""ქართული ოცნებისთვისვე" არის სასარგებლო, თუ ისინი შეცვლიან საარჩევნო სისტემას"

მიხეილ ბენიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) გამოაქვეყნა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში. ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე "დილის საუბრებში" ლაპარაკობს რეკომენდაციებსა და "შესძლებლობათა ფანჯარაზე".

რას ემსახურება დოკუმენტი, რომელიც არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნდა?

"გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ საკიხებისადმი მიბრუნება გვაძლევს ორი რაღაცის საშუალებას: ერთი - რომ ერთიანად გავიაზროთ და ანალიზი ჩავატაროთ, თუ რა ტენდენციებს ჰქონდა ადგილი, ერთიანი ანალიტიკური სურათი შევთავაზოთ საზოგადოებას და მეორე - რაც ყველაზე მთავარი ღირებულებაა ასეთი დოკუმენტის, ესაა რეკომენდაციები, რომლებიც მომავლისკენ იყურება და მიუთითებს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორს იმაზე, რაც უნდა გაუმჯობესდეს".

ანგარიშში 42 რეკომენდაციით სრულდება. მათი უდიდესი ნაწილი (26) ეხება კანონმდებლობას. მიხეილ ბენიძე ძალიან მნიშვნელოვნად თვლის 2019, არასაარჩევნო წლის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას ცვლილებებისთვის, რომლებიც აუცილებელია პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად:

"ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა 2019 წელს - ეს არის ერთი არასაარჩევნო წელი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ნაკლები იყოს უშუალოდ საარჩევნო დაინტერესება. ეს უნდა იქნას მაქსიმალურად გამოყენებული იმისათვის, რომ საკანონმდებლო კუთხით და პრაქტიკის კუთხით მოვემზადოთ მომდევნო მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. ამიტომ, არის ეს გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა".

რიგ შემთხვევაში ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პრობლემას ხედავს არა კანონმდებლობაში, არამედ მის არაეფექტიან აღსრულებაში:

"როცა ამომრჩეველზე ზეწოლაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ვსაუბრობთ, საქართველოში ამ კუთხით არის ძალიან გამართული კანონმდებლობა და მთავარი პრობლემა ამ ნაწილში არის კანონმდებლობის აღსრულება და პოლიტიკური ნება იმისა, რომ შესაბამის უწყებებს და ხელისუფლებას ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება ამ სახის დარღვევებზე".

მიხეილ ბენიძე მნიშვნელოვნად თვლის პასუხების მიღებას კითხვებზე, რომლებიც არჩევნების კონტექსტში წარმოიშვა და რომელთა ნაწილის მოკვლევა, ნაწილზე კი გამოძიება დაიწყო:

"ამომრჩევლის მოსყიდვაზე როცაა საუბარი, ჩვენ მაშინ მკვეთრი განცხადებები გავაკეთეთ, მივმართეთ პროკურატურასაც. პროკურატურამ განაცხადა, რომ შეისწავლის ამ საკითხს. არ უთქვამთ, რომ გამოიძიებენ. არ ვიცით ისევ, რა შედეგი მივიღეთ მოკვლევის და შესწავლის შედეგად. ფაქტია, აქაც პოლიტიკური ნებასთან მივდივართ. თუ მოიკვლიეს და შეისწავლეს, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებზე მოუწევთ გასვლა".

მიხეილ ბენიძე ხაზს უსვამს იმას, რომ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ბოლო არჩევნებზე გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესება აღინიშნა

"ყველა საერთაშორისო დოკუმენტი, რაც მიღებულია საქართველოსთან მიმართებაში ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან მწვავედ ახსენებს სწორედ ამ არჩევნებზე არსებულ გამოწვევებს. იმის მიღმა, რასაც ფურცელზე და დიპლომატიურ განცხადებებში ვხედავთ, კიდევ უფრო სიღრმისეული და სერიოზული საუბრები მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამიტომ იმ გამოწვევებს, რასაც არჩევნებზე ვხედავთ, გრძელვადიანი, განგრძობითი ეფექტი აქვს ხელისუფლებისთვის და დისკომფორტს უქმნის მას მომდევნო არჩევნების მოლოდინში ყველა ეტაპზე და გარწმუნებთ, მომდევნო არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტი იქნება ყურადღება".

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ამ ინტერვიუში ლაპარაკობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე და ხსნის იმასაც - რატომ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ინტერესებშიც:

""ქართული ოცნებისთვისვე" არის სასარგებლო, თუ ისინი შეცვლიან საარჩევნო სისტემას, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - მათ შეუძლიათ თქვან, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო და აი, ჩვენ არ გვეშინია არჩევნების და ამას ვაკეთებთ. მეორე - ამას, ჩემი აზრით, ექნება ერთგვარად პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის ეფექტი, როცა პარტიები მთლიანად გადაერთვებიან საარჩევნო მზადების პროცესში და ეს ვფიქრობ, "ქართულ ოცნებასაც" აწყობს. სიტუაცია უფრო კონტროლირებადი და სტაბილური გახდება და მესამე - "ქართულ ოცნებას", არ ვიცი, რამდენად აქვს გააზრებული, მაგრამ მათ შეიძლება არ ჰქონდეთ გარანტირებული 2020 წელს გამარჯვება, ან თუნდაც საუკეთესო შედეგი. შეიძლება მათთვისვე იყოს უკეთესი ეს სისტემა, რომ არ მოუბრუნდეთ, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას" მოუბრუნდა, როცა თავის დროზე არ შეცვალა სისტემა და გადასცა ესტაფეტა "ქართულ ოცნებას". თანასწორი გარემოს შექმნა ყველას უკეთეს პოზიციაში ჩააყენებს, ხელისუფლების ჩათვლით".

მიხეილ ბენიძე რეკომენდაციებზე საუბრისას ეხება: საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩეველზე ზეწოლას, ამომრჩევლის მოსყიდვას, აგიტაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და ა.შ..

რადიო თავისუფლების ეთერში ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დააანონსა, რომ სულ მალე ორგანიზაცია გამოაქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წინასწარ კი ამას აცხადებს:

"ინსპექტირება სწორედაც იყო ანგარიშსწორების მექანიზმი პოლიტიკური ნიშნით".

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ბენიძე საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშზე