაციით, მას სჭირდება იძულებითი მკურნალობა. მოსამართლემ რა სასჯელიც არ უნდა მიუსაჯოს, უპირობოდ გაუშვებს მას სამკურნალო დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე“.
სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული შერაცხადობის დროს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, თუმცა, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს და ეს მდგომარეობა შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება.
სოფო კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ სასამართლომ მისი შვილის მკვლელს უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯოს, რათა ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებას დაანახოს, თუ რა სასჯელი ელით კაცებს, რომლებიც ცოლებსა და პარტნიორებს კლავენ:
„ყველანაირად ვენდობი პროკურორს და ვიცი, რომ ყველა სამართლებრივ ღონეს მიმართავს, რომ ჩემი შვილის მკვლელს უვადო პატიმრობა მიესაჯოს. ამით ჩემს სოფოს ვეღარაფერს ვუშველი, მაგრამ მინდა, რომ სხვისი შვილების სიცოცხლის სადარაჯოზე დავდგე. დასასჯელი რომ სათანადოდ დაისჯება, ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება. სოფოს მერე, საქართველოში კიდევ შვიდი ქალი მოკლეს. ეს უნდა შეწყდეს. ამიტომ მოვითხოვ მის უვადო პატიმრობას. ის გარეთ არ უნდა გამოვიდეს. ხალხმა უნდა ნახოს, რომ ცოლის მკვლელს ჩვენს ქვეყანაში უვადო პატიმრობას უსჯიან“.
როგორ აგრძელებენ ცხოვრებას სოფოს შვილები და მისი ოჯახი?
დედის მკვლელობიდან სამ თვეში, სოფოს უმცროს შვილს, 5 წლის ბიჭს, დიაბეტი დაუდგინდა. დიაბეტი აქვს მის უფროს ძმასაც. ძმები ინსულინდამოკიდებულები არიან და მუდმივად საჭიროებენ სამედიცინო მეთვალყურეობას.
სოფოს მკვლელობიდან მალევე, მის უფროს დას, 34 წლის სალომეს, რომელიც დის მკვლელობას შეესწრო, ექიმებმა ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს:
„დაახლოებით 10 დღეში ერთხელ, გამთენიისას ემართება ეპილეფსიური შეტევები. პირველადი დიაგნოზი ქუთაისში დაუსვეს. დაენიშნა მკურნალობა, თუმცა, მკურნალობის ფონზეც კი მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამიტომ ახლა დამატებითი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს თბილისში. ათ დღეში ერთხელ გვიწევს სასწრაფოს გამოძახება, რომ ეპილეფსიური შეტევები მოვიგერიოთ. სოფოს მკვლელობამდე ის სრულიად ჯანმრთელი იყო და მსგავსი პრობლემა არასდროს ჰქონია“, - გვეუბნება სოფოს და სალომეს დედა.
დღემდე დადიან ფსიქოლოგთან ხათუნა ნაჭყებიას შვილიშვილები, რომლებმაც დედის და დეიდის მკვლელობას საკუთარი თვალით უყურეს:
„ჯერჯერობით ფსიქოლოგი ვერ გვეუბნება, რომ ბავშვებმა პრობლემები დაძლიეს და რომ მათთან მუშაობა საკმარისია. განსაკუთრებით უჭირთ სალომეს უფროს ბავშვებს. 11 და 8 წლისები არიან. გამუდმებით ეჩვენებათ, რომ კარზე ვიღაც აკაკუნებს, რომ კართან ვიღაც დგას. ავტობუსში ასვლის ეშინიათ, არ ადიან. იმ დღეს მარტო სოფო არ მოკლა ჩემმა სიძემ. ყველას მოგვისპო სიცოცხლე. მე სოფო დაბლოკილი მყავს ჩემს გულში. სოფოზე ფიქრისთვის არ მცალია, რადგან მისი ორი შვილი მყავს მისახედი, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ბავშვებთან საერთოდ არ ვლაპარაკობ არც მამაზე, არც დედაზე. გლოვის და ტირილის უფლებას არ ვაძლევ თავს, რადგან ბავშვები თვალებში შემომყურებენ და მათ უფრო ვჭირდები ახლა, ვიდრე მიცვალებულს. მას ვეღარაფერს ვუშველი“.
2022 წელს, სოფო კვარაცხელიას გარდა, საქართველოში 20 ქალი მოკლეს. ფემიციდის ან ფემიციდის მცდელობის ყველაზე მეტი შემთხვევა ქმრებმა ჩაიდინეს. 2022 წელს ფემიციდის შედეგად დაობლდა 21 ბავშვი. მათ შორის ყველაზე პატარა - ერთი წლის.
* შეზღუდული შერაცხადობა - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფება შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ე.ი. ფსიქიკური დაავადების გამო არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა (სისხლის სამართლის კოდექსი).
ასევე ნახეთ ახალი წელი ქალების გარეშე - ფემიციდი 2022 წელს