მიხეილ კობახიძე — კინო-კომპოზიტორი

მიხეილ კობახიძესთან ბევრი პარადოქსია დაკავშირებული, თუმცა მე ვახსენებ მხოლოდ სამს:

1. პირველი და ყველაზე დიდი ისაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეჟისორს დღეს მარგინალური როლი უკავია კინემატოგრაფში;

2. მიხეილ კობახიძე ყოველთვის ამტკიცებდა, რომ კინო უსუსურია დროის წინაშე, რომ კინო ვერ ებრძვის დროს და, აქედან გამომდინარე, კინო ხელოვნება არ არის... და თუ რომელიმე ფილმს შეუძლია ეს ე.წ. „კობახიძის თეორია“ უკუაგდოს - ეს მისი „ქოლგა“ და მისი „მუსიკოსებია“;

3. მიხეილ კობახიძე ასევე ხშირად იმეორებდა, რომ კინო და ინტელექტუალიზმი ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ კინო და ფილოსოფია ოქსიმორონია. არადა მიხეილ კობახიძის ფილმების უსიტყვო სიმსუბუქის უკან ყოველთვის იმალება ძალზე ღრმა აზრი;

„მუსიკა ამბობს იმავეს, რასაც ფილოსოფია, ოღონდ ამას ამბობს სიტყვების გარეშე“ - დაწერს იმანუელ კანტი. გავკადნიერდები და დავამატებ - არა მხოლოდ სიტყვების, არამედ სიტყვების სიმძიმის გარეშე!

და თუ კინოში ეს ნათქვამი ვინმეს შეეფერება, პირველ რიგში მიხეილ კობახიძეს. მაგალითად, შემთხვევითი არაა, თუ მის „ქოლგაში“ ქოლგა ბახის მუსიკას განდევნის ფილმიდან… განდევნის იმ ბახს, რომელიც მხოლოდ ქოლგის გაუჩინარების და შეყვარებული წყვილის ჰარმონიის აღდგენის შემდეგ დაბრუნდება უკან ...

„მუსიკა სიტყვის ანალოგია“ - დაწერს ალექსანდერ ბაუმგარტენი. თუმცა გავკადნიერდები და დავამატებ, რომ ხშირად მუსიკა უკეთესად გამოხატავს აზრს, ვიდრე სიტყვა...

რომელმა დიდმა რომანტიკოსმა მწერალმა - ჰოლდერლინმა, ნოვალისმა ან იმავე ჰეგელმა - შეძლო ნოსტალგიის, რომანტიზმის ამ მთავარი ელფერის, ისეთნაირი გადმოცემა, როგორც, ვთქვათ, შოპენმა მეექვსე პრელუდიაში?!

და ბევრი იცით ნაწარმოები, რომელმაც ისე მსუბუქად აღეწერა ადამიანთა ურთიერთობის ფერთა გამა, როგორც კობახიძემ შეძლო ეს უსიტყვოდ „მუსიკოსებში“?!

ან დამისახელეთ ის წიგნი, რომელმაც მეტი ოსტატობით დაგვანახვა საბჭოთა კავშირის არსი, ვიდრე კობახიძის უსიტყვო „კარუსელმა“?

ასე რომ, როგორც შოპენის მეექვსე პრელუდია, კობახიძის ფილმები ჩვენში აჩენს ათას ემოციას, ბადებს ათას იდეას და ამ ყველაფერს ახერხებს უსიტყვოდ ...

სიტყვების აუტანელი სიმძიმე და მუსიკის უსაზღვრო სიმსუბუქე. სიმძიმე, რომელსაც შეუძლია ადამიანი გასრისოს, და საოცარი სიმსუბუქე, რომელსაც შეუძლია თან მოაჯადოვოს და თან გაათავისუფლოს ადამიანი.

ასე რომ, ტყუილია, რომ დასაბამიდან იყო სიტყვა. დასაბამიდან არს მუსიკა!

ალბათ ამ სიტყვის, მძიმე სიტყვის, პრიმატმა შობა ინტელექტუალური სნობიზმი - ჩვენი ეპოქის ერთი დიდი უბედურება.

ვინ კითხულობს დღეს ვოლტერის მძიმე, ფილოსოფიურ ან ისტორიულ, ესეებს? არავინ! ზადიგი და კანდიდი - აი, ორი პერსონაჟი, რომელიც კაცს მოაგონდება ვოლტერის სახელის წარმოთქმისას. არადა თვითონ ვოლტერი ხომ ზადიგს თუ კანდიდს სერიოზულად არ აღიქვამდა...

ვის ახსოვს შატობრიანის „წამებულნი“ - ეს პათეტიკური ნაწარმოები ქრისტიანების დევნაზე იმპერატორ დიოკლეტიანეს ეპოქაში? დღეს თუკი ვინმეს ხელში შატობრიანის თხზულებას მოჰკარით თვალი, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი „საიქიოს მოგონებები“, რომელსაც შატობრიანიც სერიოზულად არ უყურებდა...

დიდი პეტრარკაც თვლიდა, რომ ლათინურ ენაზე დაწერილი ეპოპეა „აფრიკა“ მისი magnum opus იყო. არა მხოლოდ პეტრარკა, მთელი ევროპა დარწმუნებული იყო ამაში! და იგივე პეტრარკა არაფრად აგდებდა ტოსკანურ დიალექტზე შექმნილ საკუთარ მომცრო „კანციონიერეს“, ე.წ. „სიმღერების წიგნს“, რომელსაც არც არავინ იცნობდა. ვიღას ახსოვს ახლა მისი „აფრიკა“? თუ დღეს პეტრარკა ევროპის ყველაზე დიდი ლირიკოსია - მხოლოდ და მხოლოდ ლაურასადმი მიძღვნილი სიმღერების ამ წიგნის გამო.

ასე რომ, დრომ უწყოდეს მხოლოდ, თუ როგორი მეორე სიცოცხლე ელის მიხეილ კობახიძესა და მის ფილმებს...