„მკვლელი“ გამათბობლები - რა უნდა ვიცოდეთ, ჩვენც რომ გადავრჩეთ და მეზობლებიც?

აცივებასთან ერთად გაზის გამათბობლების ჩართვის სეზონი დაიწყო. გაზის გაჟონვის ან აფეთქების გამო საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე უბედური შემთხვევა ხდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისში CO-თი მოწამვლით 8 ადამიანი გარდაიცვალა. და ეს ვითარების გაუმჯობესებად ითვლება.

„წინა წლებთან შედარებით, ბოლო 2-3 წელია, მშვიდი ზამთარი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ინციდენტები იყო და ნამდვილად ვერ დავმშვიდდებით, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ საშიში მდგომარეობა, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს, - ამბობს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, - „განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა დედაქალაქში იყო, კომპანიამ, რასაც ჰქვია, მუხლჩაუხრელად იმუშავა იმისთვის, რომ „მკვლელი დანადგარები“, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა, ფაქტობრივად, 95 %-ით მაინც ამოეღო... უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც დანადგარი სახლიდან გავიტანეთ, დაუშვებელია, ის საკუთარი ნებით უკან დავაბრუნოთ“.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, წელს გაზის 250 000-ზე მეტი მომხმარებელი გადაამოწმეს, დარღვევები აღმოაჩინეს 5 პროცენტის შემთხვევაში.

რადიო თავისუფლებამ უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციით თავი მოუყარა ყველა იმ რჩევას, რომელთა დაცვაც უბედური შემთხვევებს აგაცილებთ თავიდან.

მაშ ასე,

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გაზით გამათბობელს იყენებთ?

  • პირველი და მთავარი, არ დააყენოთ ბინაში კუსტარული გამათბობელი აპარატები.
  • უარი თქვით ღიაკამერიან გამათბობლებზე, მათი მეშვეობით CO ოთახში გროვდება და იწამლებით.
  • გაზის გამათბობელი, თუნდაც ქარხნული და ხარისხიანი, თქვენს საცხოვრებელ ფართს უნდა მოერგოს. ყველანაირი აპარატი არ გამოგადგებათ.
  • დააყენებინეთ გამათბობელი სპეციალისტს.
  • დააყენეთ სახლში დეტექტორიც, რომელიც გაზის გაჟონვას შეგატყობინებთ. ისიც სპეციალისტმა, კომპანიამ უნდა დააყენოს.
  • თუ გაზის ქსელი გათიშულია, თვითნებურად ნუ ჩართავთ.
  • არ შეიძლება გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების დამონტაჟება სარდაფებში ან სხვა ისეთ სივრცეში, რომელიც არ ნიავდება.
  • გაანიავეთ ოთახები დღეში რამდენჯერმე.
  • ეცადეთ ფანჯარა ოდნავ მაინც ყოველთვის გამოღებული გქონდეთ, ეს მოწამვლისგანაც გიხსნით და აფეთქებისგანაც.
  • არ დააერთოთ გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის გამწოვი მილი კორპუსის სავენტილაციო არხზე, ამით მეზობლებს შეუქმნით საფრთხეს.
  • თავზე დაადექით ყავას... და სხვა ყველაფერსაც, რასაც გაზზე ამზადებთ. ყავა შეიძლება გადმოვიდეს და ცეცხლი ჩააქროს, ამის შემდეგ ბუნებრივი აირი ოთახში დაგროვდება.
  • თუ სახლიდან გადიხართ, გადაკეტეთ გაზის ონკანები. „თბილისი ენერჯი“ ირწმუნება, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ბინაში გაჟონილი გაზი კორპუსს საფრთხეს უქმნის, ამ დროს კი ბინის მეპატრონე რამდენიმე დღით არის ქალაქიდან გასული.
  • თუ დიდი ხნით გადიხართ სახლიდან, შეგიძლიათ გაზის კომპანიას დაურეკოთ და მოითხოვოთ, გაზის მიწოდება დროებით შეგიწყვიტონ.
  • სანამ ზამთარში გამათბობელს ჩართავთ, გაზგაყვანილობა შეამოწმებინეთ. ეს მომსახურება „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის უფასოა. დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 40 40 04
  • შეამოწმებინეთ გაზის ქსელი მაშინაც, როდესაც სახლს ან ოფისს ქირაობთ. „თბილისი ენერჯის“ მონაცემებით, CO-თი მოწამვლისა თუ სიკვდილის 70% დაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან მეპატრონეები გასაქირავებელ ბინებზე ფულს ზოგავენ და იქ იაფფასიან გაზის დანადგარებს ამონტაჟებენ.
  • რემონტის დროს, ყურადღება მიაქციეთ ხელოსნებს. ისინი ხშირად აზიანებენ გაზის შიდა ქსელს.
  • თუ გრძნობთ გაზის სუნს: არ აანთოთ გაზი, არც ნათურა, გამოაღეთ ფანჯარა, გადაკეტეთ გაზი, დატოვეთ შენობა და დარეკეთ - თუ „თბილისი ენერჯის“ მომხმარებელი ხართ 114-ში, თუ „სოკარ ჯორჯიის“- 16 114 ან, ზოგადად 112-ზე და შეატყობინეთ გაზის გაჟონვის შესახებ.