მიწისქვეშა თბილისი - რა იმალება დედაქალაქის სიღრმეში

გათხრები დიდუბის პანთეონთან

ბოლო წლებში თბილისში ქუჩის რემონტი ისე არ ჩაივლის, მიწაში არქეოლოგიური ნაშთები არ აღმოაჩინონ. კერამიკა, სამარხები, ადამიანის ძვლები... არქეოლოგები ამბობენ, რომ დღევანდელი თბილისის ტერიტორიაზე ადამიანები მინიმუმ 6 ათასი წლის წინ დასახლდნენ, ამიტომ ქალაქის ქვეშ ბევრი საინტერესო რამ იმალება.

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიასთან ტერიტორია ფერადი ლენტებით არის შემოფარგლული. არქეოლოგები აგურის სარკოფაგებიდან ხის სასახლეების ნაშთებს იღებენ. ორმოს გარშემო ხალხია თავმოყრილი. ერთმანეთს ელაპარაკებიან, ცდილობენ გამოიცნონ, საფლავები დიდგვაროვნებს ეკუთვნოდა თუ უბრალო ხალხს.

თაღოვანი აკლდამა

რამდენიმე დღის წინ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას წერეთელზე IX-XX საუკუნეების 12-მდე სამარხი იპოვეს. ხის სასახლეები აგურის თაღოვან აკლდამებშია მოთავსებული. იპოვეს ძვლებიც. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ აქ საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან დამარხული - დიდუბის ეკლესიასთან ადრე სასაფლაო იყო.

„თაღოვანი გადახურვის, აგურებით ნაშენი საფლავებია, თითქმის თორმეტივე დაზიანებული. საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ გაუთხრიათ და, როგორც ჩანს, მაშინ ყურადღება არ მიაქციეს. ძვლების ფრაგმენტებიც არის. როდესაც ამ ნაშთებს შევისწავლით, მათ ერთ საფლავში გადავასვენებთ, წესი აეგება და გზის მშენებლობა გაგრძელდება“, - ამბობს მერაბ ძნელაძე, არქეოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელი.

Your browser doesn’t support HTML5

გათხრები დიდუბის პანთეონთან

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ძველი სასაფლაო ეკუთვნოდა, ისტორიულ წყაროებში მე-12 საუკუნიდან ჩნდება. მიიჩნევა, რომ აქ თამარ მეფემ დაიწერა ჯვარი. ძველი ტაძარი არ შემორჩენილა. მის ადგილას მე-19 საუკუნეში ახალი ეკლესია ააშენეს, რუსულ სტილში, რასაც მისი მომრგვალებული გუმბათი მოწმობს. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სასაფლაო მოგვიანებით პანთეონად გადაკეთდა. ამაზე ზრუნვა 1893 წელს დაიწყეს, როდესაც განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი გადმოასვენეს. ამავე წელს გარდაიცვალა ალექსანდრე ყაზბეგიც, უნდოდათ ისიც თბილისში დაეკრძალათ.

„დიდუბის პანთეონი უფრო ძველია, ვიდრე მთაწმინდა. იქ ბევრი ცნობილი ადამიანია დაკრძალული. პანთეონი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაკვეთით გაკეთდა. დავით სარაჯიშვილმა დადო ფული მიწის შესაძენად, - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ლევან თქათაქიშვილი, - 1938 წელს საბჭოთა მთავრობამ გამოაცხადა, რომ პანთეონი არ სჭირდებოდათ, რადგან იქ ძალიან ბევრი ანტისაბჭოთა ადამიანი იყო დაკრძალული. მაგალითად, მიაჩნდათ, რომ სარაჯიშვილი, როგორც მეწარმე, ხალხს სისხლს წოვდა და ამიტომ უნდა გადაესვენებინათ, მისცეს დრო და გადაასვენეს. ამ დროს ანდერძი დატოვა მან, რომ დიდუბეში დაეკრძალათ“.

თბილისი იმ იშვიათ ქალაქებს შორისაა, რომელმაც დედაქალაქის, ცენტრალური ქალაქის სტატუსი საუკუნეები შეინარჩუნა. ამ დროის განმავლობაში თბილისი ბევრჯერ დაარბიეს და გადაწვეს. ქალაქის სტრუქტურა მშვიდობიან დროსაც იცვლებოდა, ამიტომ ბევრ რამეს, რაც არქეოლოგებისთვის ძალიან საინტერესოა, მიწა ფარავს. გათხრები შეუძლებელია, ამ მიწაზე სახლები დგას, ქუჩები გადის.

„თბილისს საცხოვრებლად ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. თბილისში 6 ათასი წლის წინათაც ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ მეტისაც, მაგრამ არქეოლოგიური ნაშთები მხოლოდ ამ დრომდეა ნაპოვნი. ამ პერიოდიდან დღემდე თბილისი მუდმივად დასახლებული იყო. თბილისზე გადიოდა აბრეშუმის გზა, ვინც თბილისს ფლობდა, ის ფლობდა კავკასიას. რამდენი ქალაქი იცით რომისა და ათენის გარდა, რომელიც დღესაც დედაქალაქია. ბევრი ძველი ქალაქი დღეს უკვე აღარ არსებობს. თბილისს სასწაული ისტორია აქვს. თუნდაც დიდუბეში ბრინჯაოს ხანის ექსპონატებია აღმოჩენილი“, - ამბობს მერაბ ძნელაძე.

Your browser doesn’t support HTML5

გადარჩენითი სამუშაოები - არქეოლოგია მეგაპოლისისთვის

რა შეიძლება იპოვო თბილისის ქვეშ? 2021 წლის ივნისში ათონელის N9-ში პირმა, რომელსაც შენობის სარდაფი კერძო საკუთრებაში ჰქონდა, საძირკვლის თხრა დაიწყო. შენობის ზედა სართულებზე ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი იყო განლაგებული. მეცნიერები პირდაპირ ფანჯრებიდან ხედავდნენ, როგორ ამოჰქონდა სამშენებლო ტექნიკას კერამიკის ნამტვრევები და ძველი აგურის კედლის ნაშთები, ერთხელ ადამიანის ძვლებსაც გადააწყდნენ.

ასევე ნახეთ სადავო მშენებლობა ჩუბინაშვილის ცენტრთან 

2015 წელს თბილისის ცენტრში არქეოლოგებმა ანტიკური ხანის (II-III საუკუნეების) აბანო აღმოაჩინეს, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა. აბანოს გარდა აღმოჩენილია მარანი, ქვევრები და სხვადასხვა ჭურჭელი.

Your browser doesn’t support HTML5

აღმოჩენა აბანოთუბანში

2012 წელს, პუშკინის ქუჩაზე, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თბილისის გალავნის ნაწილი, რომლის სიგრძე 110 მეტრია. გალავანს ისტორიკოსები მე-11–მე-13 საუკუნეებს მიაკუთვნებენ. აღმოჩენილია ასევე ხუთი კოშკი, მათ შორის - ორი დიდი გოდოლი. მერაბ ძნელაძემ მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ როცა რუსეთმა საქართველო დაიპყრო, თბილისის მთელი საფორტიფიკაციო სისტემის განადგურება უნდოდა. შესაბამისად, კოშკები და გალავანიც დაანგრიეს. ეს გალავანი ერთ დროს მთელ მაშინდელ თბილისს ეკრა გარს, ჰქონდა შესასვლელი, ე.წ. დიღმის კარი.

ღია სივრცე „კავკასიას“, კულტურული მემკვიდრეობის პროგრამის ხელმძღვანელი სულხან სალაძე იმასაც იხსენებს, რომ წმინდა გიორგის ძეგლის აღმართვისას თავისუფლების მოედანზე ძველი ქარვასლისა და ოპერის ნაშთებსაც გადააწყდნენ. ამიერკავკასიის პირველი ოპერა, მე-19 საუკუნეში სწორედ ამ ადგილას მდებარეობდა.

ის იხსენებს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასაც. 2019 წელს აქ მე-10 საუკუნის კერამიკული ჭურჭელი იპოვეს.

ვიცოდით, რომ ქალაქის ეს ნაწილი გაშენებული იყო უფრო ძველ უბანზე, ერეკლეს დროინდელზე ან კიდევ უფრო ძველზე, არტეფაქტებიც ამაზე მეტყველებს, - ამბობს სულხან სალაძე, - ძველ თბილისში ფეხით რომ სეირნობ, მაშინაც ხედავ, რომ სახლების ნაწილი მიწაშია მოქცეული. ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს მიწისქვეშაა. თბილისი მართლაც მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით, ბევრი რამ კიდევ დაფარულია და დიდი აღმოჩენები წინ გველოდება“.