მიხეილ სააკაშვილი „უკრაინელი ბენდუქიძის“ გარეშე

7 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკვე ოფიციალურადაც დაუბრუნდა უკრაინის პოლიტიკას - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებას სიფრთხილით შეხვდნენ, მათ შორის თავად მმართველი პარტიის რიგებშიც. თავდაპირველად განიხილებოდა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მისი დანიშვნა, მაგრამ ამას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციაში და საბოლოოდ ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ შეუტანიათ.

უკრაინის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს სარისკოდ ეჩვენა ამ პოსტზე სააკაშვილის დანიშვნა. მათი აზრით, ენერგიული და ამბიციური სააკაშვილი დაძაბულობის წყარო შეიძლება გამხდარიყო ისედაც არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოში.

ასევე ნახეთ რეფორმების საბჭოს მდივანი თუ თავმჯდომარე? სააკაშვილის საკადრო ეპოპეა დასასრულს უახლოვდება

Financial Times-ის თანახმად, ზელენსკის გუნდში ზოგი იმასაც შიშობს, რომ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის მიცემა გზას გაუხსნიდა პრეზიდენტთან მის შესაძლო კონფრონტაციას. უკრაინული პოლიტიკური ელიტის შიშები გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილსა და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შორის ურთიერთობების ისტორიას.

ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს სააკაშვილი თავისი რეფორმატორული მიზნების განხორციელებას იმ თანამდებობაზე, რომელიც ერგო მას საბოლოოდ.

„ბატონი სააკაშვილის ერთ-ერთი ამოცანა შეიძლება იყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საგანგებო სესხის მისაღებისკენ მიმავალი გზის გაადვილება“. როგორც ფონდმა განაცხადა 7 მაისს, ამჟამად კიევთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები 18-თვიანი სესხის პროგრამაზე ნაცვლად სამწლიანი სტენდბაი რეჟიმისა", წერს Financial Times-ი.

ამ როლზე თავად სააკაშვილმაც ისაუბრა უკრაინაში დაბრუნებისთანავე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ურთიერთობის გამოცდილებას. მაშინვე აღნიშნა ისიც, რომ უკრაინამ საკუთარი პირობებით უნდა აწარმოოს საფინანსო ინსტიტუტთან მოლაპარაკებები.

მაგრამ სააკაშვილი უკრაინულ პოლიტიკაში ბრუნდება პირველ რიგში, როგორც რეფორმების ხელშემწყობი და დამაჩქარებელი. ასე ხედავს მის როლს პრეზიდენტი ზელენსკი.

„ვფიქრობ, ის შეძლებს ბიძგი მისცეს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და ხელი შეუწყოს ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს,“ განაცხადა ზელენსკიმ სააკაშვილის დანიშვნისას.

თავად სააკაშვილს უკრაინის ეკონომიკის რეფორმირებისთვის ორი მთავარი რეცეპტი აქვს: ბიუროკრატიული ბარიერების შემსუბუქება და გადასახადების შემცირება.

„ან მოვერევით კორუფციას დერეგულაციით, გამოძალვის შესაძლებლობის მოსპობით და შედეგს მივიღებთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ანდა ქვეყანამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს, უთხრა სააკაშვილმა Financial Times-ს. მისი თქმით, ის პრეზიდენტს დაეხმარება რეფორმების ახალი პაკეტზე მუშაობაში: „მე კრიზისში ვხედავ შანსს რეფორმებისთვის, რომელთა დრო დიდი ხანია მოსულია.“

ასევე ნახეთ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული ჩარევისაგან

როგორც Reuters-ი შენიშნავს, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭო იგივე უწყებაა, რომელიც 2014 წელს შექმნა მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ (ოღონდ მაშის მას სხვა სახელი ერქვა). ამ უწყებაში სააკაშვილი უკვე მუშაობდა 2015 წელს.

სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე საუბრისას Reuters-ს მოჰყავს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოლეჰ ჰონჩარუკის კომენტარი. ჰონჩარუკის თქმით, საბჭო დეკორატიულ ინსტიტუტად არის ქცეული და სააკაშვილის დანიშვნა მაშინ შეიძენს აზრს, თუკი მოხერხდება ამ ორგანოს გაჯანსაღება. მისი აზრით, იმ როლმა, რომელიც შეიძლება ითამაშოს საბჭოში სააკაშვილმა, ის შესაძლოა უფრო დააახლოვოს ზელენსკისთან და, ამავე დროს, საშუალება მისცეს მას, უფრო იოლად გამოხატოს თავისი პოზიცია, ვიდრე ამას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეძლებდა.

„[უკრაინის რეფორმების] ეროვნულ საბჭოში ის პრეზიდენტთან უფრო ახლოსაა. მეტიც, პრემიერ-მინისტრის მოადგილის როლში სააკაშვილი ვერ შეძლებდა პრემიერ-მინისტრის კრიტიკას. ახლა მისთვის ამის გაკეთება ბევრად უფრო იოლი იქნება,“ ფიქრობს ჰონჩარუკი.

ჰონჩარუკმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სააკაშვილი დაახასიათა, როგორც „გამორჩეული რეფორმატორი“. მისი თქმით, სააკაშვილის მოსვლით „ისეთი საკითხები, როგორებიცაა პრივატიზაცია, დერეგულაცია - მნიშვნელოვნად აჩქარდებოდა.“

უკრაინელი ანალიტიკოსი ევჰენ მაჰდა სკეპტიკურად აფასებს სააკაშვილის უნარს, ისევე ენერგიულად გაატაროს რეფორმები უკრაინაში, როგორც ეს მან საქართველოში შეძლო. მაჰდას თქმით, იმ პირობებში, როცა სააკაშვილს გვერდში არ ჰყავს კახა ბენდუქიძე, ის ვერ ხედავს, „ვინ შეიძლება შთაბეროს ეკონომიკური შინაარსი სააკაშვილის ‘ტარანულ’ პოლიტიკას“.

„შესაძლოა, ზელენსკის სურს, სააკაშვილი რეფორმების თავისებურ სახედ აქციოს; შესაძლოა, მას სურსშინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვთან სააკაშვილის დიდი ხნის კონფლიქტი გამოიყენოს ავაკოვის წინააღმდეგ; შესაძლოა, მას იმედი აქვს, რომ სააკაშვილი რამე არაორდინარულს აჩუქებს უკრაინას. მაგრამ ვინაიდან მესმის სააკაშვილის პოლიტიკური ლოგიკა, - და 2016 წლის მოვლენებმა ეს მხოლოდ დაადასტურა, - მას ტექნიკურად არ შესწევს უნარი, უარი თქვას ოცნებაზე, დაბრუნდეს საქართველოში, მაგალითად, პრემიერის რანგში, მას მერე, რაც საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია გაიმარჯვებს... ვფიქრობ, რომ [ზელენსკის მიერ სააკაშვილის დანიშვნა] არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება", ამბობს ევჰენ მაჰდა.

უკრაინელი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ შემოდგომამდე უკვე გაირკვევა, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილი უკრაინული პოლიტიკისთვის.

მაგრამ უკვე ახლა იმტვრევენ თავს იმაზე, თუ რას ნიშნავს სააკაშვილის კიევში დაბრუნება საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებისთვის.

ასევე ნახეთ დავით არახამია: დიახ, ბატონი ზელენსკი მხარს უჭერს სააკაშვილის დანიშვნას

ძნელი წარმოსადგენია, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის მიწვევისას უკრაინის პრეზიდენტის გეგმაში საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებაც შედიოდა, თუმცა სააკაშვილის ფაქტორმა ერთგვარი უხერხული დაძაბულობა შეიტანა ორი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობაში.

როცა განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, საქართველოს ხელისუფლება უარყოფითად და საკმაოდ ხისტად გამოეხმაურა ამ ცნობას და მიანიშნა, რომ სააკაშვილის დანიშვნამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა 7 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 8 მაისს განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს იწვევს, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

ზალკალიანის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო სამინისტრო. 8 მაისს გამოქვეყნებულ მის კომენტარში მოწოდებაა გამოთქმული „ქართველი მეგობრების და პარტნიორების მიმართ, გაითვალისწინონ გამოთქმული არგუმენტები და ნუ გახდიან ორმხრივ ურთიერთობას უკრაინაში რეფორმების პროცესზე დამოკიდებულს“.

ოდნავ მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

ასევე ნახეთ კიევი-თბილისი: მუქარა, შიში, არჩევნები და სახელმწიფოს ინტერესები

ლუგანსკის ოლქში სტუმრობისას მან თქვა, რომ შეცდომაა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამოძახება თბილისში საკონსულტაციოდ რეფორმების ეროვნულ საბჭოში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო და რომ კიევი მსგავსი ნაბიჯით არ უპასუხებს თბილისს.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის პასპორტით, მე - უკრაინის პრეზიდენტი ვარ და დავნიშნე ის უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, სულ ეს არის“, განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ანალიტიკოსმა ევჰენ მაჰდამ შენიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ვინაიდან მსგავსი პოლიტიკური პრობლემების მქონე სახელმწიფოებს „ჯგუფის“ სახით ბევრად მეტი შანსი აქვთ, წარმატებას მიაღწიონ ამ მიმართულებით სვლაში.