2018 წლის 13 ოქტომბერს საწყლოსნო საცურაო კომპლექსს 40 წელი უსრულდება. ხუთი წელია კომპლექსი აღარ ფუნქციონირებს და აუზებში წყლის ნაცვლად ბალახი ბიბინებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლაგუნა ვერე“ ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა. თუმცა, „ლაგუნა ვერეზე“ ფონდ „ქართუში“ არ ლაპარაკობენ. ფონდში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ფონდმა მედიასთან ურთიერთობის სამსახური გააუქმა და ინფორმაციას ვერ გასცემენ. საცურაო კომპლექსის ბაზაზე, 35 წლის განმავლობაში, ასობით ათასი მოცურავე, მათ შორის წარმატებული სპორტსმენები აღიზარდნენ. საცურაო კომპლექსში 3 აუზია: დიდი საცურაო აუზი, აუზი წყალში მხტომელთათვის და სასწავლო საცურაო აუზი. 1978 წელს აშენებულ საწყლოსნო კომპლექსს საბჭოთა კავშირში ანალოგი არ მოეძებნებოდა. მისი არქიტექტორები იყვნენ შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე და გურამ აბულაძე. იქ იმართებოდა საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები. კომპლექსის ტერიტორიაზე ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. 2013 წლის დეკემბრის მიწურულს საცურაო კომპლექსმა ფუნქციონირება ოფიციალურად შეწყვიტა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას, კომპლექსი დაიტბორა. იმავე წელს „ლაგუნა ვერესთვის“ ძეგლის სტატუსის მინიჭება მოითხოვნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში წერილი შევიდა, თუმცა, ამ მოთხოვნაზე წერილობითი პასუხი დღემდე არ არსებობს. უდაბური საწყლოსნო კომპლექსის ბედი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპლექსი კერძო საკუთრებაა და მისი კარი დაკეტილია.