მკვლელობა წერეთლის გამზირზე: „საფარი“ პოლიციელებს ადანაშაულებს

საპატრულო პოლიციას კანონიერად რომ ემოქმედა, თავიდან იქნებოდა აცილებული წერეთლის გამზირზე ერთი კვირის წინ მომხდარი დანაშაული, როდესაც მოქმედმა პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა დაჭრა თავისი ყოფილი პარტნიორი, ელენე ბლაგოდარნაია, და მოკლა მისი ყოფილი ქმარი, მამუკა გაგნიძე - ასეთია კავშირ „საფარის“ შეფასება. 31 მაისს დანაშაული საპატრულო ეკიპაჟის თვალწინ მოხდა. გარდა ამისა, ელენე ბლაგოდარნაიამ, შეტყობინების მიუხედავად, სათანადო დაცვა ვერც მანამდე მიიღო სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან, როდესაც მოქმედი პოლიციელი მასზე სხვადასხვა სახით ძალადობდა.

ბინაში, სადაც დანაშაული მოხდა, დაკავებულმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა მას შემდეგ შეაღწია, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა და ელენე ბლაგოდარნაიამაც კარი სწორედ სამართალდამცველთა იმედად გააღო. მანამდე მოძალადე სახლში შეშვებას უშედეგოდ მოითხოვდა და გარედან ემუქრებოდა მსხვერპლს. მოგვიანებით წერეთლის გამზირის 110 ნომერში მდებარე ბინაში მივიდა ბლაგოდარნაიას ყოფილი მეუღლე, მამუკა გაგნიძეც. ის იქ შვილის სანახავად და სამგზავრო ჩანთის ასაღებად მივიდა, რადგან რამდენიმე საათში მიფრინავდა საზღვარგარეთ, სადაც ის მუშაობდა.

სამართალდამცველთა იქ ყოფნის მიუხედავად, აგრესიულად განწყობილმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით საძინებელში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ყოფილ პარტნიორს, ელენე ბლაგოდარნაიას, ხოლო შემდეგ სამზარეულოში მოკლა მისი ყოფილი ქმარი, მამუკა გაგნიძე. ჯინჭველაშვილი იმ დროს პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მეორე სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა.

Your browser doesn’t support HTML5

ბაია პატარაია წერეთლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

კავშირი „საფარი“ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს და მოითხოვს გამოძიების დაწყებას ამ მიმართულებით. „პოლიციელს ჰქონდა 20 წუთი, რომ განერიდებინა მოძალადე იმ ადგილიდან, თავიდან აეშორებინა დანაშაული და ამით გადაერჩინა მამუკა გაგნიძის სიცოცხლე“, - ამბობს კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია, საქმის მასალებზე დაყრდნობით.

„პატრულს არ გაუტარებია არანაირი ღონისძიება, რომელიც გადაარჩენდა ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატრულის უმოქმედობა პირდაპირ კავშირშია დამდგარ ფატალურ შედეგთან. ასეთი ლმობიერი დამოკიდებულება ალექსანდრე ჯინჭველიშვილის მიმართ გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ის თავად იყო შს სამინისტროს თანამშრომელი“.

კავშირი „საფარი“ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ალექსანდრე ჯინჭველაშვილი ადრეც ძალადობდა ელენე ბლაგოდარნაიას მისამართით. თუმცა, ადვოკატ ელისო რუხაძის თქმით, 34 წლის ქალს სამართალდამცველმა სტრუქტურებმა სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს და პროცესი მხოლოდ ერთთვიანი შემაკავებელი ორდერის გამოწერით დასრულდა. ამან კი მოძალადე ვერ შეაჩერა და ამავე დროს ის განაგრძობდა მუშაობას სამართალდამცველ სტრუქტურაში.

Your browser doesn’t support HTML5

ელისო რუხაძე წერეთლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

კავშირმა „საფარმა“ 7 ივნისს მიმართა შს სამინისტროს გენინსპექციას. ორგანიზაცია აპირებს მიმართოს სასამართლოსაც.