„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ჩიხური, კრიზისული ვითარება შეიქმნა, როცა უმთავრესი როლი საზოგადოებას ენიჭება:
„არც არასამთავრობო სექტორს და არც საერთაშორისო საზოგადოებას ისეთი როლი არ აკისრიათ, როგორიც ქართველ ხალხს. სამწუხაროდ, იმ ეტაპზე ვართ, როცა ჩვენი ხელისუფლება რეაგირებს მხოლოდ მასშტაბურ პროტესტებზე და ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლაზე. ეს არ არის კარგი დემოკრატიისთვის. ასეთი პროცესი ჩვენ არ გვინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა გზა არ არის. ამ რეჟიმში ვართ.
მაგრამ, იმდენად დიდი უნდობლობაა, რომ ხვალვე ინიცირება რომ მოახდინოს მმართველმა პარტიამ იგივე ან მცირედ სახეცვლილი კანონპროექტის (ამას ხომ რაღაც ვადებიც სჭირდება), არ ვიცი ქართულ საზოგადოებას ექნება თუ არა ნდობა იმისა, რომ იმავე სცენარს არ გაითამაშებს ხელისუფლება“.
მიხეილ ბენიძის შეფასებით, გაშვებულია ვითარების უმტკივნეულოდ გაუმჯობესების საუკეთესო შანსი:
„საკმაოდ ჩიხური ვითარება შეიქმნა და ეს ყველასთვის ცხადია არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რადგან კანონპროექტი, რომელიც გუშინ განიხილებოდა, წარმოადგენდა ძალიან კარგ და ალბათ, ბოლო შესაძლებლობას იმისა, რომ უმტკივნეულოდ მომხდარიყო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. ახლა ყველა შემთხვევაში კრიზისული ვითარებაა და თუ რაიმე ნაბიჯები გადაიდგმება, ეს ნაბიჯები უნდა იყოს სწორედ კრიზისის განმუხტვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები. შესაძლებელია ახალი კანონპროექტის ინიცირება - მსგავსის ან მცირედ მოდიფიცირებულის და დაჩქარებულ ვადებში მისი მიღება“.
ISFED-ის ხელმძღვანელის აზრით, პროცესი დაგეგმილი იყო და ამას ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილიც, რომელიც კენჭისყრიდან ძალიან მოკლე დროში გამოქვეყნდა:
„შეუძლებელია ორ საათში დაეწერათ და გაემართათ ეს ტექსტი. ვიცით ჩვენ განცხადებების წერას და მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება. ესეც წინასწარ დაგეგმილი მგონია“.
მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება ძალიან აზიანებს ნდობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელი პარტნიორებისას:
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაიჯერონ ჩვენი მთავრობის განცხადებები იმავე მათ ერთგულებასთან დაკავშირებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა, როცა მათ ძალიან მკაფიო მაგალითი აქვთ რომ ისინი დაპირდნენ საზოგადოებას და არ შეასრულეს“.
„დილის საუბრების“ სტუმარი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო პროცესისადმი საზოგადოების უნდობლობა ქვეყანას აზარალებს:
„ნდობაა დაკარგული საპარლამენტო პროცესისადმი და შესაბამისად ვხედავთ ქუჩის პროტესტს, სხვა რადიკალურ ფორმებს, რაც არ სჭირდება ამ ქვეყანას. მას სჭირდება სტაბილურობა, ერთად მუშაობა იმისთვის, რომ რეფორმების გზით დავუახლოვდეთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახს. სამწუხაროდ, ვრჩებით და ვტრიალებთ იმავე მანკიერ წრეზე“.
Your browser doesn’t support HTML5