მკვლელი სისტემა, რომელიც მკვლელს ასამართლებს

“მოსამართლე და მკვლელი” (1975, “Le juge et l’assassin”, რეჟისორი ბერტრან ტავერნიე, საფრანგეთი)

გასულ კვირაში კინემატოგრაფიულ სამყაროს დიდი კაცი გამოაკლდა - 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერტრან ტავერნიე, კინორეჟისორი, რომლის სახელს ფრანგული კინოს არაერთი გამარჯვება უკავშირდება. ტავერნიეს შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია, მას განსხვავებულ ჟანრებში მოუხდა მუშაობა, იყო ჟან-პიერ მელვილის ასისტენტი და სწორედ მელვილთან დაეუფლა “სუფთა ჟანრის” ხელოვნებას. კი, ტავერნიე იღებდა განსხვავებული სიძლიერის ფილმებს, მაგრამ ყველა მის სურათს ერთი რამ აერთიანებს - თავად კინოხელოვნების სიყვარული. არ არის, ალბათ, შემთხვევითი, რომ ტავერნიეს ფილმოგრაფია სრულდება ფილმით ფრანგული კინოს ისტორიაზე... აი, რა იცოდა მან მართლა არაჩვეულებრივად - კინოს ისტორია. ბუნებრივიცაა. მას შემდეგ, რაც თავისი პროფესია მიატოვა (იურისპრუდენცია), ტავერნიე კინოში მოვიდა, როგორც ძალიან მაგარი კრიტიკოსი. კინოს ისტორიას მთელი ცხოვრება სწავლობდა, თუმცა არც თავისი პირველი პროფესია დავიწყებია - არაერთი კარგი ფილმი გადაიღო კრიმინალურ თემაზე, მათ შორის სრულიად არაჩვეულებრივი “სატყუარა” - სურათი, რომელმაც 1995 წლის ბერლინის ფესტივალზე “ოქროს დათვი” მთლად პოლ ოსტერისა და ვეინ ვანგის შედევრს, “ბოლს”, მოუგო. სხვა საინტერესო ფილმებიც აქვს, რომელთა ნახვას დღეს შემოგთავაზებდით, მაგრამ მაინც ავირჩიე ერთი, ტავერნიეს გახმაურებული სურათი “მოსამართლე და მკვლელი”. ავირჩიე, რადგანაც ფეისბუკზე სწორედ ახლახან ვიკამათე თემაზე, რომელსაც ბერტრან ტავერნიე იკვლევს ამ ფილმში - ფეისბუკელი მეგობრები გიორგი რურუას “მხედრიონულ” წარსულს იხსენებდნენ და ცდილობდნენ ამით გაემართლებინათ მისი დაპატიმრება... და ვინაიდან “საქმე დაძველდა”, გამოინახა ოპოზიციური ტელევიზიის დამფუძნებლის დაკავების სხვა გზა - იარაღის უკანონო შენახვა. ეს ფეისბუკელი მეგობრები, ფაქტობრივად, აღიარებდნენ, რომ რურუა არ ზის ციხეში იმ დანაშაულის გამო, რომლისთვისაც დააპატიმრეს. ამასთან ერთად, ამტკიცებდნენ, რომ რურუას, როგორც “ყოფილი მხედრიონელის” დაპატიმრება, “ხალხის მოთხოვნა” იყო.

საზოგადოებრივი მორალი და მორალური უტილიტარიზმი ის პრობლემაა, რომელიც ტავერნიეს პირველივე სრულმეტრაჟიან ფილმში “სენ-პოლელ მესაათეში” წამოიჭრება. მაგრამ აქ, “მოსამართლე და მკვლელში”, რეჟისორის პოზიცია უკვე ღია და საკმაოდ რადიკალურია - ყოფილი იურისტი ასამართლებს თავად სამართალს, წარმოგვიდგენს მას გადაჯაჭვულად პოლიტიკურ კონიუქტურასთან და ამხელს სუბიექტივიზმში. არ ავიწყდება რა ყველაზე მნიშვნელოვანი - ისტორიული ფონი, მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთი, როცა ქვეყანამ გერმანიასთან ომი წააგო, დაკარგა ტერიტორიები, მისმა ხელისუფლებამ კი ომის წაგება დააბრალა არა საკუთარ თავს, არამედ ეთნიკურად არაფრანგებს, ებრაელებს (“დრეიფუსის საქმე”), და ყველას, ვინც ამოვარდნილი იყო სახელისუფლო სისტემიდან, მათ შორის დანაშაულის ჩამდენებს.

“მოსამართლე და მკვლელს” ორი მთავარი გმირი ჰყავს - მოსამართლე რუსო, რომლის როლს ბრწყინვალედ ასრულებს ფილიპ ნუარე (ეს, ალბათ, დიდი მსახიობის ყველაზე მნიშვნელოვანი როლია) და მკვლელი ჟოზეფ ბოვე (მიშელ გალაბუ), ყოფილი პოლიციის სერჟანტი, რომელიც სულით ავადმყოფია. მას შემდეგ, რაც იძალადა ქალზე, რომელმაც მის სიყვარულს არ უპასუხა, ბოვემ თვითმკვლელობა სცადა. ფსიქიატრიულში ვერ უმკურნალეს, გარეთ გამოუშვეს და, ფაქტობრივად, დაეხმარნენ გამხდარიყო სერიული მკვლელი. სწორედ ამ დროს გამოჩნდება მის ცხოვრებაში მოსამართლე რუსო, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუკი საქმეს ხელს მოკიდებს და აიძულებს ბოვეს აღიაროს თავისი დანაშაულები, მის კარიერულ წინსვლას აღარაფერი დაემუქრება.

აქ დაიწყება ყველაზე მთავარი, ყოველ შემთხვევაში, ის, რაც ძალიან მიყვარს ტავერნიეს ფილმებში: მაყურებლის დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ შეიცვლება, მაყურებელი დაინახავს, რომ რუსო ახერხებს ბოვეს მანიპულირებას, ატყუებს მას და ათასნაირი ხრიკებით ცდილობს გამოსტყუოს აღსარება. მოსამართლე, რომელიც ამავე დროს ადვოკატის როლს ასრულებს (ბოვეს არ ჰყავს თავისი ადვოკატი), ფაქტობრივად, გვევლინება ცინიკურ ჯალათად, რომელიც ამართლებს თავისი დაკითხვის “ტექნიკას” იმით, რომ ხალხის საკეთილდღეოდ მოქმედებს.

- „უნდა გაწუხებდეს, ასე რომ ატყუებ, - ეუბნება მოსამართლეს დედა.

- რატომ უნდა მაწუხებდეს? ეს ჩემი სამუშაოა”.

მართლმსაჯულება, ანუ “სამუშაო”, რომელსაც მოსამართლე ასრულებს, წარმოდგენილია როგორც ტყუილი, რომელიც “სჭირდება ხალხს”. ტავერნიე იყო საფრანგეთის სოციალისტური პარტიის აქტიური წევრი, მემარცხენე, თუმცა თანაპარტიელები არაერთხელ დაუდანაშაულებია პოპულიზმსა და ადამიანების მანიპულაციაში. საინტერესოა, რომ წერილში, რომელიც 2017 წელს გაუგზავნა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის, განთავისუფლების მოთხოვნით, ტავერნიე სწორედ პოპულიზმზე მიუთითებდა, იმაზე, თუ როგორ სჭირდებოდა იმხანად რუსეთის ხელისუფლებას მორიგი მსხვერპლი (უკრაინელი) მასების გულის მოსაგებად.

მაგრამ ერთია ხელისუფლებისა და მისი მორჩილი სასამართლოს, ექსპერტების, ექიმების არაადამიანური ქმედება უმრავლესობის ყველაზე მდაბალი ვნებების გასაღვიძებლად და მეორეა უბრალო ხალხი, რომელიც - ეს ხომ უკვე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოა - ხედავს, როგორ გაემიჯნა მათ სამართალი. მაყურებელიც ხედავს, ცხადია, როგორ მოიშორა სულით ავადმყოფი სამედიცინო სისტემამ, რადგან მას მკურნალობის თანხა არ ჰქონდა, როგორ გადაუსროლა კაცი, სერიოზული ფსიქიკური აშლილობით, ჯალათებს, რომლებიც, თავის მხრივ, სიამოვნებასაც კი განიცდიან ადამიანების დასჯისგან.

ესაა უსამართლო სისტემა, რომელშიც ცხოვრობდა და ცხოვრობს კაცობრიობა - თავისივე შექმნილი მართლმსაჯულებით. მით უფრო ზუსტად გამოხატავს ბერტრან ტავერნიეს პოზიციას ფილმის ფინალური ტიტრი: “1893-1898 წლებში ჟოზეფ ბოვემ 12 ბავშვი მოკლა. ამავე პერიოდში 2 500 ბავშვზე მეტი დაიღუპა მაღაროებსა და ქარხნებში”.

ბოვიე გაწირეს სტაბილური გარემოს და კრიმინალების დამარცხების ილუზიის შესაქმნელად.ასეთი მსხვერპლები ყოველთვის ჭირდებოდა არაადამიანურ სისტემას.

მაგრამ საფრანგეთი და მეცხრამეტე საუკუნე იქით იყოს. განა ასე არ ვცხოვრობთ დღეს ჩვენ?