მკვდარი იმპერიების გამცოცხლებელი

ვლადიმირ პუტინმა, ვიდრე ხელს მოაწერდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებებს, ძალიან დიდხანს ილაპარაკა ისტორიაზე, უფრო ზუსტად, ილაპარაკა ისტორიაში რუსეთის იმპერიის როლზე, მისი სამართლიანობის, სამშვიდობო მისიისა და მიზიდულობის კეთილისმყოფელი ძალის შესახებ, ხოლო უკრაინა წარმოაჩინა როგორც ისტორიულად არარსებული, ბოლშევიკების და ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო წარმონაქმნი;

ილაპარაკა საბჭოთა კავშირის შექმნისას დაშვებულ ხარვეზებზე, სტალინის სიქველესა და უკრანისთვის დაუმსახურებლად ნაჩუქარ მიწებზე.

ბევრი ილაპარაკა და ბევრისთვის მოულოდნელად, ნეგატიურ კონტექსტში ახსენა დღემდე წითელ მოედანზე, მავზოლეუმში დასვენებეული ვლადიმირ ლენინი, რომელმაც, მისი თქმით, 1922 წელს, როცა საბჭოთა კავშირი იქმნებოდა, არ დაუჯერა სტალინს და, ატონომიზაციის პრინციპის ნაცვლად, მხარი დაუჭირა ერთა თვითგამორკვევისა და საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებას, რამაც, საბოლოო ჯამში, დაშალა საბჭოთა კავშირი და რუსეთმა თავისი ხალხის სისხლით შემოკრებილი მიწები დაკარგა.

კიდევ რა ისტორია მოუყვა პუტინმა მსოფლიოს:

  • თანამედროვე უკრაინა მთლიანად რუსეთმა შექმნა
  • უკრაინა ლენინის პირმშოა
  • სტალინი ლენინზე უკეთესია
  • უკრაინას აჩუქეს ყირიმი და სხვა მიწები
  • „დეკომუნიზაცია და დეკოლონიზაცია" რუსულად

ვლადიმირ პუტინის ისტორიული წიაღსვლები მოულოდნელი არ ყოფილა რუსეთის თანამედროვე ისტორიით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო წლების საჯარო გამოსვლები, როგორც წესი, გაჯერებულია ისტორიულ მოვლენებსა და ისტორიულ პერსონაჟებზე მისი სუბიექტური და, რბილად რომ ვთქვათ, ფსევდომეცნიერული მსჯელობებით.

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის კვლევის ცენტრის დამფუძნებლის, დავით დარჩიაშვილის თქმით, ვლადიმირ პუტინი ენერგიულად ცდილობს რეალობის წარსულის პრიზმაში მოქცევას, საკუთარი დისკურსის ფორმირებასა და ტირაჟირებას.

„21 თებერვლის გამოსვლაში 1,5 წლის წინ უკრაინაზე დაწერილი წერილის ძირითადი თეზისები გაიმეორა. ეს არის სპეციფიკური ისტორიულ-ფილოსოფიური ხედვა, რომელშიც ყველაფერი შავ-თეთრად არის წარმოდგენილი და, რომელშიც რუსეთი, რა თქმა უნდა, „თეთრი“ და მართალია, უკრაინა კი „შავი“ და ხელოვნურია. აქვს თავისი წარმოდგენები რუსეთის ცარისტულ იმპერიაზე, ბოლშევიკურ რევოლუციასა და სამომავლო გეგმებზე. არსებითად უნდა, რომ გააგრძელოს ეს იმპერიული ხაზი“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი, რომელიც პუტინის „ისტორიით გატაცებაზე“ საუბრისას მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ წყაროების ცოდნასაც, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ეყრდნობა. როგორც რუსმა პოლიტოლოგმა გლებ პავლოვსკიმ შენიშნა, „პუტინი გატაცებულია რუსეთის ისტორიით, ოღონდ ეტყობა, უცნაურ წიგნებს, რაღაც პოპულარულ ლიტერატურას ირჩევს“.

ისტორიკოს ზურაბ ბატიაშვილის თქმით, ვლადიმირ პუტინის 21 თებერვლის „ისტორიის გაკვეთილი“ სხვა არაფერია, თუ არა დეზინფორმაცია, ე.წ. ფეიკ-ისტორია, რომლითაც ცდილობს გაამართლოს ე.წ. მიწების შემოკრების პოლიტიკა.

ვლადიმირ პუტინი: „თანამედროვე უკრაინა მთლიანად რუსეთმა შექმნა, უფრო სწორად, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა. ეს პროცესი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და ეს გააკეთეს ლენინმა და მისმა თანამოაზრეებმა რუსეთის მიმართ ძალიან უხეში გზით - მისთვის ისტორიული ტერიტორიების ნაწილის ჩამორთმევით“.

ისტორიკოს მიხეილ ბახტაძის თქმით, ვლადიმირ პუტინის გამოსვლაში არ ყოფილა არანაირი ისტორიული წიაღსვლა.

მიხეილ ბახტაძე, ისტორიკოსი

„ეს იყო ისტორიიდან გამიზნულად ამოჭრილი ის ფრაგმენტები, რომლებიც მას აწყობს და, რომლებზეც აპელირებითაც თავისი ქმედებების გამართლებას ცდილობს სქემით: რაც ოდესღაც ჩვენი იყო, ისევ ჩვენი უნდა გახდეს. ეს არის იმპერიული კომპლექსი, რომელიც, საწუხაროდ, რუსეთმა ვერ დაძლია და, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა მისი მეზობლებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა თვითონ რუსეთისთვის, რომელიც უბრალოდ ვეღარ ვითარდება ამ კომპლექსის გამო“, - ამბობს მიხეილ ბახტაძე, რომელიც გაოცებას ვერ მალავს პუტინის მიერ უკრაინის ისტორიის ამგვარი უხეში დამახინჯების გამო.

დავით დარჩიაშვილის თქმითაც, ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე საუბრისას ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ რა პროცესები ვითარდებოდა უკრანაში XVII-XVIII საუკუნეებში:

„ეს არ აინტერესებს, ამას ტოვებს. არ აინტერესებს არც პოლონური და არც ადგილობრივი წყაროები. მას თავის ხედვა აქვს, იმპერიული, სხვა ყველაფერი ისტორიიდან ამოსაღები და გადასაგდებია. არ აქცევს ყურადღებას უკრაინელი ერის თანდათანობით გენეზისს. ყოველივე ამას კი მიიჩნევს ლენინის ხელოვნურ პროდუქტად, ხოლო ის, რომ ამის უკან სერიოზული სოციალურ-კულტურული პროცესი იყო და, რომ უკრაინელი ერი ხალხად ყალიბდებოდა, არ აინტერესებს“.

დავით დარჩიაშვილი ვრცელი წერილითაც გამოეხმურა 2021 წლის 12 ივლისს გამოქვეყნებულ ვლადიმირ პუტინის სტატიას „რუსების და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუს-უკრაინელ-ბელორუსებად დაყოფა კათოლიციზმის დანაშაულია.

„პუტინი იმეორებს მემატიანეთა მანტრას, რომ კიევი მე-9 საუკუნის ნახევრად ლეგენდარული პერსონაჟის, ოლეგის მიერ გამოცხადდა რუსული ქალაქების დედად. აქედან იგი ასკვნის, რომ რუსები, უკრაინელები და ბელორუსები ძველი Русь-ის მემკვიდრეები არიან. ამასთან, არაფერია ნათქვამი ე.წ. ნორმანისტულ თეორიაზე, რომლის შესახებ მას უნდა სმენოდა და რომელიც იმდროინდელი აღმოსავლეთსლავური ქალაქების სკანდინავიურ ელიტებზე აქცენტირებს. პუტინი არც იმაზე დარდობს, რომ ამგვარი ლოგიკით, ანუ ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე პოლიტიკის სამსახურში ჩაყენებით, ფრანგი და გერმანელიც ერთია და ჩეხი და პოლონელიც: ამ უკანასკნელების პირველი სახელმწიფო ე.წ. დიდი მორავია იყო...“

დავით დარჩიაშვილი, ისტორიკოსი

დავით დარჩიაშვილის თქმით, პუტინი შეგნებულად უვლის გვერდს იმ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც მის დისკურსს ეწინააღმდეგება, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ გარკვეულ სასაზღვრო მიწებს „ოკრაინა“-ს კიევის რუსეთში კი ეძახდნენ (მაგალითად, ფსკოვს და რიაზანს), მაგრამ დღევანდელ უკრაინას ეს სახელი პოლონური სახელმწიფოს ფარგლებში დაერქვა:

„რუსეთის იმპერიის შექმნის შემდგომ მასში მოქცეულ უკრაინულ მიწებზე მცხოვრებ 1,5 მილიონ უნიატს (ბერძნულ-კათოლიკური რწმენის მიმდევარს) რუსულ მართლმადიდებლობაში გადასვლა უბრძანეს; უკრაინული ენა გავს რუსულს და ამაზე საუბრობდა პუტინის მიერ ციტირებული კიევის უნიატი მიტროპოლიტი იოსებ რუტსკი, მაგრამ ეს ენა ასევეა ახლოს პოლონურთან, სერბო-ხორვატულთან, სლოვაკურთან. იგი მე-13 საუკუნიდან დასცილდა აღმოსავლურ „რუსულს“ და მე-16 საუკუნეში ე.წ. რუსინულ/რუთეანული, ძველი საეკლესიო სლავური და პოლონური ენების ნაზავზე განვითარდა. გამოდის, თუ პუტინის ლოგიკას ბოლომდე გავყვებით, პოლონელები და სერბებიც ერთი ხალხია. ჩნდება მხოლოდ კითხვა, რატომ არ ითხოვს რუსეთის პრეზიდენტი მათ აღქმას დიდი რუსი ხალხის ნაწილად“.

ვლადიმირ პუტინი: უკრაინას საფუძვლიანად შეიძლება ეწოდოს „ვლადიმირ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა“. ლენინია მისი ავტორი და არქიტექტორი. ამას სრულად ადასტურებს საარქივო დოკუმენტები, მათ შორის, ლენინის მკაცრი დირექტივები დონბასზე, რომელიც ფაქტობრივად უკრაინაში ძალით შეტენეს“.

ისტორიკოს ზურაბ ბატიაშვილის თქმით, პუტინის ნათქვამი: „უკრაიანა არ არსებობდა, ის შექმნა ლენინმა“ - ისეთივე „ფეიკია“, როგორიც რუსეთმა მსოფლიოს შესთავაზა 2008 წელს, ოღონდ საქართველოს შესახებ, რომ თითქოს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი არასოდეს შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში.

ზურაბ ბატიაშვილი

„დაახლოებით ასეთი ისტორია მოვისმინეთ რუსეთის პრეზიდენტისგან. არადა, როდესაც კიევის რუსეთი არსებობდა, მოსკოვი მაშინ საერთოდ არ იყო. საპატრიარქოც კი კიევიდან წაიღეს. ყველაფერი პირიქით არის, მოსკოველებმა მოპარეს ისტორია უკრაიანას და ახლა იქით ედავებიან, ისტორია არ გაქვთო“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

„რას ნიშნავს „ლენინის შექმნილია?“ - კითხულობს ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე, რომელიც ისხენებს ისტორიის იმ პერიოდს, რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა კავშირში უკრაიანის შესვლას.

„უკრაინა დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა 1920 წელს. საუბარია უკრაინის სახალხო რესპუბლიკაზე, რომელიც იყო დემოკრატიული და დამოუკიდებელი, რომელიც დაიპყრო ბოლშევიკურმა რუსეთმა. რას ნიშნავს, უკრაინა არ არსებობდა? ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთიც არ არსებობდა, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყო“, - ამბობს მიხეილ ბახტაძე.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, უკრაინამ, ისევე როგორც რუსეთის იმპერიაში შემავალმა სხვა ტერიტორიულმა ერთეულებმა, ბევრი ფორმაცია გაიარა და, შესაბამისად, შეუძლებელია საზღვრების ზუსტი გავლება.

ირაკლი ხვადაგიანი

„იმ პერიოდში ძალიან ძნელი იყო იმის გამიჯვნა, სად მთავრდებოდა უკრაინა და სად იწყებოდა რუსეთი. რთული პერიოდი იყო, მაგრამ უკრაინა არაფრით განსხვავდება რუსეთის იმპერიის სხვა რეგიონებისგან. რუსეთი უტევდა დამოუკიდებლობაგამოცხადებულ რესპუბლიკებს, იპყრობდნენ და ძალით აწითლებდნენ მათ. პროპაგანდის ფორმულაა ასეთი: რეალობის მცირე ფრაგმენტები უნდა გადაიზილოს სასურველ მესიჯებში და ისე მიეწოდოს აუდიტორიას, რასაც აკეთებდნენ კიდეც. უბრალოდ, ახლა თვითონ პუტინი გვევლინება ამ პროპაგანდის გავრცელების წყაროდ“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ვლადიმირ პუტინი: „სტალინმა, რომელიც 1922 წელს ითავსებდა პარტიის გენერალური მდივნისა და ეროვნებათა სახალხო კომისრის თანამდებობებს, წამოაყენა წინადადება - საბჭოთა კავშირი დაფუძნებულიყო „ავტონომიზაციის პრინციპებზე“, ანუ რესპუბლიკები ფართო უფლებამოსილებით შესულიყვნენ ერთიან სახელმწიფოში. ლენინმა არ მიიღო ეს გეგმა და სანაცვლოდ წამოაყენა ფაქტობრივად კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის იდეა ერების თვითგამორკვევის უფლებით (კავშირიდან გასვლის შესაძლებლობით). 1922 წელს ეს იდეები ჩაიდო სსრკ-ის შექმნის დეკლარაციაში, მოგვიანებით კი, ლენინის გარდაცვალების შემდეგ, 1924 წლის სსრკ-ის კონსტიტუციაში...
სტალინმა პრაქტიკაში სრულად განახორციელა არა ლენინის, არამედ სახელმწიფოს მოწყობის საკუთარი იდეები, მაგრამ მან არ შეიტანა შესაბამისი ცვლილებები ფუძემდებლურ დოკუმენტებში, ქვეყნის კონსტიტუციაში, ოფიციალურად არ გადახედა სსრკ-ის შექმნის ლენინურ პრინციპებს“.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის ხალხთა სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხში არსებითად არაფერი შეცვლილა. დროებითი მთავრობა მტკიცედ ადგა ერთიანი და განუყოფელი რუსეთის თვალსაზრისს. მან მიუღებლად მიიჩნია უკრაინის ავტონომია, გარეკა ფინეთის სეიმი და ა.შ. ლენინის იმდროინდელი წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ მომავალი რუსეთი მას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კავშირი, თუმცა 1922 წლისთვის, როცა საბჭოთა რუსეთმა დაასრულა რუსეთის ყოფილ იმპერიაში შემავალი თითქმის ყველა ხალხის დამორჩილება, გაჩნდა ლენინის „თავისუფალ რესპუბლიკათა კავშირის“ ალტერნატიული, სტალინის ავტონომიზაციის პროექტი, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა რესპუბლიკები ავტონომიების სახით უნდა შესულიყვნენ რუსეთის შემადგენლობაში.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ლენინი ფრთხილი და თანმიმდევრული პოლიტიკის მიმდევარი იყო და, როცა სსრკ იქმნებოდა, გაიმარჯვა მისმა ტაქტიკამ, რომ არ გაერთულებინათ ისედაც მყიფე მოცემულობა.

„გარდა ამისა, ლენინს არ უნდოდა, რომ პარალელები გაჩენილიყო მეფის რუსეთთან. ცარიზმი და რუსეთის იმპერია მიიჩნეოდა ცუდ მემკვიდრეობად, რომლისგანაც ყოველთვის ხაზგასმით უნდა გამიჯნულიყვნენ, ამიტომ ვერ დაუშვებდა ისეთივე ერთიანი, ცენტრალიზებული რუსეთის აღდგენას, როგორც მეფის დროს იყო (როცა მარტო ადმინისტრაციული ერთეულები არსებობდა). ძველი სქემის გამოსარიცხად, დაპყრობილი ერებისგან შეიქმნა ფორმალურად დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკები და მათი კავშირი, თუმცა სწორედ ამის წინააღმდეგი იყვნენ, როგორც ლენინი ამბობდა, ყველაზე პირწავარდნილი რუსი შოვინისტები: სტალინი, ორჯონიკიძე და ძერჟინსკი“, - უთხრა ირაკლი ხვადაგიანმა რადიო თავისუკფლებას.

ლენინი და სტალინი, 1922 წ.

სტალინის ავტონომიზაციის პროექტის პირველი მსხვერპლი სწორედ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა უნდა ყოფილიყო, თუმცა პროექტი ჩავარდა იმის გამო, რომ მან სერიოზული შიდა განხეთქილება გამოიწვია. განსაკუთრებთი გამოიჩინეს თავი თბილისში მყოფმა ქართველმა ბოლშევიკებმა. საქართველოს კომპარტიის 1922 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

„ამხანაგ სტალინის თეზისების საფუძველზე გაერთიანება დამოუკიდლებელი რესპუბლიკებისა ავტონომიზაციის ფორმით ნაადრევად ჩაითვალოს. სამეურნეო ღონისძიებებისა და ზოგადი პოლიტიკის გაერთიანება საჭიროდ მიგვაჩნია, ოღონდ დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტის შენარჩუნებით“.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, მსგავსი პროცესები დაიწყო უკრაინელ კომუნისტებშიც. შესაბამისად, ლენინისთვისაც ნათელი გახდა, რომ არ უნდა გაერთულებინა საკითხი და ახალი საბჭოთა ქვეყანა ფორმალურად დამოუკიდებელი რესპუბლიკების კავშირი უნდა ყოფილიყო.

სტალინი, 1932 წ.

ვლადიმირ პუტინმა სინანულით აღნიშნა, რომ ლენინმა სტალინის პროექტი დაიწუნა, ასევე გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ სტალინმა, როცა ერთპიროვნული მმართველი გახდა, არ შეიტანა ისეთი ცვლილებები საბჭოთა კონსტიტუციაში, რომ შეუძლებელი ყოფილიყო კავშირიდან გასვლა.

„გუშინდელი გამოსვლიდან ისე გამოჩნდა, რომ პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენა უნდა და არა საბჭოთა კავშირისა. საბჭოთა კავშირი არ მოსწონს იმ მუხლის გამო, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკებს გასვლის უფლება ჰქონდათ. პუტინის ოცნება, როგორც ჩანს, რუსეთის იმპერიაა: პეტრე პირველის, ეკატერინე მეორის, ალექსანდრე მესამის... ის პერიოდი, რომელზეც რუსეთში ამბობდნენ, ევროპაში არცერთი ზარბაზანი ჩვენი ნებართვის გარეშე არ ისვრისო. ნოსტალგია სსრკ-ზე კი არა, არამედ რუსეთის იმპერიაზე. პოტენციურად ალასკაც შეიძლება მოითხოვონ. ხომ შეიძლება თქვან, მოგვატყუეს და ახლა დაბრუნება გვინდაო. მერე ასევე მიადგნენ პოლონეთს, ფინეთს, შუა აზიას... რაც სრული აბსურდია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ისტორიკოსმა მიხეილ ბახტაძემ.

ვლადიმირ პუტინი: დიდი სამამულო ომის შემდეგ სტალინმა უკრაინას გადასცა მიწები, რომლებიც ადრე ეკუთვნოდა პოლონეთს, რუმინეთსა და უნგრეთს. ამავდროულად, ერთგვარი კომპენსაციის სახით, სტალინმა გადასცა პოლონეთს გერმანული ტერიტორიების ნაწილი, ხოლო 1954 წელს ხრუშჩოვმა რატომღაც ჩამოართვა ყირიმი რუსეთს და ასევე წარუდგინა უკრაინას. ფაქტობრივად, ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია.

მიხეილ ბახტაძის თქმით, სტალინმა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ, ტერიტორიები, რომლებიც შედიოდა პოლონეთის შემადგენლობაში, ნაწილი უკრაინას, ნაწილი კი ბელორუსს მიუერთა:

„არა იმიტომ, რომ ბელორუსი და უკრაინა უყვარდა, არამედ ფიზიკურად სხვას ვერავის მიუერთებდა. ასევე რუმინეთისთვის წართმეული ტერიტორიები მიუერთეს მოლდოვას და შექმნეს საბჭოთა რესპუბლიკა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ წართმეული ტერიტორიების მოსაზღვრე რესპუბლიკები იყვნენ“.

ვლადიმირ პუტინი

ზურაბ ბატიაშვილი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინი ეძებს საბაბს საზღვრების გადასასინჯად და ამისთვის ქმნის ისტორიის უკიდურესად ტენდენციურ ნარატივს.

„ყირიმი ხომ არ არის ის ადგილი, სადაც რუსი ერი წარმოიშვა? დაუბრუნებს თურქეთს? სინამდვილეში, საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლა უნდა. ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებში მე-16-მე-17 საუკუნეების კანონების დამკვიდრების მცდელობას, რაშიც ისეთი ახლო მოკავშირეც კი, როგორიც ჩინეთია, არ ეთანხმება. ყველას სურს, რომ რაღაც წესები მაინც არსებობდეს საერთაშორისო ურთიერთობებში, გამონაკლისი მხოლოდ რუსეთია. რუსეთი გვევლინება ველურ ძალად, რომელიც ამბობს, რომ მე შემიძლია საზღვრები გადავსინჯო ნებისმერ დროს და ნებისმიერი მიმართულებითო. სწორედ ეს „გაკვეთილი“ წაუკითხა პუტინმა 21 თებერვალს მსოფლიოს“, - უთხრა ზურაბ ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ვლადიმირ პუტინი: „მადლიერმა შთამომავლობამ“ უკრაინაში ლენინის ძეგლები აიღო. ამას ეძახიან დეკომუნიზაციას. დეკომუნიზაცია გინდათ? ეს ჩვენ სავსებით გვაწყობს, მაგრამ არ არის აუცილებელი, როგორც ამბობენ, შუა გზაზე გაჩერება. ჩვენ მზად ვართ, გაჩვენოთ, რას ნიშნავს ნამდვილი დეკომუნიზაცია უკრაინისთვის... ცოტა ხნის წინ პოლტავაში ალექსანდრე სუვოროვის ძეგლი აიღეს. უარს ამბობთ საკუთარ წარსულზე? რუსეთის იმპერიის ე.წ. კოლონიურ მემკვიდრეობაზე? კარგი, მაშინ აქაც იყავით თანმიმდევრული.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ვლადიმირ პუტინი ერთდროულად იცავს როგორც ცარისტული, ასევე საბჭოთა რუსეთის მემკვიდრეობას:

„საბჭოთა კავშირი ისტორიული რუსეთია - აი, ამას სთავაზობს და ამას ახვევს თავზე დანარჩენ სამყაროს. პუტინის რუსეთი ეს არის რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნაჯვარი, ჰიბრიდი, იმპერიული ამბიცია დაფუძნებული საბჭოური ტოტალიტარიზმის მექანიზმებზე“.

საბჭოთა კავშირის გერბი

მიხეილ ბახტაძე ამბობს, რომ რუსეთი დღესაც XVII-XVIII საუკუნეების წარმოდგენით ცდილობს ცხოვრებას, როცა ომი და სამხედრო ძალა ლეგიტიმურად ცვლიდა ქვეყნებს შორის საზღვრებს:

„კი, ბატონო, ასე იყო საუკუნეების წინ და ასე შეიქმნა უზარმაზარი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის იმპერიები, მაგრამ წავიდა ეგ დრო, ჩაბარდა წარსულს. დღეს სხვა ვითარებაა, სხვა ნორმები მოქმედებს, 21-ე საუკუნეში უნდა იცხოვრო ისე, როგორც 21- საუკუნეს შეეფერება და არა როგორც მე-18 საუკუნეს, მაგრამ პრობლემაც ის არის, რომ რუსეთი ჩარჩა წარსულში“.

"ახალი რუსეთის სიმბოლო". მემორიალური ნიშანი. ლუგანსკი.

დავით დარჩიაშვილის თქმით კი, პუტინის რუსეთი ეს არის პოსტმოდერნისტული ნაზავი „ორთავიანი არწივისა“ და „ნამგალი და უროსი“.

„ოღონდ ეს „ნამგალი და ურო“ ძირითადად სტალინის ქმედებებთან არის ასოცირებული, მას მოსწონს სტალინი და მოსწონს რუსეთის იმპერია. შესაბამისად, ამ ორი რუსეთის გაერთიანება და იმპერიის აღდგენა (სადამდეც შეძლებს) უნდა“, - უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.