მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩადის?

„სააკაშვილი თვითმფრინავშიც ვერ ჩაჯდება“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი ინფორმაციას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, საქართველოს ექსპრეზიდენტის განზრახვას 1 აპრილს ჩავიდეს უკრაინაში. აშკარაა, რომ სააკაშვილის განზრახვამ შეშფოთება გამოიწვია უკრაინის სახელისუფლებო სტრუქტურებში. რატომ მაინცდამაინც 1 აპრილი? არის თუ არა ეს ხუმრობა?

თვითმფრინავით ვარშავიდან კიევში

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის განზრახვას საპირველაპრილო ხუმრობად და PR-სვლად მოიხსენიებს. თუმცა უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში არსენ ავაქოვი იმასაც ამბობს, რომ - სახელმწიფო ზომებს მიიღებს.

„სააკაშვილი თვითმფრინავშიც ვერ ჩაჯდება, მას თვითმფრინავში არ შეუშვებენ. მას აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა. სასამართლოს აკრძალვაა“.

ასევე ნახეთ ავაქოვმა 300 დოლარიანი პიარი უწოდა სააკაშვილის განცხადებას უკრაინაში დაბრუნების შესახებ

არსენ ავაქოვს, რომელსაც, უკვე დიდი ხანია, კორუფციონერთა და უკრაინის დამქცევთა რიგებში ხედავს, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკით“ უპასუხა.

  • „ავაქოვს უნდა, რომ პეტია (პეტრო პოროშენკო) წავიდეს, ხოლო მე არ ჩავიდე და არ შევუშალო ხელი ბანდას, რომელიც უკრაინის გასაძარცვად დარჩა“;
  • „ანუ საძმოს უნდა, რომ შეინარჩუნოს რეჟიმი, მაგრამ - პოროშენკოს გარეშე. ვერ მოესწრებით!“;
  • „პოროშენკო უნდა გამოიცვალოს ყველასთან ერთად, ვინც უკრაინა გაამათხოვრა!“.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივნისში ჩამოართვა. 2017 წლის სექტემბერში მიხეილ სააკაშვილმა, მრავალრიცხოვანი მომხრეების დახმარებით, პოლონეთიდან შეაღწია უკრაინაში.

სამართალდამცავებმა ის 2018 წლის თებერვალში დააკავეს კიევის ერთ-ერთ რესტორანში და იძულებით დააბრუნეს პოლონეთის ტერიტორიაზე. 2018 წელს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლის თებერვლამდე აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ 21 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინელ სამართალდამცველებს არა აქვთ უფლება ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ მისი დაცვის ქვეშ მყოფს.

მისი თქმით, გენერალურმა პროკურატურამ 1 მარტს განაახლა საქმის წარმოება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და მას, როგორც ეჭვმიტანილს, უკრაინაში ჩასვლისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის საშუალება უნდა მიეცეს.

ასევე ნახეთ რა ელის უკრაინაში დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს?

რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან, კობა ლიკლიკაძესთან კიევში საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ზორიან შკირიაკმა განაცხადა, რომ:

  • მიხეილ სააკაშვილი საზღვარზე ფეხის შემოდგმას ვერ გაბედავს;
  • მას არავინ მისცემს უფლებას გაიმეოროს ის, რაც ერთხელ უკვე გააკეთა უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე, ორი წლის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ამჯერად თვითმფრინავით მგზავრობას აპირებს, ამ დღეებში უკრაინის ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გაიხსენა 2017 წლის სექტემბერი, როცა მიხეილ სააკაშვილმა დაბრუნების დაპირება შეასრულა.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებული მოვლენები კარგად ახსოვს არსენ ავაქოვსაც.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა

დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ავაქოვმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება მაშინ დაძაბულობას მოერიდა და ამიტომ არ მიიღო შესაბამისი უმკაცრესი ზომები საზღვრის უკანონოდ დარღვევისას.

თუმცა, ავაქოვის სიტყვებით, შემდეგ ქვეყანამ შესაბამისი „ტექნიკური და ტექნოლოგიური დასკვნები გამოიტანა“ და ახლა ბევრად უკეთესად არის მომზადებული.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ოლეგ სლობოდიანმა BBC-ის უკრაინულ სამსახურს უთხრა, რომ უწყება არ აპირებს მიხეილ სააკშვილის ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებას. მისი თქმით, სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე და ქვეყანაში ჩასვლა ეკრძალება 2021 წლამდე.

ასევე ნახეთ უკრაინის სასაზღვრო სამსახური ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის შეშვებას არ აპირებს

„ეს ქაოსსა და აგრესიას გამოიწვევს“, - დაწერა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ უკრაინის პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ირინა გერაშჩენკომ, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების განაცხადი გააკეთა.

გერაშჩენკომ თქვა, რომ უკრაინის საზღვარი სააკაშვილისთვის „ფიქციაა“ და სწორედ საზღვრის დარღვევითა და მესაზღვრეებზე თავდასხმით დაიწყო ომი დონბასში, 2014 წელს.

უკრაინის პირველი ვიცე-სპიკერის ამ შინაარსის პოსტმა სასტიკად გააბრაზა მიხეილ სააკაშვილი. ის "კლინიკური დიაგნოზის" ნიშნებზეც ალაპარაკდა.

რატომ 1 აპრილი ?

„როგორც მათ მე კიევიდან ვარშავაში გამაგზავნეს, ახლა მე ვარშავიდან ჩავფრინდები კიევში. ახლავე გეტყვით, რომელ საათზეა რეისი... 14:05-ზე... 2019 წლის 1 აპრილს, მე გადაწყვეტილი მაქვს დაშვება "ბორისპოლის" აეროპორტში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დმიტრი გორდონის საავტორო გადაცემაში.

სააკაშვილის მიმართ სიმპატიებით განწყობილი წამყვანის ამ ინტერვიუს “youtube”-ზე მილიონზე მეტი ნახვა და 19 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

ბევრს ეგონა, რომ სააკაშვილმა იხუმრა, როდესაც კიევში ჩასვლა მაინცდამაინც 1 აპრილს დაუკავშირა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, არაფერ შუაშია ხუმრობისა და ტყუილის დღე და ეს გადაწყვეტილება უკრაინაში 31 მარტისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

  • დარწმუნებული ვარ - პოროშენკო ვერ გავა მეორე ტურში“;
  • „როგორც კი ის ვერ გავა მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ და უფრო მეტიც -არცეთი მესაზღვრე არ მოინდომებს შეასრულოს მისი ბრძანება - არ შემიშვას უკრაინაში“;
  • „ასევე არ შესრულდება მისი (პოროშენკოს) სხვა დანაშაულებრივი ბრძანებები“.

მიხეილ სააკაშვილს სჯერა, რომ 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკო აუცილებლად დამარცხდება, რადგანაც უკრაინელი ხალხი ხმას არასოდეს მისცემს კორუფციის დაკანონებას ქვეყანაში.

ასევე ნახეთ უკრაინის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძოლებს

15 მარტს, უკრაინულ ტელეარხ НАШ.МАКСІ-ТВ шоу “Грані”-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა გაიმეორა, რომ უკრაინაში ჩავა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა პოროშენკო დამარცხდება და შესაბამისად, მას აღარ მოუწევს საზღვრის უკანონოდ გადალახვა - ამას არც ვაპირებო.

ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ, ძალიან ბევრი უკრაინელი ეხმაურება. ზოგი ეკითხება - როგორ დაბრუნდებით, შემოგიშვებენო? ზოგი ბრაზობს - ამ ფაქტმა არეულობა არ გამოიწვიოსო, ზოგიც სააკაშვილს ურჩევს - არ გააკეთოთ ეს, არ არის ნორმალური სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოლახვაო.

თუმცა გამოხმაურებები ძირითადად დადებითია.

  • „სააკაშვილის ჩამოსვლას მოუთმენლად ველოდებით. ის ჩვენი ერთადერთი იმედია!“
  • „პოროხი და ოლიგარქიულ-კლეპტოკრატიული რეჟიმის სხვა წარმომადგენლები ციხეებში აღმოჩნდებიან, თუკი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩამოვა!!!“
  • „მიხო! ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ უკრაინაში პატივისცემითა და იმედებით გელოდებიან.“

მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად მუდმივად ეხმიანება უკრაინელებს და მათ უკეთესი ქვეყნის მშენებლობის გარანტიას აძლევს. ერთ-ერთ ტელეინტერვიუში მან თავის მიზანს „უკრაინული ოცნების“ ახდენაც უწოდა.