ვიცით, რომ ზებრა ჰყავს, პინგვინიც ჰყავს... ნეტა, დათვები თუ ჰყავს?
დათვის ტყავის გაყოფის ამბავი, ალბათ, ყველას გვსმენია. აი, იმ დათვისა, ჯერ რომ ცოცხალია და ტყეში რომ გეახლებათ წაბლსა. კამათი იმაზე, რა ბედსა ვწიოთ ბიძინა ივანიშვილი 2020-ის არჩევნების შემდეგ, ძალიან ჰგავს ტყეში მობაჯბაჯე დათვის ტყავის გაყოფას. სხვათა შორის, ამ დათვს ჯერაც ბევრი ეძახის ბაბაიას - ზოგი იმიტომ, რომ მოერია, ზოგს ასე აწყობს, ზოგი კი მართლა გაწვრთნილი, პარტიული დათვის ბელია.
წესით, ოპოზიციური პარტიები დროს, ენერგიას და ამომრჩეველს არ უნდა ჰკარგავდნენ ჰიპოთეზური გამარჯვების შემდგომ გეგმებზე; წესით, ჯერ გამარჯვებისთვის საჭირო გზებს უნდა სახავდნენ: როგორ წაართვან ამომრჩეველი მმართველ პარტიას და არა - ერთმანეთს. საღი, რაციონალური აზრი აქეთკენ უნდა უბიძგებდეთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიები ნებისმიერ საბაბს იყენებენ ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის. ბიძინა ივანიშვილის ბედზე ჩხუბი, ამის ერთ-ერთი მაგალითია.
რა ესმის ამომრჩეველს ამ დაპირისპირებიდან?
მიშა პოლიტიკურ ჯოჯოხეთს უმზადებს ბიძინას, ბოკერია - განსაწმენდელს!
არადა, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია იმყოფება სამოთხის ქართულ ფილიალში და არ აპირებს მისამართის შეცვლას (მოგეხსენებათ, არ უყვარს მოგზაურობა), რაზეც არჩევნებისთვის მისი სამზადისიც მეტყველებს: რეგულარულად ხვდება პარტიულ აქტივისტებს რეგიონებში და სავარაუდოდ, აცნობს საარჩევნო ფორმულას, რომელმაც გარანტირებულად უნდა მოუტანოს გამარჯვება. ეჭვი მაქვს, ეს ფორმულა ხელფასიანი კოორდინატორების ერთი-ორად გაზრდას და ელექტორატის კრიტიკულად საჭირო რაოდენობის „ამომრჩევლის შტატში“ მიღებას ითვალისწინებს. ამ ფორმულით, თუნდაც ქვეყანა იქცეოდეს, x მილიონ y ათასმა ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა ბატონ ბიძინას და მის პარტიას.
აი, ამ ფონზე ორი ყველაზე რეიტინგული პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ივანიშვილის ორი ყველაზე თანმიმდევრული ოპონენტი - იძულებულია ძალისხმევის დიდი ნაწილი მიმართოს არა მმართველი პარტიისკენ, არამედ ერთმანეთისკენ. საარჩევნო სისტემის შეცვლისას „ქართულმა ოცნებამაც“ ეფექტიანად დაიცვა თავისი ინტერესები, როცა პარტიებს საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება აუკრძალა და ამით ოპონენტები „ბუნებრივი გადარჩევის“ სასტიკ ბრძოლაში ჩართო. ბუნებრივი გადარჩევა კი, მოგეხსენებათ, პოპულაციის შიგნით მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ, ბოკერია-სააკაშვილიც ერთ პოლიტიკურ სხეულს აღნიშნავდა. ახლა კი, რომ გადარჩნენ, მაქსიმალურად უნდა გაიმიჯნონ, რათა ხელიდან გამოგლიჯონ ერთმანეთს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები. ცხადია, არსებითი უთანხმოება რომ არ ჰქონოდათ, არც გაიხლიჩებოდნენ, მაგრამ ახლანდელი დაპირისპირება მაინც თვისებრივად სხვა მასშტაბისაა. დავაში შემოტანილია რელიგიური კომპონენტი და ჰიპოთეზური გილიოტინა დღევანდელი ფაქტობრივი მმართველისათვის.
2012 წელსაც მსგავსი ვითარება იყო: ოპოზიციას უნდა დაესაჯა და შეეცვალა დამნაშავე ხელისუფლება, რომელიც „ეკლესიას ებრძოდა.“
2019 წელსაც ასეა, თუმცა მიხეილ სააკაშვილს შედარებით რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი, რადგან ერთის ნაცვლად, ორ ოპონენტს უნდა გაუმკლავდეს. პირველს, ოპოზიციის ფლანგზე, როგორც თვითონ ამბობს, „ეკლესიისა და ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლის“ გამო ერკინება, მეორეს კი - ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას - ჩადენილი დანაშაულის გამო უპირებს პასუხისგებაში მიცემას!
ლოზუნგს „ივანიშვილი ციხეში“, შესაძლოა, ოპოზიციური ელექტორატის დიდი ნაწილი უჭერდეს მხარს ისევე, როგორც უჭერდა მხარს 2012 წელს სააკაშვილის ციხეში გაშვებას.
ალბათ, გახსოვთ, მაშინ არჩევნებში დამარცხებული სააკაშვილი მართლაც გაასამართლეს, თუმცა სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულების მსხვერპლია. თუ არჩევნებში დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი და მასაც გაასამართლებენ, ცხადია, ისიც იტყვის, რომ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულების მსხვერპლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისტორია განმეორდება და ჩვენც მოგვეცემა შანსი მარქსივით მოვიტანოთ ციტატა: „ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად, როგორც ტრაგედია და მეორედ, როგორც ფარსი“, თუმცა შეიძლება ასეთი შანსი არც მოგვეცეს, რადგან, თუ ტყეში მონავარდე დათვის ტყავის გაყოფაზე ოცნებას არ შეწყვეტენ, დიდი ალბათობით ცუდად დაამთავრებენ. ერთი ძალიან ცნობილი ფილმის პერსონაჟისა არ იყოს, უნდა ვიცოდეთ, ხან კაცი ჭამს დათვს ხანაც პირიქით, დათვი - კაცს.
ისე, მართლა თუ ჰყავს იმ კაცს დათვები?
როგორც უნდა იყოს, მოვერიდოთ დათვებს წვიმიან ამინდში.