"ეს არის პოლიტიკური გამოხატვა, უმრავლეს შემთხვევაში - არაეთიკური"

მიხეილ ბენიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი

პარლამენტის სპიკერისა და უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატის 6 აგვისტოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ხელისუფლება ერთმანეთში ურევს დისკრედიტაციასა და დისკრიმინაციას, როცა ერთი მხრივ ლაპარაკობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური ოპონენტის მადისკრედიტებელ, აგრესიულ, არაეთიკურ განცხადებებსა და სარეკლამო მასალაზე, მეორე მხრივ კი შემოაქვს რეგულაცია, რომელშიც ლაპარაკია „სიძულვილის ენაზე“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

“არსებობს სიძულვილის ენის განმარტება, რომლითაც ევროპის საბჭო ხელმძღვანელობს. სიძულვილის ენად აღიქმება ისეთი გამოხატვა, რომელიც არის ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ა.შ. - კონკრეტული ნიშნით ადამიანის მიმართ გაკეთებული დისკრიმინაციული გამონათქვამები, რომლებმაც მთელი რიგი ტესტი უნდა გაიაროს იმისათვის, რომ სიძულვილის ენად ჩაითვალოს.

გასული არჩევნებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სიძულვილის ენა ამ სახით არ ყოფილა. იყო იქ ცალკეული თურქოფობიული განცხადებები, მაგრამ ქართულ მედიაში ეს პრობლემა მასშტაბურად არ დამდგარა.

რის მოგვარებასაც ცდილობს ხელისუფალი, როგორც ამის მიწოდება ხდება - ის დისკრედიტაციული განცხადებებია, რომლებიც ძალიან ბევრი იყო. იყო პოლიტიკური თავდასხმები დისკრედიტაციული ხასიათის, ერთმანეთისთვის მოღალატის ძახილი და ერთმანეთისგან მტრის ხატის შექმნა. ასეთი გამოხატვები სიძულვილის ენა არ არის. ეს არის პოლიტიკური გამოხატვა, უმრავლეს შემთხვევაში - არაეთიკური. „მე შენ მძულხარ“ არ არის სიძულვილის ენა“.

მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ სიძულვილისა და სიძულვილის ენის აღრევა განზრახ ხდება. ის წინასაარჩევნო კამპანიის მადისკრედიტებელი შინაარსით გაჯერებას პოლიტიკური კულტურის ჭრილში განიხილავს და ამის საწინააღმდეგო ნაბიჯად წარმოუდგენია პოლიტიკოსთა შეთანხმება თამაშის წესებზე, გამიჯვნა მადისკრედიტებელი კამპანიებისგან. სხვაგვარია რეალობა:

„სინამდვილეში ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიები მათთან აფილირებული პირების მეშვეობით თავად უწყობდნენ ხელს ამ დისკრედიტაციულ კამპანიებს. გახსოვთ, რომ პიარსტრატეგებიც ჩამოიყვანეს სპეციალურად ამისთვის. ისინი დადიან ქვეყნიდან ქვეყანაში და შავ პიარში თავიანთ გამოცდილებას სთავაზობენ. დამოკიდებულების შეცვლაა საჭირო და არა კანონში ასეთი ჩანაწერი“.

„დილის საუბრების“ სტუმარი დისკრედიტაციის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ სოციალურ ქსელებს განიხილავს:

„მეორე, რითაც დისკრედიტაციას აღმოვფხვრით, ეს არის სოციალური ქსელების მეშვეობით რეკლამის და იქ დახარჯული თანხების გამჭვირვალება და უკეთესი მონიტორინგი. ამ მიმართულებით კანონპროექტში არაფერია. მესმის, რომ ეს რთულია და ახალია, მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით უკვე არსებული საკმაოდ კარგი რეგულაციების გავრცელება სოციალურ ქსელებზეც. უბრალოდ, საჭირო იქნება შესაბამისი უწყებები სათანადოდ მოემზადონ და მონიტორინგი გაუწიონ ამ დანახარჯებს.

დისკრედიტაციის მთავარი ისნტრუმენტი იყო „ფეისბუკზე“ სხვადასხვა გვერდების მეშვეობით უამრავი დასპონსორებული კონტენტის გავრცელება, რაზეც ძალიან დიდი თანხა იხარჯება და არავინ იცის, ვინ იხდის ამ თანხებს.

ამის გამჭვირვალების ნაცვლად, შემოდის რეგულაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს შერჩევითად“.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი პოზიტიურად თვლის ე.წ. „ტექნიკური კანდიდატების“ მიერ უფასო სარეკლამო დროის სხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის გადაცემის საკითხის დარეგულირებას, თუმცა, კვლავ უბრუნდება საარჩევნო რეკლამის შინაარსის ნიუანსებს და პრობლემურად აფასებს ანტირეკლამის რეგულაციის მცდელობას. პროექტის თანახმად, ანტირეკლამა შეიძლება შეადგენდეს საარჩევნო რეკლამის მხოლოდ ერთ მეოთხედს:

„ჩვენი კანონმდებლობით ანტირეკლამა დაშვებულია როგორც საარჩევნო აგიტაციის ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ აქ არის მცდელობა ანტირეკლამის ზღვრებში ჩასმის. აქაც ჩანს რა ინტერესია - ანტირეკლამას ხშირად იყენებს ოპოზიცია, რომ ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინოს. მათ შორის, გასულ არჩევნებზე ანტირეკლამა ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ორივე მხრიდან. ახლა არის მცდელობა ამის დარეგულირების“.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მიხედვით:

„მაუწყებელს ეკრძალება განათავსოს ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ისეთი წინასაარჩევნო რეკლამა, რომლის შინაარსიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“.

„რას ნიშნავს „აშკარად“?“, - კითხულობს მიხეილ ბენიძე :

„ჩემი და თქვენი აღქმა შეიძლება იყოს განსხვავებული. გამოდის, როცა პარტიას მოაქვს რეკლამა მაუწყებელში, მის კონტენტზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მაუწყებელმა. ეს ცოტა გაუგებარია. თუ ის კანონს ეწინააღმდეგება, პარტიამ უნდა აგოს პასუხი და არა მაუწყებელმა. ასეთი ფორმულირება გვიქმნის მაუწყებლების ჩარჩოში მოქცევის, ან მათი შეზღუდვის შთაბეჭდილებას.

გამოდის, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუძლია სანქციები დაუწესოს მაუწყებლებს, მათ შორის - შერჩევით.

მგონია, რომ ასეთი ფორმულირებები არ არის შემთხვევით მოხვედრილი პროექტში. ეს ერთი ხაზის ნაწილია, რომელიც სწორედ გამოხატვას არეგულირებს, ერთგვარი ცენზურა შემოაქვს და 2020-ის ფარგლებში შეიძლება ვნახოთ გარკვეული სახის ცენზურა და გარკვეული სახის სადამსჯელო ღონისძიებები კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მაუწყებლების მიმართ“.

მიხეილ ბენიძე ლაპარაკობს აგრეთვე ბლოკების საკითხზე. ის ფიქრობს, რომ ვიდრე ქვეყანას არ აქვს სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარების ტრადიცია და პარტიები არ არიან სტრუქტურულად განვითარებული, ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი პარტიების ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა არ არის მართებული. სხვა საკითხია, რომ ბლოკებად გაერთიანებას თავისი მანკიერი მხარეებიც აქვს და ის საჭიროებს დარეგულირებას:

„ბლოკების საკითხი ცოტა უფრო კომპლექსურია. არასამთავრობო სექტორსაც გვქონდა ბლოკებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები. ბლოკებს აქვს სხვადასხვა მიზანი. ერთია პოლიტიკური ხასიათის, რასაც უნდა ემსახურებოდეს წესით ბლოკი, როგორც მსგავსი პოლიტიკური პლატფორმის გარშემო გაერთიანება, მაგრამ, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში ბლოკების გამოყენება ჩვენი წარსული გამოცდილებით ხდებოდა ამასთან ერთად სხვა სარგებლის მისაღებად, როგორიცაა: ერთი მხრივ დაფინანსების გაბევრება; მეორე მხრივ, მეტი საეთერო დროის დასაკუთრება.

მიგვაჩნდა, რომ ასე გამოყენება ბლოკების, ამ შესაძლებლობით მანიპულაცია იყო. თუმცა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ გააუქმა ბლოკების შესაძლებლობა. ჩვენ ვთვლიდით, რომ ბლოკები პოლიტიკურ ნაწილში უნდა დარჩენილიყო. ჩვენ რომ გვქონდეს სრულად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების გარკვეული ტრადიცია და პარტიული სტრუქტურები ჩამოყალიბებული იყოს, შეგვეძლებოდა თქმა, რომ ბლოკების არსებობა საერთოდ არ არის საჭირო“.

მიხეილ ბენიძე პოზიტიურად აფასებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც პარტიების დაფინანსებას შეეხება და ითვალისწინებს შემდეგს:

„პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 მიღებული თითოეული ნამდვილი ხმისთვის - 15 ლარის, შემდგომი 150 000 თითოეული ნამდვილი ხმისთვის - 10 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი ნამდვილი ხმისთვის - 5 ლარის ოდენობით“.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც წლებია ISFED-ი და პარტნიორი ორგანიზაციები ამახვილებენ ყურადღებას, არის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. მიხეილ ბენიძე ინტერვიუში სინანულით აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის მიმდინარე პროცესი შეიძლებოდა ამ მიმართულებითაც ყოფილიყო გამოყენებული:

„გრძელვადაიანად არასამთავრობო ორგანიზაციები ვლაპარაკობთ ჭეშმარიტად პროფესიულ სისტემაზე გადასვლაზე და ვიცით, რომ ეს უცებ ვერ მოხდება. 2020-ის არჩევნები შეიძლება იყოს ის კარგი საწყისი წერტილი, საიდანაც შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დაკომპლექტებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა დავიწყოთ. თუ ეს იქნება პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტი, რომელიც წესით არ უნდა იყოს ერთი პარტიის მიერ დომინირებული, მაშინ გაჩნდება საშუალება, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების საფუძველზე შედგეს არა პარტიული ინტერესით, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია“.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ბენიძე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე